ახალი ამბები

საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოვიდა

25 მაისი, 2018 • 2022
საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად იმყოფება ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. პრეზიდენტის სასახლეში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატოს მოახლოებული სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიეტუვის პრეზიდენტის გარდა, საქართველოს კიდევ ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ეწვევა.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნას ყოველთვის იყენებდა საქართველოს მხარდასაჭერად. ასევე აღინიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით და ჰარმონიულად ვითარდება. იზრდება ტურიზმი, სავაჭრო ბრუნვა, ვითარდება თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.


ლიეტუვა

2018 წლის 24 მაისიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპასუხო მეგობრული ჟესტია, რომელიც 2018 წლის 3 მაისს ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებას ეხება. ლიტვამ საქართველოს Gruzija–ს ნაცვლად Sakartvelo უწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი