აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი “ნეტგაზეთს” ესაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე.
რუდი მიმდინარე წლის მარტში ესტუმრა ანაკლიაში მშენებარე პორტის ტერიტორიას და სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი, რომელშიც არაერთი მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიაა ჩართული, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოადგენს.
“ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიას მარტში ვესტუმრე. მოვიხიბლე იმ სამუშაოებით, რომლებიც მისი განვითარების პირველ ეტაპზე განხორციელდა. ვფიქრობ, პორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები, რომლებიც პორტის განვითარებაში არიან ჩართულნი. მაგალითად, “Conti Group” [პროექტის ფარგლებში დაფუძნებული] კონსორციუმის წევრია; კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია “SSA Marine”-ია. პროცესში მონაწილეობენ სხვა კომპანიებიც.
ასევე, ჩვენ ვზრუნავთ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებისთვის. ამერიკის სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის, მშვიდობის კორპუსი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ერთად მუშაობენ, რათა განავითარონ ადგილობრივი საზოგადოება და ხელი შევუწყოთ პროექტის წარმატებას”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.
კომპანია “Conti Group”, რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ახსენა, მუშაობის 112- წლიანი გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია 1906 წლიდან მუშაობს არაერთ ინდუსტრიაში, მათ შორის, ინჟინერიის, განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით. კომპანიის სათავო ოფისი ნიუ ჯერსიში მდებარეობს.
რაც შეეხება “SSA Marine”-ს: 1949 წელს დაარსებული კერძო კომპანია საკონტეინერო ტერმინალებში ოპერირებს. გასულ წელს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ის ანაკლიის პორტშიც იქნება წარმოდგენილი და პროექტში ინვესტიციასაც განახორციელებს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო. ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა ცხრა ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს – 7 მლნ ტონას, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონაა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა)
ქართული მედიის ნაწილი ბოლო პერიოდის განმავლობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის ნაწილი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების საგანი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილს კვირიკაშვილთან კრიტიკული კითხვები ჰქონდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პორტის მშენებლობის იდეას მხარი ღიად დაუჭირა.