ახალი ამბები

“ამიერიდან აღარავინ უნდა მოკვდეს შიდსით” – ელტონ ჯონი

25 ივლისი, 2018 • 2929
“ამიერიდან აღარავინ უნდა მოკვდეს შიდსით” – ელტონ ჯონი

“როგორც მალარია, დიაბეტი და კიბო, შიდსი ისეთი დაავადება, რომლის დამარცხებაც ჯერ კიდევ ჩვენი სიცოცხლის განმავლობაშია შესაძლებელი. თუმცა ეს უკანასკნელი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება მოძველებულ დამოკიდებულებებს დაივიწყებს” – ამბობს ელტონ ჯონი CNN-თან ინტერვიუში.

როგორც 71 წლის მუსიკოსი განმარტავს, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მხრიდან ინდიფერენტული დამოკიდებულებაა. მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დაავადებულთა დიდი ნაწილი ლგბტ თემის წარმომადგენელია, ხოლო მათ მიმართ არსებული სტიგმის არსებობა მათი გადარჩენის შანსს ამცირებს.

ელტონ ჯონის თქმით, დაავადების დამარცხებისთვის მსოფლიო ლიდერების მხრიდან პოლიტიკური ნებაცაა საჭირო. როგორც ის ინტერვიუში ამბობს, UNAIDS [გაეროს პროგრამა აივ/შიდსის წინააღმდეგ] დაავადების გავრცელების აღმოფხვრას 2030 წლისთვის გეგმავს, თუმცა ეს პროგრამა უფრო წარმატებული იქნება, თუ მას ისეთი პოლიტიკური პირებიც დაუჭერენ მხარს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ან დონალდ ტრამპი.

“შესაძლოა ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტი? რატომაც არა? არცერთ სხვა დაავადების წინააღმდეგ არ შეინიშნება ისეთი მეცნიერული პროგრესი, როგორც აივ/შიდსის წინააღმდეგ. აღარავინ უნდა კვდებოდეს აივ/შიდსის გამო” ,- ამბობს ელტონ ჯონი.

როგორც ინტერვიუში ვკთხულობთ, მუსიკოსმა უკვე ჩაუშვა აივ/შიდსის საწინააღმდეგო პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 1.2 მილიარდი აშშ დოლარია. პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდა კაცებზე 24-დან 35 წლამდე და მისი დახმარებით ბენეფიციარები შეძლებენ საკუთარი აივ სტატუსის დადგენასა და მკურნალობას.

პრობლემაზე საუბრისას ჯონმა განმარტა, რომ აპირებს დაეხმაროს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის მოსახლეობას, ვინაიდან ეს ის ორი რეგიონია, სადაც აივ/შიდსით დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. სწორედ აქ, 2010 წლიდან ეს მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი