ვაშაძემ ევროპულ საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმება დაარღვია

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ “ყველა უბედურება, დანაშაული და შეცდომები იმ ადამიანების გაკეთებულია, რომლებმაც ენმ დატოვეს და შემდეგ “ევროპული საქართველო” დააარსეს. ამის შესახებ ვაშაძემ კახეთში, სოფელ ხოდაშენში ამომრჩელევთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძე გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საუბრობდა, სადაც ქუთაისის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს და “ევროპული საქართველო” სწორედ ამ კონტექსტში ახსენა. მისი თქმით, ქუთაისში “ქართულმა ოცნებამაც” და ევროპულმა საქართველომაც ბევრი ფული დახარჯეს.

“შარშან მე ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება ქუთაისში, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს… მაგრამ არც ვიცი, რა ვუთხრა, ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მათი გაკეთებულია და ახლა პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ ხალხს დაავიწყდება, ეს უბედურება ვისი გაკეთებულია, ეს შეცდომები და დანაშაული… ეგენი და ქართული ოცნება. მათ ფული დახარჯეს… მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური…”, – განაცხადა ვაშაძემ და თქვა, რომ ასეთ გაყალბებულ “კლოუნადაში” მონაწილეობა შეუძლებელი იყო.

საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმება ბრიუსელში გაფორმდა მიმდინარე წლის ივლისში. ვაშაძე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრია.

ენმ-სთან 3-პუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი – უგულავა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com