აფიშაახალი ამბები

კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi შრომის უფლებებზე კამპანიას იწყებს

1 მაისი, 2017 • 3348
კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi შრომის უფლებებზე კამპანიას იწყებს

საერთაშორისო კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi ფარგლებში წელს შრომის უფლებების საკითხებთან დაკავშირებულ 8 დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ფილმების ჩვენება-დისკუსია რეგიონებშიც მოეწყობა.

„Noosfera Foundation”, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალს ატარებს, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად განახორცილებს პროექტს “შრომის უფლებების კამპანია”. კამპანია მაისში დაიწყება და ნოემბრამდე გასტანს.

შრომის უფლებების თემაზე შექმნილი 8 დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილი იქნება როგორც ფესტივალის საკონკურსი სექციაში – CivilDOC, ასევე სპეციალური ჩვენებების სახით. თითეული ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც კინოპროფესიონალები და თემის ექსპერტები ჩაერთვებიან. ფესტივალის დასრულების შემდგომ დაიწყება რეგიონალური ტურები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდისტრიულ ცენტრებში და ქალაქებში გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ასევე, შრომით უფლებებსა და დასაქმების პოლიტიკას მიეძღვნება ორი დიდი პანელ დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დისკუსიების მონაწილეები შეეცდებიან აღწერონ შრომისა და დასაქმების კუთხით არსებული მთავარი გამოწვევები, დასაქმებულთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის მიზეზები და ისაუბრონ მისი გარდაქმნის საჭიროებასა და შესაძლებლობების შესახებ.

“ფილმების შემდეგ დისკუსია და განხილვა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მოხარული ვართ, რომ ამ კამპანიას ჰყავს პარტნიორები,” – ამბობს ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური.

ფონდთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

„Noosfera Foundation” ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად განახორცილებს პროეტს: "შრომის უფლებების კამპანია" 01.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

„Noosfera Foundation” ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად განახორცილებს პროეტს: “შრომის უფლებების კამპანია” 01.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi წელს უკვე მეხუთედ, 11-16 მაისს თბილისში ჩატარდება. კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი და კინოს სახლი. ასევე, ღია ჩვენებები გაიმართება მზიურსა და „Backstage 76”- ში. ფესტივალის სრულ პროგრამას შესაძლებელია გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი