ახალი ამბები

ლიტვაში, შესაძლოა, წმინდა გიორგის ბაფთის გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდეს

24 მაისი, 2018 • 1478
ლიტვაში, შესაძლოა, წმინდა გიორგის ბაფთის გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდეს

ლიტვის პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც შესაძლოა პირი დაჯარიმდეს  წმინდა გიორგის ლენტის გამოყენების ან გავრცელების გამო. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 300 ევრომდეა.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, ბოლო წლებში  ეს ლენტი რუსული იმპერიალიზმის სიმბოლო გახდა. მეტიც, პარლამენტის წევრის თქმით, ლენტი ადამიანებს შორის სიძულვილისა და უთანხმოებას აღვივებს და ნაცისტური და საბჭოთა სიმბოლიკის მსაგვსად ისიც უნდა შეიზღუდოს.

ავტორების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ლენტის შექმნის მიზანი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გახსენება და ომის ვეტერანების პატივისცემა იყო, ლიტვის კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ ლიტვას საქმე საზეიმოდ არ ჰქონდა, რადგან მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნა 50 წლის განმავლობაში სსრკ-ს მიერ იყო ოკუპირებული.

ლიტვის საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს, სავარაუდოდ, შემოდგომის სესიაზე განიხილვას. 2008 წელს ლიტვაში საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა.

წმინდა გიორგის ლენტის საჯარო სივრცეში გამოყენება უკრაინამაც აკრძალა. რადამ შესაბამისი კანონპროექტი 2017 წლის მაისში მიიღო.  ქვეყანაში კანონის დარღვევა, რაც საჯარო სივრცეში ლენტის გამოყენებას გულისხმობს, სხვა სანცქიებთან ერთად ფინანსურ ჯარიმასაც ითვალისწინებს.

წმინდა გიორგის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან, რია ნოვოსტის ინიციატივით, განხორციელდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ჰიტლერზე გამარჯვების დღეს წმინდა გიორგის ლენტის გავრცელებას ითვალისიწნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მსგავსი ლენტები საქართველოშიც გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს. ზემოხსენებული ინიციატივის მხარდამჭერია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი