ახალი ამბები

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობას აკრიტიკებს

14 ნოემბერი, 2013 •
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობას აკრიტიკებს

პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას ივანე კიღურაძემ განათლების სამინისტროს დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ბიუჯეტით ბედნიერი არ არის:

 

“მე მივესალმები, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსება 91 მილიონი დოლარით გაიზარდა, ეს კარგია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ-თქო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ როდესაც საუბარია მასწავლებლის ხელფასის 25%-ით გაზრდაზე, ეს გარკვეულწილად უკმარისობის გრძნობას იწვევს. ჩვენ თუ ამ ტემპებით წავედით, 20 წლის მანძილზე ვერ ავიყვანთ მათ ხელფასს საარსებო მინიმუმის დონეზე. ასე, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ამ მიმართულებით უნდა ბევრი ვიფიქროთ სამომავლოდ. ეს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს.”

 

კიღურაძემ სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე ფართოდ ისაუბრა და ხელისუფლებას ბრალი კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინის პოლიტიკის გაგრძელებაში დასდო:


“რაც შეეხება მეცნიერებას, როდესაც კომიტეტმა განიხილა ბიუჯეტი, ჩამოვაყალიბეთ შენიშვნები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ფორმით. ბატონმა მინისტრმა გუშინაც განაცხადა და განმარტებით ბარათშიც ასე წერია, რომ თითქოს მეცნიერების დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა, ეს ასეც რომ იყოს, სრულიად არასაკამრისია, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ სინამდვილეში 2 მილიონით შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. 


მიმდინარე წელს მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი იყო 35 მილიონ 732 ათასი ლარი, გარდა ამისა უნივერსიტეტების ხელშესაწყობად გამოყოფილი იყო 10 მილიონ ლარზე მეტი, აქედან 5 მილიონი იყო სუბსიდიები ამ უნივერსიტეტებში გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტებისათვის. ეს უცებ აორთქლდა და ჯამში ეს გამოდიოდა 40 მილიონ 720 ათასი ლარი. დღევანდელს თუ შევადარებთ გამოდის, რომ უკვალოდ გაქრა 2 მილიონ 235 ათასი ლარი. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი რამ არის. მე ეს უნდა ვთქვა მკაცრი ფორმით, იმიტომ რომ თუ მკაცრი ფორმით არ იტყვი და ადამიანს სულიერ კომფორტს არ დაურღვევ, როგორც ჩანს თავს არ შეიწუხებს. თქვენ აგრძელებთ ლომაიასა და შაშკინის გზას და აქ რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, თორემ არაფერი სხვანაირად არ გამოვა.”

 

კიღურაძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ის პრინციპები, რაც ხელისუფლების მიერაა შემოთავაზებული საბჭოთა კავშირშიც არ ყოფილა და მსგავს პრინციპებს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში და მსგავს ქვეყნებში თუ შევხვდებით:


“გუშინ ითქვა, რომ 38 მილიონი ლარი გამოყოფილია მხოლოდ განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი მეცნიერებისათვის. ამაში თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე მეცნიერები იგულისხმება. თავდაცვის სამინისტროს სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშესაწყობად გამოყოფილი არის 44 მილიონზე მეტი ლარი. თუ შევადარებთ ამას მთლიანად მეცნიერებას, სამეცნიერო კვლევებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, უმაღლეს სასწავლებელებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს სამეცნიერო მომავალს და საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავალს და შეადარებთ სამხედრო უწყებაში მიმავალ თანხას, გამოდის, რომ 50%-ზე მეტი სამხედრო სფეროს მეცნიერებისკენ არის მიმართული. ეს ასე არ შეიძლება, ასეთი რამ საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა, ასეთი რამ შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეაში და მსგავს სახელმწიფოებში. მესმის, რომ ეს მემკვიდრეობად მიიღეთ წინა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მიდგომა უნდა შეიცვალოს.”

 

თქვენ წინა ხელისუფლების პრინციპებით ადგენთ ბიუჯეტს, მე მოგიწოდებთ ევროპული სტანდარტებით შეადგინოთ ბიუჯეტი,” – აღნიშნა კიღურაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი