ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერს

19 ნოემბერი, 2013 • • 1002
საპარლამენტო უმცირესობა ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერს

გიორგი კანდელაკის თქმით, ღარიბაშვილს ეკონომიკასთან დაკავშირებით ხედვა არ გააჩნია, გარდა ამისა, მისი მოსაზრებით ღარიბაშვილი თანამდებობისთვის შეუფერებლად და არაეთიკურად იქცეოდა:

 

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვარ იმედგაცრუებული იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ გააჩნია არანაირი მეტნაკლებად კონკრეტული ხედვა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო მის წინაშე მდგარ ძალიან მძიმე ეკონომიკურ გამოწვევებს. მან პირდაპირ სიცრუე უწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც უკვე ბიუჯეტს 700 მილიონ ლარამდე აკლია. მან სიცრუე უწოდა სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მონაცემებს, რომლის თანახმად თვალსა და ხელს შუა იზრდება უმუშევრობა. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქცეოდა თანამდებობისთვის შეუფერებლად, იყო ძალიან ემოციური, ეს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ოპონენტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, გაუგებარი არის შეწყვეტინება საუბრის, თავდასხმა და, ერთი სიტყვით, არაეთიკური საქციელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს ხელს ვერ შეუწყობს ნორმალურ, ცივილიზებულ პოლიტიკურ კონკურენციას.”

 

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ უმცირესობამ საკუთარი ნამდვილი სახე აჩვენა:

 

“უმცირესობასთან შეხვედრა იყო მწვავე და საინტერესო ამის გამო, რადგან გამოვლინდა უმცირესობის ნამდვილი სახე. მათ იგივე შეკითხვები აქვთ, რაც ჰქონდათ ერთი წლის წინ, იგივე შეკითხვები აქვთ, რაც ერთი თვის წინ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი მიღებული აქვთ ყოველთვის, როდესაც ეს შეკითხვები დასმულა. იგივე სახე აჩვენა უმცირესობამ, ტყუილზე აგებული პოლიტიკა და ისევ ცდილობს, რომ მოსახლეობას თვალი აუხვიოს.”

 

საპარლამენტო უმცირესობამ პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას, რომელიც პარლამენტმა ხვალ უნდა დაამტკიცოს პლენარულ სესიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი