საზოგადოება

2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

31 დეკემბერი, 2021 • 1365
2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

პანდემია, ომები, 20-წლიანი მისიის დასასრული ავღანეთში… „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ 2021 წლის მნიშვნელოვან საერთაშორისო ამბებს.

შტურმი კაპიტოლიუმზე

2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის გადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრე დემონსტრანტები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, რათა საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება ჩაეშალათ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მხარდამჭერების წაქეზებაში ბრალდებული ტრამპი გახდა შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითმა პალატამ ორჯერ გამოუცხადა იმპიჩმენტი, თუმცა სენატმა გაამართლა. 20 იანვარს კი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა.

პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების შეჭრა კაპიტოლიუმში. 06/01/2021 ფოტო: EPA

კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსის პანდემია 2021 წელსაც გაგრძელდა და 3,3 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა — იმაზე მეტი, ვიდრე 2020 წელს. სულ მსოფლიოში, დაახლოებით 5,5 მილიონი ადამიანი გარდაცვლილია COVID-19-ით. მიმდინარე წლის ზაფხულიდან მსოფლიოში დომინანტური გახდა კორონავირუსის დელტა ვარიანტი, ხოლო წლის ბოლოს ომიკრონის შტამი გამოჩნდა. წელს დაიწყო COVID-19-ის ფართოდ გავრცელებული ვაქცინაცია და 11 დეკემბრამდე ვაქცინის 8,4 მილიარდზე მეტი დოზა იქნა ადმინისტრირებული. „ლანცეტის“ ცნობით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსახლეობის 75%-ს აქვს მიღებული COVID-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, შედარებით დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში — 46%-ს და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მხოლოდ — 7%-ს. ქვეყნები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინების არათანაბარი გადანაწილება ხელს უშლის პანდემიის დასრულებას.

წლის ბოლოს კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატიც (აბების სახით) გამოჩნდა. 22 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) “პაქსლოვიდს” გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

ფოტო: EPA

ნავალნის დევნა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლისა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს მოკოვში დაბრუნდა, აეროპორტშივე დააკავეს. რუსეთის გამოძიება ნავალნის თავისივე ორგანიზაციისთვის შემოწირული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ედავება, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნავალნი ცალსახად პოლიტიკური პატიმარია. რუსეთში სასამართლომ  “ექსტრემისტულად” გამოაცხადა ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციებიც.

ნავალნის საქმეზე ევროკავშირს, აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს რუსეთისთვის სანქციები აქვთ დაწესებული.

ალექსეი ნავალნი, ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

გემის გაჭედვა სუეცის არხში

2021 წლის 23 მარტს 400-მეტრიანი ხომალდის გვერდულად გაჭედვამ სუეცის არხის პარალიზება და ერთგვარი საზღვაო საცობი გამოიწვია. სუეცის არხი ერთმანეთთან აკავშირებს წითელ და ხმელთაშუა ზღვებს, საიდანაც, თავის მხრივ, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებთან დაკავშირებაა შესაძლებელი.  გემის დაძვრა მხოლოდ 30 მარტს გახდა შესაძლებელი. ამ ფაქტმა მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

გემი, რომელმაც სუეცის არხი დაბლოკა. ფოტო: EPA

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი წელს განსაკუთრებით გამწვავდა 10 მაისს, როცა ისრაელის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მძიმე შეტაკებები მოხდა მუსლიმების მნიშვნელოვან სალოცავთან იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან. „ჰამასმა” ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო, რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. რკინის გუმბათმა შეაკავა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო შეტევები განახორციელა. ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 11-დღიან კონფლიქტს, სულ მცირე, 248 პალესტინელი შეეწირა, რომელთა შორის 100 – ქალი და ბავშვია. თავის მხრივ, ისრაელი ამბობდა, რომ 225 შეიარაღებული მებრძოლი მოკლა. ისრაელის მხარეს დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის. ფოტო: EPA/MOHAMMED SABER

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის. ფოტო: EPA/MOHAMMED SABER

წელსვე, ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა. 13 ივნისს, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით, თუმცა კოალიციური შეთანხმების მიხედვით, მას 2023 წლისთვის იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს.

ბელარუსის მიერ თვითმფრინავის გატაცება

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს. დასავლურმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანია “რაინეარმა” აღნიშნულ ინციდენტი სახელმწიფო ტერორიზმად შეაფასეს. ბელარუსის კგბ-ს მტკიცებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ბორტზე ბომბის აფეთქებას გეგმავდა. „ჰამასში“ აღნიშული უარყვეს.

ბელარუსის ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებას ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. მისი საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, დაცარიელდა — ევროპული ავიაკომპანიები მას გვერდს უვლიან. ევროკავშირმა გაყინა ბელარუსისთვის განკუთვნილ 3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს, მანამ “სანამ ბელარუსი არ გახდება დემოკრატიული”.

რომან პროტასევიჩის დაკავება მინსკში მარშის გაშუქებისას 2017 წლის მარტში. ფოტო: EPA

ეთიოპიის კრიზისი

ეთიოპიაში 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს მიმდინარეობს კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ტიგრაის „სახალხო განმათავისუფლებელ ფრონტს“ შორის, რომელსაც ტიგრაის რეგიონის ბლოკადა და ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა. შედეგად, ჩრდილოეთ ეთიოპიაში დაახლოებით 9,4 მილიონ ადამიანს ესაჭიროება დახმარება სურსათით და მედიკამენტებით. ასობით ათასმა ლტოლვილმა ტიგრაიდან სუდანს შეაფარა თავი. ადამიანის უფლებათა მკვლევარების და გაეროს სააგენტოების შეფასებით, სექსუალურ ძალადობა ეთიოპიის კონფლიქტში ომის იარაღად არის გამოყენებული.

. დევნილთა თავშესაფარი დესიში, ეთიოპია, 19/08/2021. ფოტო: EPA

ავღანეთი 

20-წლიანი ომის შემდეგ აშშ-მა და კოალიციურმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს, შედეგაც „თალიბანი”, რომლის რეჟიმი 2001 წელს ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაემხო, 2021 წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა. პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიქცა.

თალიბებმა კონტროლი სამხედრო ოპერაციის გარეშე, იმდენად სწრაფად დაამყარეს მთელ ქვეყანაზე, რომ აშშ-მ თავისი საელჩოს თანამშრომლები საელჩოდან ქაბულის აეროპორტში სასწრაფო წესით, ვერტმფრენით გადაიყვანა.

აეროპორტს მიაწყდა ათასობით უცხოელი და ასევე, დასავლეთის ქვეყნებთან მომუშავე ავღანელების დიდი ნაკადი — ჟურნალისტები, თარჯიმნები, სახელმწიფო მოხელეები, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ. დასავლეთის სახელმწიფოებმა უპრეცედენტო ევაკუაციის ოპერაციის შედეგად ქვეყნიდან ათიათასობით ავღანელი გაიყვანეს, თუმცა არც თუ ისე მცირე ნაწილის გამოყვანა საერთოდ ვერ შეძლეს. ევაკუაციის დროს ქაბულის აეროპორტში არაერთი ადამიანი დაიღუპა.

ევაკუაცია ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: ომარ ჰაიდირი/AFP

AUKUS-ის შექმნა

აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ ჩინეთის შესაკავებლად ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში თავდაცვის და უსაფრთხოების ახალი ალიანსი ე.წ. AUKUS შექმნეს. შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას აძლევს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, პირველად ისტორიაში ააგოს ბირთვული წყალქვეშა ნავები. ახალი პაქტით, ავსტრალიამ გაწყვიტა 31-მილიარდ ევროიანი შეთანხმება 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ, რომელსაც საფრანგეთთან 2016 წელს მოეწერა ხელი. ეს ფაქტი გახდა უთანხმოების საფუძველი საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს, ასევე საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის.

ჯო ბაიდენის, ბორის ჯონსონისა და სკოტ მორისონის განცხადება AUKUS-ის შექმნაზე, 16/09/2021. ფოტო: EPA

კერძო ტურები კოსმოსში

მილიარდერ ილონ მასკის “სპეის-იქსმა” ისტორიაში პირველად განახორციელა ორბიტალური ფრენა სრულად სამოქალაქო ეკიპაჟის წევრებით. მანამდე ბრიტანელმა მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის „ვირჯინ გალაქტიკის“ და ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის „ბლუ ორიჯინის“ მიერ სუბორბიტალური ფრენები განხორცელდა, ანუ მათ დედამიწის ორბიტისთვის არ მიუღწევიათ. საერთო ჯამში, კერძო კოსმოსური ტურიზმის განავითარებაში 2021 წელი ისტორიული იყო.

inspiretion4-ის მისია, 16-18 სექტემბერი, 2021 წელი

მიგრანტების კრიზისი

რამდენიმე თვეა, მიგრანტები ბელარუს-პოლონეთის საზღვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობს. ათასობით მიგრანტმა მავთულხლართების დაზიანება და პოლონეთში შესვლა შეძლო. პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ სამხედროები განალახა ე.წ. „ექსკლუზიური ზონა“ შექმნა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესვლა შეზღუდული აქვთ. პოლონეთი და ბელარუსი მიგრანტების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროკავშირი ბელარუსს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. ბრიუსელის აზრით, ეს არის ლუკაშენკოს რეჟიმის საპასუხო ნაბიჯი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწესებულ სანქციევზე.

მიგრანტები ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, 18/11/2021. ფოტო: EPA

დაძაბულობა უკრაინის საზღვართან

მიმდინარე წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ უკრაინაში გახშირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულს თან ერთოდა კიევის განცხადებები, რომელთა თანახმადაც რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ათავსებდა, ეს კი ახალი ომის საფრთხედ აღიქმებოდა კიევსა და დასავლეთში. დაძაბულობამ იკლო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა თავისი ძალები საზღვრიდან გაიწვია, თუმცა ნოემბერში რუსულმა ძალებმა უკრაინის საზღვრებთან უჩვეულო გადაადგილება და თავმოყრა განაახლეს. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს გეგმავს, თუმცა არ იცის, მიღებული აქვს თუ არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს და ნატო-ს „უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმება შესთავაზა. რუსეთი ითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკან გაიწვიოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

უკრაინელი სამხედრო აკოფში სვეტლოდარსკთან, სადაც პრორუსი სამხედროების კონტროლირებულ დონეცკის ოლქთან. 03/12/2021. ფოტო: EPA

მერკელის წასვლა

გერმანიაში ფედერალური საპარლამენტო არჩევნებით დასრულდა ევროპის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა. ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობიდან 2 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს ეზოში გამართულ ცერემონიალზე, უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს.

ანგელა მერკელმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა. 26 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა ყველაზე დიდი ნაწილი „სოციალ-დემოკრატებმა“ აიღეს. მეორე ადგილზე გავიდა „ქრისტიან-დემოკრატების კავშირი“ (რომლის წევრიც იყო მერკელი), რომელიც ორ პარტიას აერთიანებს, მესამეზე —  „მწვანეები“, მეოთხეზე კი – „თავისუფალი დემოკრატები“. შედეგად გერმანიის მთავრობაში ე.წ. შუქნიშნის კოალიცია მოვიდა, რომელიც „სოციალ-დემოკრატებს“, „მწვანეებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აერთიანებს. გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი (სოციალ-დემოკრატები) გახდა.

ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია ბერლინში, თავდაცვის სამინისტროში, 02/12/2021. ფოტო: EPA

ეს სია არ არის სრულყოფილი. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე საერთაშორისო მოვლენა ამ სიაში ყოფნას იმსახურებს, დაწერეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე, კომენტარებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი