“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამ საკითხს ამჟამად არავისთან განვიხილავთ რუსეთის მხრიდან. არანაირი საუბარი ამის თაობაზე არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ მათ ექნებათ ინტერესი, თუ მათ ექნებათ საინტერესო მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ. თავისთავად ეს თემა საინტერესოა, გამორიცხული არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი ჩაჯდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებში”, – განაცხადა აბაშიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართული და რუსული მხარეები ზემოხსენებული სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე თანახმა არიან, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არტურ ბაღდასარიანმა გააკეთა 6 აგვისტოს, თუმცა აღნიშნული იმავე დღეს უარყო საქართველოს მთავრობამ.
ზურაბ აბაშიძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საკითხებს შეეხება მისი და კარასინის საუბარი და მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლება:
“ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ ეს [სასაუბრო] თემები: სავაჭრო კავშირების აღდგენა, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ–კულტურული ურთიერთობები. ჩვენ მაინც უმთავრესად აქცენტს ვაკეთებთ ეკონომიკურ ასპექტებზე. ეკონომიკა და ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტიკის. ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული ხელშესახები შედეგები: აღდგა ჩვენი ექსპორტი რუსულ ბაზარზე, ჩვენი მინერალური წყლები, ღვინო… სექტემბრის ბოლომდე შევა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცი, ხილი, ბოსტნეული, ციტრუსები. ეს სადღაც 100 მილიონის პროდუქციაა წლის ბოლომდე, მომავალ წელს ეს კიდევ უფრო გაფართოვდება. სატრანსპორტო კავშირები აღსდგა, გუშინ გავხსენით ლარსზე ახალი ტერმინალი, იქ ეს ყველაფერი გაივლის. ყაზბეგში ეს გამშვები პუნქტი 24–საათიან რეჟიმში მუშაობს. ტურისტების რაოდენობამ იმატა 40 პროცენტით რუსეთიდან, ესეც შედეგია იმ ფსიქოლოგიური ფონის შეცვლისა, რაც ამ დიალოგმა მოიტანა. ბიზნესმენები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ძალიან დაინტერესებულები არიან ბიზნესით. პოლიტიკური სირთულეები, რაც ორივე მხრიდან ექმნებოდათ ადრე, დღეს აღარ არის”, – ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ქართული მხარე რუსეთისგან ასევე ელის ვიზების გამარტივების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა კონკრეტულ თარიღზე საუბარისაგან თავს იკავებს:
“ვიზების გამარტივებას მათი მხრიდან ველით. არაერთხელ ითქვა, რომ ფიქრობენ გამარტივებაზე, მაგრამ, რომ გითხრათ, ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს ვგრძნობთ, ჯერ ასე არ არის. ეს ერთ–ერთი თემაა, რაც ჯერ არ მოგვარებულა. ასევე აღსადგენია რეგულარული ავიარესიები”, – განაცხადა მან.








