ახალი ამბებიკომენტარი

პოლიციამ ჭუბერელს იარაღი მიაბჯინა შუბლზე… გადავრჩით სისხლისღვრას – ზურაბ ნიჟარაძე

26 ივლისი, 2018 •
პოლიციამ ჭუბერელს იარაღი მიაბჯინა შუბლზე… გადავრჩით სისხლისღვრას – ზურაბ ნიჟარაძე

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებლი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე ნეტგაზეთთან საუბრობს დღეს, 26 ივლისს, სვანეთის სოფლებში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ფინანსური პოლიცია ხე-ტყის უკანონო მოპოვების აღკვეთის მოტივით შევიდა.

ზურაბ ნიჟარაძის ინფორმაციით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს:

“ამაზე განერვიულდა იქ ყველა და კიდევ კარგი, ისევ ადგილობრივს დახმარებით გაარიდეს ის იქიდან… საბედნიეროდ, არაფერი მოხდა და ქართველებმა კიდევ ერთხელ არ დავხოცეთ ერთმანეთი. დაკავებით არავინ დაუკავებიათ.”

დაპირისპირების შემდეგ ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანეს. ამჟამად ხაიშის ცენტრი გადაკეტილია, სადაც დაახლოებით 200 ადგილობრივი და გაცილებით მეტი სამართალდამცველი იმყოფება.

“გაჩერებულია ტრანსპორტი, მათ შორის, ტურისტებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც. ხაიშის ცენტრში გზა არის გადაკეტილი. არაოფიციალური წყაროებით გვაცნობეს, რომ სპეცრაზმი მოდის სვანეთისკენ. მოვიდნენ და დავხვდებით ბოლომდე. ჩვენ გვინდა საქმის მშვიდობიანად მოგვარება და ამ დროს გვეუბნებიან, რომ ავტობუსებით შემოჰყავთ სპეცრაზმი. მოსახლეობის რაოდენობა მატულობს. ახლა დაახლოებით 200 ადამიანი ვდგავართ აქ და კიდევ გროვდება ხალხი,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზურაბ ნიჟარაძემ.

ხაიშის სკოლის მასწავლებელი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას შეეშვან:

“ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მოყვანაშიც 2012 წელს უდიდესი წვლილი მეც მიმიძღვის. მაშინ, ვინც ჩვენ გვაბეზღებდა და სუს-ის კაბინეტში შეჰქონდა დასაჭერთა სიები, ერთ-ერთი მეც ვიყავი. დღეს ეს ხალხი კვლავ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ჩვენ განზე დავრჩით. მავნებლები შემოიკრიბეს გარშემო, ხოლო მავნებელი ყოველთვის მალავს პრობლემას და პრობლემის არსს. ამის გამო მივედით აქამდე.”

ზურაბ ნიჟარაძე

ზურაბ ნიჟარაძე საუბრობს იმ მიზეზების შესახებაც, თუ რის გამოა სვანეთში ხალხი ასე ნეგატიურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, ადგილობრივები 6 წელზე მეტია უშედეგოდ იხვეწებიან, მიეცეთ ალტერნატიული განვითარების საშუალება – სოფლის მეურნეობის და ტურიზმის.

“სხვადასხვა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა იყო, მაგრამ ყველა პროექტი შეაჩერეს. სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შევხვდი თავის დროზე, გარემოს დაცვის მინისტრსაც და სულ დავდიოდი ასეთ შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი ვარ, მიწასაც ვამუშავებ. ვიხვეწებით სოფლის მეურნეობის პროექტების გაკეთებას ქვედა დონის სოფლებისთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მთავარი მიმწოდებელი იმ ადგილებისთვის, სადაც ტურიზმია განვითარებული, მაგრამ გვეუბნებიან, რომ აქ ტურიზმია პრიორიტეტი და ამიტომ სოფლის მეურნეობას ვერ დავაფინანსებთო. დავაფინანსებთ საოჯახო ტურიზმს, სასტურნოების ბიზნესს და ა.შ

ფაქტობრივად, ჩამკვდარია აქ ყველაფერი და არანაირი ხელშეწყობა ხდება. მოსახლეობა იხვეწება, ხე-ტყის მოპოვების ნაცვლად სხვა რამით დაასაქმონ… აგერ მარმარილო და ათასგვარი საშუალებაა. მაინცდამაინც ჰესები, ოქროს წარმოება და ა.შ. მხოლოდ ხე-ტყე უნდა ჩაიკეტოს. ამ სამს იქით ვერ გავედით,” – აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.

ზურაბ ნიჟარაძე წლებია თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, რაც გარემოს დაცვასა და ჰესების აკრძალვას ეხება:

“ადრე ადგილობრივი გამგეობის ერთ-ერთმა “ჭკვიანმა” მითხრა, რატომ დადიხარ ასეთი ტიპის აქციებზეო. უნდა ილოცონ, მე და ჩემნაირები დავდივართ, რომ შეუქცევადი პროცესები არ წავიდეს. ხედავთ, რომ განვითარდა უკვე თითქმის – გზა არის ახლაც გადაკეტილი ხაიშის ცენტრში და ელოდებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გაიბერტყავენ ყურს, თუმცა დიდი მოლოდინი მათთან შეხვედრის შემდეგაც არ არის.”

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”

პრემიერი: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი