მთავრობის წევრობის კანდიდატებმა დღეს კითხვებს როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე მაჟორიტარებთან და უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უპასუხეს.
“ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები კომიტეტებშიც და უმრავლესობა-უმცირესობაშიც. მთავარი ის არის, რომ უმცირესობა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გამოვიდა იმ ეიფორიიდან, რომ ტყუილებით შეიძლება ყველაფერზე საუბარი. ჩვენ წარმოვადგინეთ შესაბამისი ინფორმაცია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იქნება ძალიან წარმატებული ქვეყნის ძალიან წარმატებული მთავრობა,” – ამბობს ნოდარ ხადური.
კალაძის თქმით, დღევანდელი დღე ძალიან დამღლელი იყო, განსაკუთრებით კი უმცირესობასთან შეხვედრა:
“კომიტეტების სხდომაზე არსებობდა კითხვები ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, ჩვენ წარვუდგინეთ ყველანაირი ინფორმაცია, თუ რა განხორციელდება, რა სტრატეგია გაგვაჩნია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.”
ქვეყნის პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან ყველა კითხვას უპასუხა:
“ძალიან ემოციურად დატვირთული დღე იყო, ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. იყო ცხარე დებატებიც უმცირესობასთან, მაგრამ ყველამ თავისი სახე წარმოაჩინა. კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ვის რა პოლიტიკის წარმართვა სურს. უმრავლესობასთან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან კონსტრუქციული, ჩვეულებრივი, კითხვა-პასუხის რეჟიმის საუბარი. მე მქონდა შეკითხვა მაჟორიტარებთან და ყველა მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო და საკმაოდ დავიღალე”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ.