“ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში”, – ეს კომენტარი დღეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სოზარ სუბარმა სვანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა.
რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას მასშტაბური ხასიათი აქვს და სწორედ ამ მასშტაბურობის გამო სახელმწიფოს რბილი მიდგომა აქვს ამ რეგიონში:
“სამწუხაროა, რომ ეს არის ცხოვრებს წესი. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ამას ასეთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, ამიტომაც არის, რომ შედარებით რბილი მიდგომა არის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონები ვერ იმოქმედებს სხვადასხვა ადგილზე. ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა შემოსავალი ალტერნატიული არის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში”, – თქვა სუბარმა ტელეკომპანია “პირველთან” პირდაპირი ჩართვისას.
მისი თქმით, დაკავებები 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა, თუმცა სვანეთში არავინ დაუკავებიათ:
“ერთდროულად 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაიწყო ერთობლივი ღონისძიებები. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, მოგეხსენებათ, არის დანაშაული და დანაშაული არა უბრალოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, არამედ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამის აღსაწერად შედიოდა იქ ფინანსური პოლიცია, არაფერი განსაკუთრებული მიზანი არ ჰქონია.
დაკავებები მოხდა სხვა ადგილებში. ამ ორ სოფელში არანაირი დაკავება არ მომხდარა. არანაირი ამის განზრახვა და მცდელობა არ ყოფილა. მე დილიდანვე ავუხსენი მოსახლოებას, თუმცა მოსახლეობა მაინც დაძაბულია. მე მინდა პირადად შევხვდე და ავუხსნა მათ, რომ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის მიმართული იქითკენ, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ნებისმიერი საქმიანობა უნდა მოვაქციოთ კანონის ფარგლებში”, – ამბობს სუბარი.
სოზარ სუბარის თქმით, თავად მიემგზავრება სვანეთში, რათა მოსახლეობას შეხვდეს.
- დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
- დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.
- ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”
- ხაიშის მასწავლებლის თქმით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა.