ახალი ამბებიხელოვნება

ფილმი 60 წლის გერმანელის ტაილანდურ ბედნიერებაზე – CinéDOC თბილისი გაიხსნა

12 მაისი, 2017 •
ფილმი 60 წლის გერმანელის ტაილანდურ ბედნიერებაზე – CinéDOC თბილისი გაიხსნა

11 აპრილს თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “CineDoc თბილისი” გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრაიტის ფილმით “ბედნიერი” გაიხსნა. ფესტივალი 16 მაისამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მაყურებელს 68 დოკუმენტური ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

წელს ფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო სექციაში 10 ფილმია წარდგენილი. მათ შორის არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი “გოგიტას ახალი ცხოვრება”. კონკურსშია წარდგენილი თავად გახსნის ფილმიც “ბედნიერი”.

საფოსტო ბარათი ტაილანდიდან შინაარსით: “ჩემო ძვირფასო, ძალიან კარგად ვარ, ვჭამ ტაილანდურ პადს, ვსვამ ჩანგის ლუდს და შენი ასაკის ქალსაც შევხვდი. სიყვარულით, მამა.” – როდესაც კაროლინმა ეს წერილი მიიღო, გადაწყვიტა, რომ მის ე.წ. “სექსტურისტად” ქცეულ მამას სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა.

“ბედნიერი” პერსონალური დოკუმენტური ფილმია მამასა და შვილზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი რეჟისორის მამაა, რომელსაც ასაკით უმცროსი ტაილანდელი ქალი უყვარდება და მასზე დაქორწინებას გადაწყვეტს. მამის გადაწყვეტილებასთან შეგუება კაროლინს უჭირს. ის დარწმუნებულია, რომ ქალი მამამისს მხოლოდ ფულის გამო იყენებს. ის 90 წუთის განმავლობაში ცდილობს გაუგოს სიბერეში სიმარტოვის შიშით შეპყრობილ 60 წლის კაცს.

“სახლში მეგობრების მიყვანა მერიდებოდა ხოლმე, რადგან ვიცოდი, მამაჩემი რაიმე უხერხულს გააკეთებდა. მაგრამ ახლა ვეპატიჟები მთელ მსოფლიოს ჩემს სახლში, მამაჩემის სამყაროში. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ, როგორც ფილმში ნახავთ, მთელი პროცესი გავიარე იმისთვის, რომ მამაჩემისათვის უკეთ გამეგო,” – ამბობს კაროლინ გენრაიტი.

ფილმის მთავარი გმირი, დიტერ გენრაიტი ჩვენებას თავადაც დაესწრო. აღნიშნავს, რომ ფილმში ორმაგი როლის – მამისა და დოკუმენტური კინოს მთავარი პროტაგონისტის თამაში თავდაპირველად რთული იყო, თუმცა საინტერესო გამოცდილება მიიღო.

13 მაისს, 20:00 საათზე, “ბედნიერის” კიდევ ერთი ჩვენება მოეწყობა კინოთეატრ “ამირანში”, რომელსაც რეჟისორი დაესწრება. ფესტივალზე გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით 8 გერმანულ ფილმს უჩვენებენ სექციაში German Dox.

გერმანელი რეჟისორი, კაროლინ გენრაიტი მამასთან ერთად დაესწრო თავისი ფილმის ჩვენებას 11.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გერმანელი რეჟისორი, კაროლინ გენრაიტი მამასთან ერთად დაესწრო თავისი ფილმის ჩვენებას 11.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

წელს CinéDOC-ის სტუმარი ქვეყანა ლიტვაა, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ლიტვის კინოცენტრის დირექტორი, როლანდას კვეიტკაუსკასი თავის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში.

“დოკუმენტური ფილმი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი თავი სხვადასხვა სარკეში ახლებურად დავინახოთ. მე ვეპატიჟები ყველას, რომ მობრძანდნენ და დაინახონ თავიანთი თავები ახლა უკვე ლიტვურ დოკუმენტურ ფილმებში და მიიღონ ახალი გამოცდილება,” – ამბობს კვეიტკაუსკასი.

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი