ახალი ამბები

უსუფაშვილი: მთავრობის პროგრამაში დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ

18 ნოემბერი, 2013 • • 934
უსუფაშვილი: მთავრობის პროგრამაში დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკი დაადგინეს. 

 

“საპარლამენტო კომიტეტებში და უმცირესობის და უმრავლესობის ფრაქციებში აღნიშნული შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხვალ დაიწყება. რამდენიმე კომიტეტმა გადაწყვიტა ერთობლივი მოსმენის გამართვა რამდენიმე მინისტრთან, ბლოკებად იქნება დაყოფილი. ეს გრაფიკი რამდენიმე წუთში პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ხოლო შუადღის 4 საათიდან მთავრობა წარსდგება უმცირესობასთან, დამოუკიდებელ მაჟორიტარებთან, უმრავლესობასთან და ხვალ, 8 საათზე, ჩვენ ბიუროს სხდომაზე შევაჯამებთ განხილვის შედეგებს და 20 ნოემბერს, სავარაუდოდ, 2 საათიდან პლენარულ სხდომაზე დაიწყება მთავრობის მოხსენების განხილვა. მომხსენებელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.

 

მისივე განმარტებით, სამთავრობო პროგრამა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას და მთავრობის ერთწლიან საქმიანობას ეფუძნება:

 

“მთავრობის შემადგენლობაში პრაქტიკულად 1 ცვლილებაა, 1 ახალი სახელი იქნება მთავრობაში, დანარჩენი- ესაა გუნდი, რომელიც ერთი წელია მუშაობს პარლამენტთანაც, ერთმანეთთანაც შეწყობილი და შეთამაშებული ხალხია, შესაბამისად, ამ პროგრამაში რაიმე დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. ეს ჩვენი პოლიტიკური კურსის გაგრძელებაა, თუმცა არის ძალიან ბევრი საყურადღებო მომენტი და ასპექტი, რომელიც ხვალ კომიტეტებზე გაჟღერდება.”

 

უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ უმცირესობას რაიმე საყურადღებო  და კრიტიკული მოსაზრება ექნება, დიდი სიამოვნებით მოისმენენ.

 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელიც ძველი მინისტრებითაა დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი