საზოგადოება

„უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს“ — დამოკიდებულებისგან რეაბილიტაციის რთული გზა

9 დეკემბერი, 2021 • 1552
„უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს“ — დამოკიდებულებისგან რეაბილიტაციის რთული გზა

თბილისიდან რამდენიმე საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ სოფელ გრემში „თანადგომას“ სარეაბილიტაციო ცენტრში მივსულიყავით.

ეს 3-სართულიანი სახლი, რომელიც სოფლის განაპირას, მშვიდ ეზოში დგას, წლების განმავლობაში 60-მდე ბენეფიციარს პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა, უარი ეთქვათ ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა თუ აზარტულ თამაშზე.

ხედი ცენტრიდან გრემის სამონასტრო კომპლექსზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პანდემიის პერიოდში გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი დახურული იყო და ბენეფიციარებს არ იღებდა. თუმცა უახლოეს მომავალში ცენტრი გაფართოებას გეგმავს, მათ შორის, როგორც თავად განმარტავენ, თერაპიული თუ სარეკრეაციო სერვისების დამატებით.

მანჩო

ცენტრში მისვლისას პირველი მანჩო შემოგვეგება, რომელიც აქ ინსტრუქტორია. მანჩო ყოველ დღე დილით ადრე დგება და სახლის ამბებს აწესრიგებს —ალაგებს, დავალებებს ანაწილებს და, რაც მთავარია, როგორც ინსტრუქტორი, ბენეფიციარებს ეხმარება.

ხელნაკეთი ჭიქა, წარწერით „მანჩო“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მანჩო თავად იყო ნარკოდამოკიდებული, შესაბამისად, ყველაზე უკეთ მან იცის, რომ რეაბილიტაციის გზაზე მხარდაჭერას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩემი მუშაობა იწყება დილით. 8 საათზე ვდგები. გვაქვს საუზმე, ყავა-ჩაი, შემდეგ — „მხოლოდ დღეს“ [რაც სპეციალური „12 ნაბიჯის“ პროგრამის] წასაკითხი მასალა და ფსიქოლოგიც მოდის. საღამოს, ერთსაათიანი დასვენების შემდეგ „12 ნაბიჯის“ ფარგლებში განხილვა გვაქვს, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებაზე ვუყვებით, როგორ დავიწყეთ, როგორ დავანებეთ ამ სატკივარს თავი და ა.შ.

ინსტრუქტორობა ნიშნავს იმას, რომ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ბენეფიციარს — როგორ დავაღწიე თავი. მარტივად მოდიან ხოლმე კომუნიკაციაზე, ზოგჯერ დრო სჭირდებათ. სანამ გაგვიცნობენ, მორიდებულები არიან, ჩვენც გახსნილად რომ ველაპარაკებით, თვითონაც იხსნებიან, საუბარს იწყებენ. ეს არ არის მხოლოდ ინსტრუქტორობა-ბენეფიციარობა, არამედ მეგობრობა. ოჯახის წევრებივით ვართ ერთმანეთისთვის და ვუზიარებთ ყველაფერს,“ — გვეუბნება მანჩო.

წლებია, მანჩო „თანადგომასთან“ მუშაობს. წლების წინ ორგანიზაციაში მეგობარმა მიიყვანა მაშინ, როდესაც სხვა ყველა დასაქმებაზე უარს ამბობდა: „სამსახურს ვერსად ვიწყებდი, ვინ დამაწყებინებდა მუშაობას?! პატიმარი ვიყავი, ნარკოდამოკიდებული… ჩემს შვილსაც ჰქონდა პრობლემა, ჩემ გამო არ მიიღეს სამსახურში“.

იხსენებს, რომ ორგანიზაციაში მისვლისას თიხაზე დაიწყო მუშაობა, მალევე აითვისა ხელობა და სოციალური საწარმოს ფარგლებში შეკვეთებიც ჰქონდა:

„შრომაში, ასე ვთქვათ, გამოვდივარ.. მირჩევნია დავსაქმდე“.

დღესაც სარეაბილიტაციო ცენტრში ასობით ხელნაკეთი ნივთია, ეზოში კი სპეციალური, პატარა შენობა დგას, სადაც თიხის გამოსაწვავი ღუმელი და საღებავებია.

ხელნაკეთი ნივთები გრემის სარეაბილიტაციო ცენტრში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მანჩო უკვე 7 წელია, რაც ნარკოტიკს არ გაჰკარებია. გვიყვება, რომ ჯერ კიდევ გრძნობს საზოგადოების მხრიდან გაუცხოებას, შესაბამისად, ბევრს არ ეუბნება თავისი გამოცდილების შესახებ. მხოლოდ ოჯახის წევრებს.

„საზოგადოებაში რა ვქნა?! არ მიღებენ და არც ვიტყვი, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი. არც არის საჭირო, მაგრამ თუ ჩამოვარდა ლაპარაკი ნარკოდამოკიდებულებაზე, კბილებით ვიცავ ყველას“, — ამატებს ის.

ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ ის ციხეში გატარებულ წლებსაც იხსენებს. ამბობს, რომ 2006 წლის სექტემბერში დააკავეს, საშინელი დღეები გამოიარა, რომელთაგან 6 თვე ციხეში „ლომკაში“ იყო.

„ისე ცუდად ვიყავი, ვერ დავდიოდი, პატიმრები მაბანავებდნენ. გრძელი თმა მქონდა, აჩეჩილი… საშინელება გადავიტანე. სრული უბედურება. ერთხელ დეპარტამენტიდან მოვიდნენ და კითხვა გაუჩნდათ, რომ დამინახეს, ეს რა დღეშია, კლავთ ცოცხალ ადამიანსო?! მხოლოდ ამის შემდეგ, დირექტორიც ჩაერთო, ექიმი, ციხის უფროსი და გამონაკლისი გააკეთეს, დართეს ჩემს შვილებს ნება, რომ შემოეტანათ ფსიქოტროპული. მე არც მაგებინებდნენ, რა დროს შემოჰქონდათ, იმასაც მიყოფდნენ. ერთი სიტყვით, მაინც ძალიან ცუდად ვიყავი“, — ამბობს მანჩო და იხსენებს, რომ მისთვის არანაირი სახელმწიფო სერვისი არ არსებობდა და ბევრთან გამკლავება საკუთარი ძალებით მოუხდა.

ხელნაკეთი ნივთები გრემის სარეაბილიტაციო ცენტრში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„რა თქმა უნდა, ახლა უკეთ ვარ. ადრე როცა ვყვებოდი ჩემს ისტორიას, როცა მიმიღეს აქ, სულ ვტიროდი. ახლა მე ვეხმარები სხვებს და ყველანაირად ვცდილობ, აღარ ვიტირო. რომ უშვებ გულიდან, რომ ჰყვები, თავისუფლდები კიდეც, ბენეფიციარებიც ხვდებიან ამას, ისინიც ყურადღებით მისმენენ – ერთმანეთის გამოცდილებებს ვიზიარებთ“, – განმარტავს მანჩო.

ირაკლი

მანჩოსთან ერთად ინსტრუქტორად აქ ირაკლიც მუშაობს. ის უკვე 2 წელია, რაც ცენტრში მოსულ მოქალაქეებს ეხმარება, მანამდე კი თავად იყო ბენეფიციარი.

გვიყვება, რომ ყოველ დღე ადრე დგება, 08:00 საათზე, და განრიგით გაწერილ აქტივობებში ერთვება, რომელთა შორის დღის განმავლობაში საკუთარი ემოციების ჩაწერა და საღამოსკენ ერთმანეთისთვის მათი გაზიარებაა.

„ინსტრუქტორობა ამ პროგრამის შესრულებაა, დახმარება, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. მე აქ ვმუშაობ 2 წელია, მანამდე ბენეფიციარი ვიყავი. მიხარია, თუ ვინმეს დავეხმარები, მე თვითონ გამოცდილი მაქვს ეს ძალიან მძიმედ. რთული არის ყველაფრის „ამოღება“. რომ დაინახავს, შენც იგივე გამოცდილება გაქვს, მერე უჩნდება სურვილი, რომ გაიხსნას“, – გვიყვება ირაკლი.

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის დღის განრიგი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ირაკლი განმარტავს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგჯერ დასაწყისშივე რთულია ბენეფიციართან მეგობრული ურთიერთობის დამყარება — „ყველას თავისი ცხოვრება და პრობლემა აქვს“.

საქმე ის არის, რომ ცენტრში მოსვლამდე ბენეფიციართან ჯერ მულტიდისციპლინური ჯგუფი დისტანციურ გასაუბრებას ატარებს, ისინი აცნობენ მოქალაქეს ცენტრის სერვისებსა და შეზღუდვებზე, მათ შორის იმაზე, რომ აქ პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობა არ შეიძლება. თუ მოქალაქე თანახმაა, უკვე შემდგომ ის ჩამოდის ცენტრში და პირადად ეცნობა ინსტრუქტორებს.

ირაკლის სხვა დეტალებზეც ვკითხეთ, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეირჩა ეს ადგილი, რასაც ასე ხსნის: „ნარკოდამოკიდებული ადამიანი სულ ეიფორიაშია და გამოჯანმრთელების გზაზე სიწყნარე, სიმშვიდე უფრო სიამოვნებს და უფრო ადვილად ეჩვევა“.

„მე თვითონ 17 წელი წამალდამოკიდებული ვიყავი და აქედან 10 წელი, ფაქტობრივად, ვიწექი. ახლა 12 წელია, სასმელი საერთოდ არ დამილევია, 6 წელია, ნარკოტიკი არ მიმიღია. არცერთი ჩავარდნა არ მქონია. ვიცი, გამოცდილი მაქვს, რაც არის. მიხარია, რომ ვიღაცას რაღაცაში დავეხმარები და ამ საშინელი სენიდან გამოვიდეს…“

ინსტრუქტორის ოთახი გრემის სარეაბილიტაციო ცენტრში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ბენეფიციარი

ამჟამად გრემის სარეაბილიტაციო ცენტრში ერთი ბენეფიციარი ცხოვრობს. მამუკა (სახელი შეცვლილია) უკვე ასრულებს სამთვიან კურსს: „მე-3 თვე დავასრულე გუშინ. არ ვიცი ჯერ, სად გავჩერდები. აქ — არა“.

ის ჩვენ მხოლოდ იმ პირობით ჩაგვეწერა, თუ მის სრულ ანონიმურობას დავიცავდით.

„ეს არის ჩემთვის საშუალება, ასე რომ ვთქვათ. ეს არ არის ჩემთვის რაღაც დასკვნა, რომ მე ვარ კონკრეტული ავადმყოფი. ვაპროტესტებ იმას, რომ ნარკოდამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, არ ვეთანხმები და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მე აქედან სამყარო დავინახე სხვანაირად. კლინიკის დამსახურებაა, პროგრამის თუ ჩემი, საერთო ჯამში, ასეთი შედეგი მომცა.

აქ რომ შემოვედი, რომ წარმოიდგინოთ, მქონდა პინოქიოს თავი და ვინი პუჰის ტანი. პინოქიო კი იცით, რისი სიმბოლოა… უბრალოდ, ადამიანის ტყუილზე კი არა, ამ იმედგაცრუებაზე მაქვს საუბარი… ყველაფერს, რასაც ეთაყვანებოდი, აბსოლუტურად ყველაფერი ღირებული დაიკარგა თანდათან. ძმაკაცობაც, მეგობრობაც, ნათელ-მირონობაც, სიყვარულიც, დედმამიშვილობაც. რომ შევხედე, ვეღარ „ვქაჩავ“, შევეცადე, ჩემი სამყარო შემექმნა და რეალობას გავქცეოდი. გავიჩითე აბსურდში, ეს აბსურდიც, როგორც ყველაფერი… ყველაფერი მბეზრდება, მე პირადად, დიდხანს ვერსად ვჩერდები. შესაბამისად, იმ აბსურდიდან გამოქცევამ მომიყვანა აქ. ესეც მივიღე არა როგორც ავადმყოფის მკურნალობა, არამედ როგორც საშუალება და დღეს კიდევ სხვანაირად ვუყურებ.“

ბენეფიციართათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მამუკა გვიყვება, რომ პირველი დღეები „კოშმარი იყო, მაღიზიანებდა ყველაფერი, სახლის ფერიც, წინ დანგრეული სახლის, რომელიც დანგრეულ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა“.

ის იხსენებს, რომ მოსვლისას ყველაფერში ნეგატიურს ხედავდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ისეთი ნიუანსებითა და დეტალებით დაიწყო ტკბობა, რასაც სხვა ვერავინ ამჩნევდა. ამბობს, რომ ახლა მუდამ შემეცნების პროცესშია, როგორც პატარა ბავშვი.

„ფაქტობრივად, „მე“ დავასაფლავე… ვიტირე კიდეც ჩემი თავი, გავასვენე, ქელეხიც გადავუხადე. მორჩა, გათავდა, ერთხელ მკვდარს კიდევ რა მომკლავს. სითამამე არ მაკლდა, მაგრამ მე თუ რამე მასუსტებდა, მასუსტებდა რაღაც მორალები. და მივხვდი, რომ ეს მორალი არ ნიშნავს დასკვნას. აღარ ვცხოვრობ ვიღაცების მორალებით, რელიგიით დაწყებული, დამთავრებული ზოგადით. გავთავისუფლდი ჩარჩოებისგან. ახლა ჩემს ცხოვრებისეულ სისტემას ვაყალიბებ“, — ამბობს მამუკა.

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის ეზო. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„რაღაცას ინტუიცია გაძლევს, გკარნახობს, რა უნდა გააკეთო. რაღაც წიგნი რომ ავიღე პირველად, მაშინ ვერ მივხვდი. უბრალოდ, რომ წავიკითხე, ფსიქოლოგს წავაკითხე, ისიც ვერ მიხვდა, მაგრამ მე მივხვდი. მაგრამ ასეთი რაღაცები რომ ხდება, აი, პროფესიონალზე მეტი დაინახე – პატარა რწმენა ჩნდება, უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. ყველაფერი პატარა დეტალებისგან შედგება.“

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა თერაპია რთული, მამუკა გვპასუხობს, რომ იყო დეტალები, რაშიც თერაპევტს არ ეთანხმებოდა, თუმცა მთავარი რეაბილიტაციის გზაზე მზაობაა: „თუ მზად არ არის, იქაც ვერ გაიგებს და გაღიზიანების მეტს ვერაფერს და პირიქით იქნება სულ კონტრასტში“.

რაც შეეხება მომავალს, მამუკა ამბობს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის წინ მიიწევდა და არც ახლა აპირებს გაჩერებას. ის ყოფილი სპორტსმენია, სპორტის შემდეგ კი დისტრიბუციის სფეროში გადავიდა, სადაც ასევე მალევე მიაღწია წარმატებას.
„თავისუფლებაც უნდა იცოდე, რა არის და თავისუფლება ჩემთვის არის გამბედაობა“, — გვითხრა მამუკამ ინტერვიუს ბოლოს.

ფსიქოლოგი

მაკა ინანაშვილი გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგია. ინსტრუქტორებისა და ბენეფიციარებისგან განსხვავებით, უშუალოდ ცენტრში არ ცხოვრობს, თუმცა ყოველდღე მოდის და ბენეფიციარებს თერაპიულ დახმარებას სთავაზობს.

როგორც ინანაშვილი განმარტავს, აქ მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სესიები, რომელიც სხვადასხვა აქტივობასა თუ სავარჯიშოს გულისხმობს.

ცენტრში ძირითადად ორი მიმართულებით ხელმძღვანელობენ — ეს არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპია. მაკა ინანაშვილი გვიხსნის, რომ ამ ორიდან პირველი საქართველოში ახალი მიმდინარეობაა და ორიენტირებულია სხეულსა და იმ სიგნალებზე, რომელსაც ის იძლევა: „სხეულს ყველაფერი ახსოვს“.

ამგვარი მიდგომა ასევე გულისხმობს სხეულზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს, ხოლო კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპია აძლევს შესაძლებლობას ბენეფიციარს  „ამოიცნოს, რამ შეიძლება გაუკეთოს პროვოცირება მის ქცევას და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს „ჩავარდნა“.

ამას გარდა, ცენტრში სხვადასხვა პროგრამებსა თუ მეთოდებს მიმართავენ, მათ შორის, შრომით თერაპიას.

მაკა ინანაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს არის აღიარება ბენეფიციარის მხრიდან, რომ მას აქვს პრობლემა, ის არის დამოკიდებული, რომ ეს არის დაავადება და ის ამას მარტო ვერ გაუმკლავდება. პირველი გამოწვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება გააკეთოს“,- ამბობს მაკა ინანაშვილი.

ის გვიყვება, რომ დამოკიდებულების დაძლევა ძალიან ხანგრძლივი პროცესია და არ შემოიფარგლება მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნით, არამედ გრძელდება ცენტრს მიღმაც და ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხარდამჭერ სისტემას – ოჯახს, მეგობრებს თუ სხვა.

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგის ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ყველა ადამიანს აქვს რესურსი, რომ გამოჯანმრთელდეს. მთავარია, ეს რესურსი დაინახოს. გვაქვს შემთხვევები, ბევრი მაგალითი, როდესაც ადამიანმა თავი დააღწია დამოკიდებულებას, მიაღწია წარმატებას და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პირველი ნაბიჯი – აღიარება, რომ მას აქვს პრობლემა და ის ვერ მართავს ამ პროცესს, პირიქით, ის თვითონ არის მართული. მაგრამ ეს არ ნიშნავს პიროვნულ სისუსტეს, პირიქით. ადამიანი უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, იმისთვის, რომ აღიაროს რომ სუსტია. ჩვენ ყველა ვთამაშობთ ძლიერის როლს, ვცდილობთ, რომ ჩვენი სისუსტეები არ დავანახოთ სხვებს, მაშინ, როდესაც იმის აღიარება, რომ ხო – მე აი, ამ საკითხში, ამ მომენტში სუსტი ვარ და მე მჭირდება დახმარება – ამას სჭირდება პიროვნული ძალა. ამიტომ პირიქით, ეს სიძლიერეზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სისუსტეზე“.


გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი დაწესებულებებიდან, რომლებიც მოქალაქეებს რეზიდენტულ სარეაბილიტაციო კურსს სთავაზობენ. სახელმწიფოს თავად ამგვარი სერვისი არ აქვს.

ცენტრმა ბენეფიციარები 2016 წლიდან მიიღო და წინა წლამდე უფასო იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც შესაბამისი პროგრამა დასრულდა —  და მასთან ერთად საერთაშორისო დაფინანსებაც — თვიური გადასახადი ცენტრში ყოფნისთვის დაახლოებით 2500 ლარია.

„თანადგომაში“ ამბობენ, რომ მომხმარებლისთვის დახმარებაზე უარის თქმა გაცილებით ძვირი ჯდება – რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ან ოჯახები თავიანთ საკუთრებას ყიდიან ან მათ აკავებენ.

საერთო ჯამში, ცენტრშს სულ 10-12 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ახლა სახლის მესამე სართულზე რემონტია, რის შემდეგაც აქ დამატებით გასართობ და სარეკრეაციო სივრცეებს გახსნიან.

სარეაბილიტაციო ცენტრი გრემში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი