ახალი ამბები

Halloween – მოხეტიალე სულების დღესასწაული [ფოტო]

31 ოქტომბერი, 2013 • • 4792
Halloween – მოხეტიალე სულების დღესასწაული [ფოტო]

ამერიკის საელჩოს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბერი, ერთ დროს, კელტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. კელტების შთამომავლებს შორის არიან ირლანდიელები, ვალიელები, შოტლანდიელები და ბრეტონელები.


ძველად ამ დღეს სამაინს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ერთი ღამით დედამიწაზე სახეტიალოდ თავისუფლდებოდნენ. ამ სულების გარდაცვლილთა სამყაროში გასაცილებლად და შესაშინებლად ხალხი კოცონს ანთებდა. პოტენციურად სახიფათო სულების დამშვიდებას კი ხალხი საკვების ძღვენით ცდილობდა. 

“ყველა წმინდანის დღის წინა საღამოს თავდაპირველად ერქვა „All Hallows’ Eve” (“hallowed” ნიშნავს წმინდას), სწორედ აქედან წარმოიშვა სახელწოდება ჰელოუინი. ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფმა აშშ–ში ჰელოუინის ტრადიციებიც ჩაიტანა. მაგრამ დღესასწაულმა ნამდვილი ფესვები მეცხრამეტე საუკუნეში, აშშ–ში მილიონობით ირლანდიელის ჩასვლისას გაიდგა; ირლანდიელებმა თან ჩაიტანეს მათი კელტი წინაპრების ჰელოუინის კოსტიუმებიც. მალე ჰელოუინის დღესასწაული მთელ ამერიკაში გავრცელდა და აფრიკელების, გერმანელების, ინგლისელების და შოტლანდიელების მიერ აღნიშნულ მსგავს დღესასწაულებს შეერწყა,”– ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ჰელოუინის დღესასწაულზე ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს ატარებენ, ზოგ შემთხვევაში, საშიშ ფორმებს ირჩევენ, ხშირად ცნობილი ფილმების გმირებს განასახიერებენ, ცხოველებს ან სხვა. “ნეტგაზეთი” რამდენიმე გამორჩეულ კოსტუმს გთავაზობთ:

ჰელოუინს ადამიანები მხოლოდ სპეციალური კოსტუმირებული ღონისძიებებით არ აღნიშნავენ. დღესასწაულის სიმბოლოა გოგრა, რომელშიც ნიღაბია გამოჭრილი, თუმცა ბრიტანეთში, ამ დღისთვის, მხოლოდ გოგრას არ ჯერდებიან და ლონდონის საკონდიტრო საწარმოების თანამშრომლები ქმნიან ჰელოუინისთვის თემატურად შესაფერის საკონდიტრო ნაწარმს, რომლებიც ამაზრზენად გამოიყურება.  

ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ კექსი, რომელსაც ხელის ფორმა აქვს და სისხლდენის იმიტაციითა გაფორმებული, ან ადამიანის ანატომიური გულის ფორმის ნამცხვარი, ან თვალის გუგის ფორმის ტკბილეული. 

“მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეული ამაზრზენად გამოიყურება, მათ არაჩვეულებრივი გემო აქვთ,” – განაცხადა ორგანიზატორმა ემა ტომასმა. 

თავად ტკბილეულის შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჰელოუინე ტკბილეულის მომზადების სირთულის გამო მათი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელოუინი უქმედ გამოცხადებული არ არის.






მასალების გადაბეჭდვის წესი