ირინე იმერლიშვილის ინიციატივა, ცვლილებების შეტანას “„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ითვალისწინებს.
კანონპროექტის მეათე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე, თუ ის იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ან თუ წარმოადგენს ყალბ, ან ძალის არმქონე საბუთებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, “საქართველოს კონსტიტუციის 22-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად “ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ზემოთაღნიშნული საკითხის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის, პირის საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია იმპლიმენტირებულ იქნეს წარმოდგენილ კანონში.”
“ანალოგიური დებულება გათვალისწინებულია “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში. ამ კანონის შესაბამისად, უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.”
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, რათა შევსებულ იქნას საქართველოს კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრული შეზღუდვა.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ “სახელწიფოსა და მისი ყოველი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საქართველოდან პირის დროებით გასვლის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანისთვის,რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პირის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ა.შ. ამასთან, პირი ინფორმირებული არ არის იმ კონკრეტული, რეალური მიზეზის თაობაზე, თუ რატომ ეთქვა უარი საქართველოდან დროებითი გასვლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ზიანი მოჰყვეს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს.
გასათვალისწინებელია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული დასკვნა ატარებს დროებით ხასიათს და შესაბამისად, პიროვნებას არ ართმევს შესაბამის ორგანოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ დასკვნას, ასევე პიროვნების საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ მასალას და არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობისას უფლებამოსილია, გააუქმოს პიროვნების მიმართ მიღებული შეზღუდვის გადაწყვეტიელბა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ სასამართლოს მასალები გაეგზავნება სახელმწიფო საიდუმლოების წესების დაცვით.”
ირინა იმარლიშვილის თქმით, მისი და ზურაბ აბაშიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში არსებული ჩანაწერის შესაბამის ორგანულ კანონში გადმოტანას გულისხმობს და რაიმე ახალი რეგულაციის შემოღებასთან საქმე არ გვაქვს:
“ახალი არაფერი წესდება. ზუსტად ერთი ერთში გადმოგვაქვს კონსტიტუციის ნორმა კანონში. თუმცა ჯერ კომიტეტზე არ გვიმსჯელია და თუ საჭირო გახდა, შეიძლება დეტალებიც დავაზუსტოთ და პროცედურების გაიწეროს. ახლა სასწრაფო წესით არ განვიხილავთ. ეს ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას უკავშირდება.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



