ახალი ამბები

ადგილობრივების თქმით, ხაიშში გზა გაიხსნა,უახლოეს მომავალში კი მათ ლევან დავითაშვილი შეხვდება

26 ივლისი, 2018 • 1339
ადგილობრივების თქმით, ხაიშში გზა გაიხსნა,უახლოეს მომავალში კი მათ ლევან დავითაშვილი შეხვდება

ადგილობრივების თქმით,  ხაიშში შეხვედრა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დასრულდა. როგორც ნეტგაზეთს გარი ჩხვიმიანმა უთხრა, ამ დროისთვის გზა გახსნილია.

“შეხვედრა დასრულდა. გზა გაიხსნა, როგორც ასეთი. გვითხრეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვა და ჩვენ მასთან შეხვედრა გვექნება. თუმცა ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები მიიღეს. ამ წუთისთვის დაძაბულობა მოსახლეობაში მოიხსნა,” – გვითხრა მან.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ მათი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!
  • ომბუდსმენის აპარატში განგვიცხადეს, რომ ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას, ხოლო დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო.
  • პოლიციელის მიერ გადატენილი იარაღის ადგილობრივისთვის შუბლზე მიბჯენის შესაძლო ფაქტზე გენისპექციას მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოფიციალურად არავის განუცხადებია ეს.
  • პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. პრემიერის მრჩეველი კი ამბობს, რომ რბილი მიდგომა აქვთ სვანეთში ხე-ტყის მოპოვებაზე, რადგან ალტერნატიული წყარო მოსახლეობას არ გააჩნია.
  • მწვანე ალტერნატივა სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. ორგანიზაცია გაუგებრად მიიჩნევს, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი