ახალი ამბები

სალაძე: შავაძესთან და მამისეიშვილთან იუსტიციის საბჭოს შეხვედრა საჯარო უნდა იყოს

1 მარტი, 2018 • 1975
სალაძე: შავაძესთან და მამისეიშვილთან იუსტიციის საბჭოს შეხვედრა საჯარო უნდა იყოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლე ირაკლი შავაძესთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრა ღია უნდა იყოს.

სულხან სალაძემ ამის შესახებ 1 მარტს ,”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში განაცხადა.

“ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო და ამ შეხვედრაზე ორივე მხარეს უნდა მიეცეს თანაბარ პირობებში პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა… რეალურად, ჩვენ უნდა გავიგოთ, რაზე ისაუბრებს იუსტიციის საბჭო, ვინაიდან ის ბრალდებები, რაზეც ბატონი შავაძე საუბრობდა, არის სერიოზული გამოწვევა სასამართლო ხელისუფლებისთვის და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია და მხოლოდ რაღაც ერთი ჯგუფის ხელში არ უნდა რჩებოდეს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები,”- ამბობს სულხან სალაძე.

საქმე ეხება მოსამართლე ირაკლი შავაძის სკანდალურ განცხდებას იმის შესახებ, რომ მამისეიშვილი მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა და 22 თებერვალს იმიტომ უთხრეს უარი უვადოდ დანიშვნაზე, რომ კლანის წევრი არ არის.

“ის [მამისეიშვილი] ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

შავაძის განცხადებების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასმართლოს 10-მა მოსამართლემ  განცხადება გაავრცელა, სადაც ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუე უწოდეს და სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადეს სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს.

იუსტიციის საჭოს 26 თებერვლის სხდომაზე არამოსამარლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დააყენა საკითხი, რომ საბჭო ორივე მათგანს შეხვედროდა და მათი პოზიციები მოესმინა. საბჭომ ჯანეზაშვილის წინადადება გაიზიარა და შეხვედრა ხვალ, 2 მარტს, 15:00 საათზე დაინიშნა.

ღია იქნება თუ არა საბჭოს ორი მარტის სხდომა, ამ ეტაპაზე უცნობია. საბჭოს პრესსამსახურის განცადებით, ორივე მხარის არგუმენტებს მოისმენენ და სხდომის დახურვისა თუ გახსნის საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი