ახალი ამბები

მოსახლეობის აქცია ნაწილობრივ ჰესების მშენებლობას უკავშირდება – ომბუდსმენის აპარატი

26 ივლისი, 2018 • 1805
მოსახლეობის აქცია ნაწილობრივ ჰესების მშენებლობას უკავშირდება – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველი ხაიშში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ქორიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, მოსახლეობის პროტესტი ნაწილობრივ უკავშირდება ჰესების მშენებლობასაც.

როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას. დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა კი მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო.

“ოფიციალური ინფორმაცია ასეთია: სამართალდამცველები იქ შევიდნენ იმიტომ, რომ ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა იწვევს გარემოს მდგომარეობის შეცვლას და ამიტომ ხე-ტყის მჭრელი კომპანიების შემოწმებაა საჭირო. თუმცა მოსახლეობამ ეს მიიღო, როგორც ჰესების წინააღმდეგ აქციის პრევენციის ან დაშლის მცდელობა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამიტომ გამოხატეს პროტესტი,” – განმარტავს თეიმურაზ ქორიძე.

მისივე თქმით, ომბუდსმენის ოფისის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შესაბამისად, მათი ქმედებების პროპორციულობაზე საუბარი რთულია.

თეიმურაზ ქორიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი ხაიშში უკვე გაემგზავრა და მალე მივა, რაც აპარატს უფრო დეტალური შეფასების საშუალებას მისცემს. ნეტგაზეთი ახალი ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი