ახალი ამბებისაზოგადოება

გახარიას 10 კრიზისი

3 სექტემბერი, 2019 • 4418
გახარიას 10 კრიზისი

მედიაში წინა კვირას გავრცელებული ცნობები გამართლდა – ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მანამდე მან თითქმის 1 წელი და 10 თვე დაჰყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.

გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს თან სდევდა არაერთი სირთულე და კრიზისი, რასაც ხშირ შემთხვევაში თან ახლდა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რა დროსაც მოქალაქეები მის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დღის წესრიგში 20-21 ივნისის აქციების დარბევის შემდეგ დადგა, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, რამდენიმე ასეულმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

“ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ კრიზისულ ეტაპებს გიორგი გახარიას მინისტრობიდან.

ზვიად რატიანის საქმე

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად 1 თვის დანიშნული იყო, როცა თბილისში პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი კი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს პირდაპირ ეთერში უჩვენა და განმარტა, რომ ეს ვიდეო შსს-დან გამოითხოვეს და მიიღეს კიდეც. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რატიანის მადისკრედიტირებელი ვიდეო საკუთარი ვებპლატფორმიდან წაშალა.

პროკურატურა 1 წელზე მეტია, ვერ ადგენს, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას რატიანის შემთხვევაში. რაც შეეხება თავად პოეტს, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ საქმეზე უკვე მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. სარჩელში ორგანიზაცია პოეტისადმი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. რაც შეეხება გახარიას პოზიციას: ზემოაღნიშნული ვიდეოს გავრცელება მან “არასასიამოვნო მომენტად” შეაფასა, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, რომ რატიანის მიმართ პოლიციის მიერ “ჩატარებულ ღონისძიებებს არცერთი წუთით არ ნანობს”.

სპეცოპერაცია თბილისის კლუბებში და ცნობილი “ბოდიში”

2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ პოპულარულ კლუბში – “გალერისა” და “ბასიანში” -სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად შევიდა. შსს-მ მეორე დილით განაცხადა, რომ ოპერაციისას ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ აღნიშნა, რომ ამ 8-დან კლუბის ტერიტორიაზე მხოლოდ 1 პირი აიყვანეს.

კლუბებში სპეცოპერაციებს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ, მრავალათასიანი აქციები მოჰყვა. აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებდნენ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, შსს ამ პოლიტიკას თავისუფალი სივრცეების შესავიწროვებლად იყენებდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვდნენ პასუხს, რა საჭირო იყო კლუბებში ამ მასშტაბის ოპერაციის ჩატარება და შენობებში სპეცრაზმის შეყვანა, როცა ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით პირთა უმრავლესობა კლუბების გარეთ დააკავეს.

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” ბასიანის მოვლენების შემდეგ. 12 მაისი, 2018. ფოტო: მიხეილ გვაძაბია / ნეტგაზეთი

აქცია თბილისში მეორე დღეს, 13 მაისსაც გაგრძელდა, თუმცა რუსთაველზე გამოჩნდნენ კონტრდემონსტრანტებიც – ძირითადად, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც სპეცოპერაციების საწინააღმდეგო აქციის ჩაშლას ცდილობდნენ. მათ შორის სპეცრაზმი ჩადგა. ამავე დღეს, საღამოს, გიორგი გახარიამ ბოდიში მოუხადა გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს. აქციის ორგანიზატორებმა კი რუსთაველზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს, რადგან, მათივე განმარტებით, შსს უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლეოდა და არსებობდა კონტრდემონსტრანტებთან დაპირისპირების საფრთხე.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ სპეცოპრაციებიდან 1 წლისთავზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ ამ მოვლენებზე „ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული“. აქტივისტებმა კი მოვლენათა წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ბანერები გამოფინეს.

დაპირისპირება ჭუბერსა და ხაიშში

2018 წლის 26 ივლისს ვითარება სვანეთში, კერძოდ, ხაიშსა და ჭუბერში დაიძაბა, სადაც ჯერ ფინანსური პოლიცია შევიდა, მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ კი ასობით პოლიციელი და სპეცრაზმი. ოფიციალური საბაბი იყო ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვება-გასაღების აღკვეთა. დამატებითი ძალების შეყვანა შსს-მ უსაფრთხოების ზომებით ახსნა, ფინანსთა სამინისტროში კი ამბობდნენ, რომ სპეცრაზმი მოსახლეობის მხრიდან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შემდეგ მობილიზდა.

“მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვხოცეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!” – ამბობდნენ ადგილობრივები. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ ისიც თქვა, რომ პოლიციელმა გადატენილი იარაღი მიაბჯინა შუბლზე.

მთავრობაში მიღებულ ზომებს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლით ხსნიდნენ, თუმცა კრიტიკოსები ოპერაციის მასშტაბების არაპროპორციულობაზე მიანიშნებდნენ. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” გაუგებრად მიიჩნევდა, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა საქმეზე ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს. სახალხო დამცველი კი ამბობდა, რომ მოსახლეობამ ხელისუფლების ქმედებები პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო რეგიონში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიის ფონზე.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს ორი არასრულწლოვნის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, იმ დროისათვის უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი სარალიძე.

განაჩენს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობის დასრულების შემდეგაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დასკვნები მოამზადეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა “ევროპულმა საქართველომ”.

2018 წლის სექტემბრიდან ზაზა სარალიძემ აქციები პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად განაახლა, კვლავ ეფექტური გამოძიების მოთხოვნით. გამოძიების ხარვეზებზე საუბრობდნენ სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიები და სხვები. სარალიძეს პოლიცია პერიოდულად ხელს უშლიდა პროტესტის კონკრეტული ფორმით გამოხატვასა და კარვის გაშლაში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს სარალიძის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო კარვის საკითხზე დაპირისპირებისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, სააპელაციომ სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა დავით სარალიძე. ამავე წლის ივლისში კი სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი ახალგაზრდა – მიხეილ კალანდია დააკავეს.

მარიხუანის კულტივაციის გაწვეული კანონპროექტი

გასული წლის სექტემბერში, მთავრობის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სამედიცინო ექსპორტისთვის მარიხუანის კულტივაცია დასაშვები ხდებოდა.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო. როგორც ივანიშვილმა სამ ტელეწამყვანთან ინტერვიუში აღნიშნა, მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შევიდეს.

თუმცა კანონპროექტს მოჰყვა საზოგადოების ნაწილისა და საპატრიარქოს კრიტიკა, რის შემდეგაც პარლამენტმა კანონპროექტი შეაჩერა.

საბოლოოდ, გადამწყვეტი, სხვა არაერთი შემთხვევის მსგავსად, საპატრიარქოს პოზიცია აღმოჩნდა: შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ და პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევდა.

არჩევნები ზუგდიდში, ბრალდებები “მაყურებლებზე” და ია კერზაიას საქმე

გასული წლის ნოემბერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებდა, რომ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ე.წ მაყურებლები (გარკვეული ტერიტორიის მაკონტროლებელი პირები), კანონიერი ქურდები და მათი ახლობლები “გაააქტიურა არჩევნების მეორე ტურზე ზემოქმედების მიზნით”.

ოპოზიცია ერთ-ერთ “მაყურებლად” 2007 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაპატიმრებულ და 2012 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლებულ ხვიჩა ცხაკაიას ასახელებდა. ენმ აღნიშნავდა, რომ მას გამოუყვეს ავტომანქანა “რენჯროვერი”, საგანგებოდ დაუბურეს მანქანის ფანჯრები სპეციალური ნებართვის საფუძველზე და იგი ამ ავტომობილით გადაადგილდებოდა, მოსახლეობას თანხას ურიგებდა “ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ და აშინებდა კიდეც მათ.

გახარიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება ე.წ ქურდული  სამყაროს წარმომადგენლებთან კავშირზე და თქვა, რომ ზემოხსენებული “საერთოდ არ იძებნება ზუგდიდში”.

აღნიშნულ მოვლენებს დაერთო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა. თუმცა მისი შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

საქმეს 23 აგვისტომდე პროკურატურა იძიებდა. სწორედ ამ დღეს უწყებამ გამოძიება “დანაშაულის არარსებობის” გამო შეწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, დედის გარდაცვალებაზე კი პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც განათლების მინისტრ ბატიაშვილს, ისე გახარიას. მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარია იყო დავალების მიმცემი, შემოწმებულიყო მეექვსე სკოლა.

შეტაკებები პანკისში

21 აპრილს პოლიცია და ადგილობრივები პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

შედეგად, დაშავდნენ როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩავიდა გახარიაც, რომელმაც ადგილობრივებს ასე მიმართა:

“რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც საუბარი შეიძლებოდა… ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?”

ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლეობის 90% მაინც არ დაუჭერს მხარს. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებდნენ ხეობას.

მომხდარიდან რამდენიმე კვირაში გახარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების წინაშე თქვა, რომ სპეცრაზმი პანკისში საერთოდ არ ყოფილა და მოვლენებს არც სპეცოპერაციის ფორმა ჰქონია. მისი თქმით, არეულობის ფონზე იქ მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გაგზავნეს.

ხაზარაძის ბრალდება გახარიას მუქარის წერილზე

კიდევ ერთი ბრალდება გიორგი გახარიას მიმართ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გაისმა. მან შინაგან საქმეთა მინისტრი მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა. წერილით, რომელშიც, ხაზარაძის თანახმად, გახარიამ მას შუამავლის ხელით გაუგზავნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”. გიორგი გახარიამ მსგავსი წერილის დაწერა და გაგზავნა უარყო, ხაზარაძემ კი ის ლონდონში გაგზავნა ექსპერტიზაზე, რომლის პასუხიც ჯერ ცნობილი არ არის.

რუსთავი 2-ის ეთერში 24 მარტს დასმულ კითხვას, უშვებს თუ არა, რომ წერილის ავტორი არა გიორგი გახარია, არამედ ვინმე სხვა შეიძლება ყოფილიყო, ხაზარაძემ უპასუხა: “ყოველ შემთხვევაში, ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, თუ ვიღაცა კარნახობდა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ მაქვს”.

დაუცველი პრაიდი

2019 წლის 17-23 ივნისს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე. ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. აღნიშნულის საპასუხოდ ღონისძიების ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს, რის შემდეგაც შენობის მიმდებარე ტერიტორია რადიკალურმა ჯგუფებმა დაიკავეს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეთაურობით. პრაიდის აქტივისტებს მხოლოდ კიბეზე მიეცათ აქციის ჩატარების უფლება, პოლიციამ კი ვერ შეძლო, აღეკვეთა შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები კონტრაქციის წევრთა მხრიდან.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხიგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

დღემდე მიმდინარეობს გამოძიება ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართ, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში “სახალხო რაზმების” შექმნა დააანონსა ლგბტ თემის წევრთა წინააღმდეგ. ის მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

20 ივნისის ღამე

20 ივნისი გახარიას წინააღმდეგ პროტესტის მთავარ მამოძრავებლად იქცა. ამ ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. ჯამში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი.

აქცია პარლამენტთან. 20 ივნისი 2019 წ. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე. ფოტო: გიორგი არჯევანიძე

გიორგი გახარიამ აღნიშნული მოვლენების შემდეგ თქვა, რომ იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს თავად ხელმძღვანელობდა და ბრძანებაც მისი გაცემული იყო.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები და 20 ივნისის შემდეგ ჩამოყალიბებული მოძრაობა “სირცხვილია”, რომლებიც ჯერ აქციების, შემდეგ კი გადაცემების ფორმატში გამოხატავდნენ პროტესტს, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას 2 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ითხოვდნენ. ახლა, როცა “ქართულმა ოცნებამ” ის პრემიერის პოსტზე წარადგინა, ორგანიზატორებმა ისევ საპროტესტო დემონსტრაცია დაგეგმეს პარლამენტის წინ და აღნიშნეს, რომ მმართველ გუნდს დისკომფორტს შემდგომშიც შეუქმნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი