“მინისტრის მოადგილემ ჩათვალა, რომ მას აქვს უფლება პარლამენტის წევრებს, რახან ისინი “ნაციონალები მოძრაობის” წევრები არიან, ელაპარაკოს შეურაცხმყოფელი ტერმინებით და შეურაცხმყოფელი ტონით. ამიტომ მე უბრალოდ მას და ნებისმიერ მინისტრს, თუ არა მინისტრს ვეუბნები, შეურაცხყოფაზე მიიღებენ შეურაცხყოფას. რა აზრი აქვს საკითხების განხილვაში მონაწილეობას ადამიანებთან, რომლებიც მოსულები არიან შეურაცხყოფის მოსაყენებლად და საჩხუბრად? არ გვინდა ხელი შევუშალოთ და არ გვინდა ჩვენ დაგვბრალდეს რეფორმების ხელის შეშლა, გააგრძელონ და აკეთონ რეფორმები,” – განაცხადა ბობოხიძემ.
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას, ლევან იზორიამ წარადგინა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შეკითხვები და რეპლიკები ადგილიდან.
მიხეილ მაჭავარიანის რეპლიკას, იზორიამ უპასუხა: “ხელს ნუ მიშლი!” – რაზეც მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ნოტაციებს ნუ უკითხავდა.
“თუ საჭირო იქნება, წაგიკითხავ” – უთხრა იზორიამ, რაზეც აკაკი ბობოხიძემ მიუგო: “ბებიაშენს წაუკითხე!”
ამის შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ აკაკი ბობოხიძეს უთხრა:
“ბაბუაშენს წაუკითხე… ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!”
ინციდენტის გამო, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სხდომა დროებით შეაჩერა. ხოლო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.