საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბოკერია ძალიან ეფექტურად მუშაობდა:
“პრეზიდენტის უფელბამოსილება პრაქტიკულად ამოწურულია, ორ დღეში იქნება ინაუგურაცია და კანონის შესაბამისად, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი სარგებლობს უფლებით დაწეროს განცხადება საკუთარი შეხედულებისამებრ და გადადგეს თანამდებობიდან. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად კანონიერი და ნორმალური მოვლენაა. ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად გიგა ბოკერიას მუშაობა იყო ძალიან ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, ეს იყო ძალიან სერიოზული წვლილი იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა განმტკიცებულიყო. “
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ბოკერიას გადაწყვეტიელბა რეალობის ადეკვატურია:
“მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება იყო, რადგან დასრულდა კოჰაბიტაცია და გვყავს ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი კონსტიტუციის ფარგლებში შეუდგება. ბუნებრივია, გვეყოლება ახალი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანი საკორდინაციო, მარეგულირებელი, დამკვირვებელი და უსაფრთხოების სფეროს საქმის მწარმოებელი ორგანოა, რომლის რეფორმირებაზე ჩვენ ვფიქრობთ და ახალ უშიშროების საბჭოს მდივანს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც მე ვიცი, ძალიან სერიოზული სიახლეები აქვს. რაც შეეხება ბოკერიას მუშაობას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუკი რამე კარგი გააკეთა, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რადგან ეს მარტო ბოკერიას არ ეხება, არამედ მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობას”.
დღეს, 15 ნოემბერს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია თანამდებობიდან გადადგა. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ბოკერიასთან ერთად პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე განცხადებით ასევე მიმართა მისმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ. ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინა იმერლიშვილი შეცვლის.