ახალი ამბებიკომენტარი

„ირანში სიკვდილით სჯიან ნარკომომხმარებლებს, მაგრამ მათი რიცხვი არ მცირდება“

20 ივნისი, 2018 • 1883
„ირანში სიკვდილით სჯიან ნარკომომხმარებლებს, მაგრამ მათი რიცხვი არ მცირდება“

გიორგი ლობჟანიძე – პოეტი, მთარგმნელი:

„მომხმარებელს, თუ ის გამსაღებელი არ არის, სჭირდება სახელმწიფოსა და საზოგადოების ზრუნვა. მთავარი პრობლემა მიჯაჭვულობაა და ადამიანს უნდა დაეხმარო გათავისუფლდეს ამისგან. დასჯა არ არის გამოსწორების გარანტია.

პირადად მე არასდროს მქონია სურვილი რეალობა ილუზიით ჩამენაცვლებინა. მეც მაქვს მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება, თუმცა, მხოლოდ ლიტერატურაზე. ვინც საკუთარი თავისთვის საზიანო ნივთიერებებს მიეჯაჭვა და ცხოვრებაში საყრდენი ვერ იპოვა, მკაცრი და სასტიკი სასჯელი შედეგს ვერ მოგვცემს, რაც დაგვანახა კიდეც ამ წლების პრაქტიკამ.

ირანში, მაგალითად, სიკვდილით სჯიან ნარკომომხმარებლებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წამალდამოკიდებულთა რიცხვი არ მცირდება.

რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მექანიზმებზე, როგორ დავარეგულიროთ  ნარკოტიკის გასაღება და უნდა მოვიფიქროთ, როგორ არ მოხვდეს ნარკოტიკი ყველას ხელში, ვინც კი გასინჯვას მოინდომებს.

აუცილებელია, რომ ბავშვობის ასაკიდანვე განუმარტო ადამიანს, რას იწვევს ნარკოტიკის მოხმარება და რა რისკებთანაა დაკავშირებული წამალდამოკიდებულება. პირადად მე ნარკოტიკი არასდროს გამისინჯავს და, ვფიქრობ, ეს განაპირობა ბავშვობისდროინდელმა ერთმა გადაცემამ – იყო ასეთი ჟურნალისტი, სანდრო მამასახლისი, რომელსაც ჰქონდა გადაცემათა ციკლი „მივლინება ჯოჯოხეთში“. ეს იყო საბჭოთა სინამდვილეში მომზადებული გადაცემა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი არსით იმდენად ჰუმანური იდეით იყო მომზადებული, რომ ჩემზეც, ხუთი წლის ბავშვზეც კი მოახდინა ზემოქმედება. მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ამას ცხოვრებაში არასდროს გავეკარები-მეთქი.

ძალიან ფრთხილადაა საჭირო ბავშვებთან მსგავს თემაზე საუბარი.

აბსოლუტურად მიუღებელია ქუჩის ნარკოტესტირებები. ხშირად ჩივიან, რომ მთლად ცივილური ფორმებით არ ხდება ეს ყველაფერი. შევარდნაძის დროს ხშირად ვუცემივარ პოლიციელებს სიგამხდრის გამო, რაც ველურობად, არაადამიანობად მიმაჩნია. დამნაშავეც რომ იყოს ადამიანი, მსგავსი მოპყრობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება, მით უფრო, როცა დაუსაბუთებელი ეჭვის გამო ასე გექცევა სახელმწიფო“.

______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“
კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი