ჩაიშლება თუ არა CinéDOC – ფესტივალი 13-მა თანამშრომელმა დატოვა

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC- Tbilisi 3-8 მაისის ჩათვლით თბილისში უნდა გაიმართოს. თუმცა ფესტივალის დაყწებამდე ერთი თვით ადრე ორგანიზაცია 13-მა თანამშრომელმა დატოვა. ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ისინი მიზეზად შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას ასახელებენ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც ყოფილ თანამშრომლებს, ასევე კინოფესტივალის დირექტორს, არჩილ ხეთაგურს, რათა გაერკვია, რა პრობლემების წინაშე დგას CinéDOC და ჩატარდება თუ არა ფესტივალი.

რას ჰყვებიან ყოფილი თანამშრომლები

როგორც ფესიტვალის ყოფილი ბუღალტერი, მარიამ ხიდაშელი ნეტგაზეთს უყვება, პრობლემები ფესტივალთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იწყებოდა:

“ახალ თანამშრომლებს ხელშეკრულება არა თავიდანვე, არამედ მომსახურების გადახდის დღეს უფორმდებოდათ. ყველასთან ერთი და იგივე, შაბლონური, ძალიან მწირი ხელშეკრულება ფორმდებოდა, რაც აშკარა დარღვევაა. ამით დამსაქმებელი თავიდან ირიდებოდა იმ ვალდებულებებს, რაც მას კოდექსით ეკისრება. ცალკე პრობლემა არის ისიც, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული უფლებამოსილებებზე, უმეტესწილად, ზეპირსიტყვიერად თანხმდებოდნენ,” – განმარტავს მარიამ ხიდაშელი.

გარდა ამისა, როგორც ყოფილი ბუღალტერი გვიყვება, ხელშეკრულებები იდებოდა ყოველთვიურად, რაც, რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყო, ვინაიდან ხშირად სამუშაო ძალა  ერთი ან რამდენიმე თვით სჭირდებოდათ, თუმცა მსგავსი რამ ხდებოდა იმ თანამშრომლებთან დაკავშირებითაც, ვინც იქ უწყვეტად, 12 თვის ან წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება საერთოდ არალეგიტიმურია, ხოლო როდესაც თანამშრომლები დირექტორს ამ პრობლემაზე უთითებდნენ, პასუხად მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს იღებდნენ.

შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, ადეკვატური სამუშაო პირობების არარსებობაზე, საუბრობს ფესტივალის ყოფილი პროდიუსერი ანა ციმინტიაც.

“ვინც ფესტივალზე ვმუშაობდით, ჩვენი, ყველას მთავარი მოტივიაცია იყო იდეა, რომელშიც უანგაროდ ვდებდით ყველანაირ რესურსს. გვესმოდა, რომ ეს სამსახური იყო დაბალანაზღაურებადი, ხოლო შრომითი პირობები არ იყო კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ოთახში ათამდე ადამიანს გვიწევდა მუშაობა და ეს რაოდენობა იზრდებოდა ფესტივალის მოახლოებასთან ერთად. არ გვქონდა ელემენტარული, თუნდაც სამუშაო მაგიდა. ამაზე ჩვენ არ გვქონდა პრეტენზია იმიტომ, რომ ერთიანი, შეკრული ჯგუფი ვმუშაობდით,” – განმარტავს ანა ციმინტია.

როგორც ის ამბობს, არაფორმალური სიტუაციით, რომელზეც თანამშრომლები თანხმდებოდნენ და რომელსაც არ აკრიტიკებდნენ, სარგებლობდა დამსაქმებელი. თუმცა ბოლო პერიოდში თანამშრომლებმა დაინახეს, რომ დირექტორს, არჩილ ხეთაგურს, შესაბამისი ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში სრული უპირატესობა ჰქონდა.

“ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალება. მას შეეძლო, ახალი თანამშრომელი გაეგდო, როცა მოუნდებოდა, იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ხელშეკრულება, ანაზღაურება კი იყო სპონტანტური. თანამშრომელმა არ იცოდა, რა იყო მისი ანაზღაურება, რა ფორმით იქნებოდა, ან აიღებდა თუ არა. ხშირად ეს ფესტივალი იყენებდა ან იაფ მუშახელს, ან საერთოდ აუნაზღაურებელ თანამშრომლებს”, – უთხრა ნეტგაზეთს ციმინტიამ.

მისივე მონათხრობის მიხედვით, არცერთ თანამშრომელს, მათ შორის, მთავარ ბუღალტერს, ფესტივალის ბიუჯეტზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მისი თქმით, ბიუჯეტი და მისი მართვის პროცესი სრულიად ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე იყო.

“იმ სექციების კოორდინარტორებმაც კი, რომლებმაც უნდა მართონ პროგრამა, არ იცოდნენ, რა რაში იხარჯება და რა შეიძლება მართონ და საქმის მიმართულებით. ვერ ვხედავდით არგუმენტს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო გაუმჭვირვალე იმ ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელიც ნაწილობრივ სუბსიდირდება სახელმწიფოს მხრიდან და რომელშიც მუშაობს ჯგუფი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები” – აღნიშნავს ციმინტია.

ანა ციმინტრიას თქმით, სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ მოვალოებების გადანაწილება იყო ზეპირსიტყვიერი. არცერთი დოკუმენტი (მათ შორის, არ არსებობდა შინაგანაწესიც),  არ ამბობდა, ვის რა ფუნქციები ევალებოდა. სწორედ ამიტომ, დირექტორს ჰქონდა საშუალება, რომ სპონტანურად და სურვილიდან გამომდინარე მიეცა თანამშრომლებისთვის დავალება.

აღნიშნული მიზეზების გამო, ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დაეწერა ერთგვარი შინაგანაწესი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა თანამშრომლების, მათ შორის, დირექტორის, უფლება-მოვალეობები. არჩილ ხეთაგურს ეს დოკუმენტი მაშინ გაეგზავნა, როდესაც მივლინებით ჩეხეთში იმყოფებოდა. როგორც ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მათ იმიტომ მიიღეს, რომ უდნოდათ, ხეთაგურს დამოუკიდებლად გადაეწყვიტა, სურდა თუ არა დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

ფესტივალის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, დირექტორმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა სამუშაო შეხვედრაზე მაინც დათანხმდა. მათივე თქმით, ამ შეხვედრაზე არჩილ ხეთაგურის ნაცვლად “მიკერძოებული” უცხოენოვანი მედიატორი მოვიდა, რომელმაც არ მოინდომა თანამშრომლების მოსმენა და დირექციის ინტერესებს ატარებდა.

თანამშრომლების თქმით, არ იციან, თუ როგორ უთარგმნეს მათ მიერ შედგენილი ქართულენოვანი შინაგანაწესი მედიატორს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჯგუფმა ფესტივალის დატოვება გადაწყვიტა.

სინედოკის ყოფილი თანამშრომლები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

როგორ პასუხოსბს ბრალდებებს ფესტივალის დირექტორი

ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ფესტივალის ბიუჯეტი, მისი მართვის სისტემა და ხელფასების გაცემა გამჭირვალე პროცესი იყო. როგორც ის განმარტავს, რადგან ფესტივალი ნაწილობრივ ფინანსდება კულტურის სამინისტროსგან, თბილისის მერიისგან და კინოცენტრისგან, მათ ვალდებულბა ჰქონდათ, ზუსტად მიეთითებინათ გაწეული ხარჯები.

“როდესაც ვაცხადებედით ვაკანსიას, ზუსტად ვუთითებთ, თუ რამდენი ანაზღაურება ექნებოდა თითოეულს. აქედან  გამომდინარე, არაკორექტულად მაღალი ან დაბალი ხელფასების გაცემა უბრალოდ ვერ მოხდებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტებს ხელშეკრულებებთან ერთად უკან ვაბარებთ დონორებს. ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხდება ბიუჯეტის ჩაბარება. ამის დოკუმენტურად წარმოდგენა შემიძლია” – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ხეთაგური.

რაც შეეხება ხელშეკრულებებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ ბრალდებებს, ხეთაგური ამბობს, რომ მართალია, რიგ ხელშეკრულებებში ყველა დეტალს “ვერ ჩაწერდნენ ან შეიძლება არ იყო ჩაწერილი”, თუმცა ჯგუფის ყოფილი თანამშრომლების წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა.

“ამის დადასტურება მე შემიძლია იმიტომ, რომ მათი წარმოდგენილი დოკუმენტი (შინაგანაწესი), რომელიც გამომიგზავნეს, იყო მოწოდებული ულტიმატუმის გზით, რომ მე ამ დოკუმენტისთვის განსაზღვრული დედლაინისთვის უნდა მომეწერა ხელი. ეს დოკუმენტი შეიცავდა იმ უფლება-მოვალებებს, რომელიც მათ მეც დამიწესეს მაშინ, როცა მე აქ არ ვიყომყოფებოდი. ეს არ იყო განხილვის საკითხიც კი,” – აცხადებს ხეთაგური.

ხეთაგური ასევე უარყოფს ბრალდებებს ერთპიროვნულ და ავტოკრატიულ მართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფესტივალის მზადების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება განხილვის შემდეგ, თუმცა, ეს განხილვა შეიძლება ჯგუფური არ იყოს.

” გადაწყვეტილების უმეტესობა მიიღებოდა კოორდინატორებთან შეთანხმების შემდეგ, ფილმების არჩევაზეც კი იყო მსჯელობა. არ არის მართალი, თითქოს ერთი ადამიანი იღებდა გდაწყვეტილებებს. ყვლაფერს ვწყვეტთ ჯგუფიდან გამომდინარე. იმ დოკუმენტში [შინაგანაწესში] ეწერა, რომ ჯგუფის არცერთი წევრი არ არის ანგარიშვალდებული ფესტივალის დირექტორთან, ჯგუფის ყველა წევრი ანგარიშვალდებულია, ასე ვთქვათ, ფესტივალის კრებასთან. ფესტივალი ვერ იარსებებს ისეთ გარემოში, სადაც არავინ არ არის ანგარიშვალდებული დირექტორთან მაშინ, როცა დირექტორი არის დონორებთან პასუხისმგებელი,” – განმარტავს ხეთაგური.

როგორც ფესტივალის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, მას არ სჯერა, რომ ყოფილი თანამშრომლები ფესტივალის პრესტიჟს იცავენ. მისი სიტყვებით, ამ შემთხვევაში ისინი სამუშაო პროცესს ერთი თვით ადრე არ დატოვებდნენ. ხოლო, რაც შეეხება დიალოგს, ხეთაგურის განმარტებით, მას თანამშრომლებთან ჰქონდა დიალოგის მცდელობა, თუმცა, ისინი ამ ინიციატივას ბლოკავდნენ. 

“რაც შეეხება მედიატორს, ის შეხვედრაზე მივიწვიე იმიტომ, რომ როდესაც ულტიმატუმის ენით გესაუბრებიდან, იქ დიალოგის წარმართვის შანსი არის მცირე. მე მინდოდა მედიატორი ნეიტრალური პირი ყოფილიყო, რომელთანაც თანამშრომლები მოყვებოდნენ, თუ რა პრობლემები ჰქონდათ. მე ისინი მედიატორთან დავტოვე და გავედი გარეთ,” – აღნიშნავს არჩილ ხეთაგური.

კითხვაზე, თუ ვინ გადაუთარგმნა მედიატორს შინაგანაწესის ტექსტი, ხეთაგური პასუხობს, რომ ეს მან თვითონ გააკეთა თუმცა შემდეგ პროფესიონალმა თარჯიმანმაც თარგმნა.

გაიმართება თუ არა ფესტივალი

იმაზე, რომ კინოფესტივალი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თანხმდებიან როგორც ყოფილი თანამშრომლები, ასევე ფესტივილის დირექტორი. ორივე მხარის ინფორმაციით, წელს ფესტივალზე გაცილებით მეტი ფილმი და სტუმარი ჩამოვა, ვიდრე წინა წლებში, ხოლო თავად CineDOC – Tbilisi 3-8 მაისის ჩათვლით გაიმართება. 

ყოფილი თანამშრომლების თქმით, სამსახურის დატოვებამდე, მათ ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დაასრულეს. გარდა ამისა, როგორც მოქმედი დირექტორი ამბობს, იქ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც ღონისძიების ბოლომდე ჩატარებას უზრუნველყოფენ.

“წლევანდელი გამოშვების სლოგანია: ჩაუღრმავდი რეალობას. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან, უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. თითოეული ფილმი სიღრმისეულად ასახავს რეალობას და მაყურებელს აცნობს მის სხვადასხვა ასპექტს საკვირველი და ხანდახან სახალისო პერსპექტივიდან,” – წერია ფესტივალის აღწერაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან