ახალი ამბები

რატომ არ განათდა თბილისის ანძა ლიეტუვის ფერებში ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს

17 თებერვალი, 2026 •
რატომ არ განათდა თბილისის ანძა ლიეტუვის ფერებში ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს

“მე პირადად საერთოდ არ ვიცი, როდის იყო ლიეტუვას დამოუკიდებლობის დღე”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, რატომ არ ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 17 თებერვალს.

კითხვაზე, იყო თუ არა ამ ღონისძიებაზე არმისვლა პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მხრიდან, კალაძემ ასე უპასუხა:

“არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება […] მე პირადად არანაირი მოწვევა არ მომსვლია […] რა ვიცი, ახლა, ვერ დამესიზმრებოდა”, – ამბობს კალაძე.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე მიწვევის შემთხვევაში, კალაძემ დადებითად უპასუხა.

რაც შეეხება თბილისის ანძას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულებზე ან სხვა სიმბოლურ დღეებში შესაბამისი ფერებით ნათდება. მაგალითად, 11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავზე ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა, კალაძემ უპასუხა, რომ ანძა ნათდება მაშინ, როცა საელჩო შესაბამისი განცხადებით მიმართავს მერიას.

“ზოგადად, ანძის განათება როგორ ხდება: ხდება მომართვიანობა საელჩოს მხრიდან და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანათებს ანძას. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, არ ყოფილა მიმართვა და არც გაგვინათებია”, – თქვა კალაძემ.

16 თებერვალი ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მათ ნაწილს კითხვები დაუსვა TV პირველმა. ისინი აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე არ უნახავთ “ქართული ოცნების” მთავრობის არცერთი წარმომადგენელი. ფოტოებში ჩანს, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ეკლესიის წარმომადგენელი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ის წინა რიგში, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან ერთად ზის.

ღონისძიების ამსახველი სურათები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გააზიარა ლიეტუვის საელჩომ. ფოტოებზე არ ჩანს “ქართული ოცნების” ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, აღწერაში კი წერია, რომ მიღებას ესწრებოდნენ თბილისში მცხოვრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები [სხვადასხვა ქვეყნის], საქართველოს ლიეტუვური საზოგადოების წევრები და ლიეტუვის მეგობრები.

“ლიეტუვასა და საქართელოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას ელჩებმა გაიხსენეს ორივე ერის მისწრაფება თავისუფლებისკენ და ნოე ჟორდასნიას სიტყვები, რომელიც მან 1918 წელს წარმოთქვა საქართველოსა და დასავლეთის განუყოფელი კავშირისა და ამ კავშირის მიმართ ლიეტუვას მხარდაჭერაზე.

მან [ელჩმა დარიულ ვიტკაუსკალმა], ასევე, აღნიშნა, რომ ლიეტუვა აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელბსაც სურთ საკუთარი ქვეყნის ბედ-იღვბალი ევროპას დაუკავშირონ”, – წერია ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფში” გამართულ მიღებას ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, ესწრებოდა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. ის ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი