ახალი ამბები

“პანკისი არ არის შორს” – აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ხელისუფლებისადმი

11 იანვარი, 2018 • 4211
“პანკისი არ არის შორს” – აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ხელისუფლებისადმი

“პანკისი არ არის შორს” –  ამ სახელწოდების აქცია საზოგადოების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან გამართეს და სახელმწიფოსგან თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის გარემოებათა დროული გამოძიება მოითხოვეს. აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებისადმი სპეციალური მიმართვაც გაახმიანეს. თუმცა შეკრებამდე აღნიშნული თემის გარშემო დისკუსია სოციალურ ქსელშიც წარიმართა.

აქციის ორგანიზატორთა  უმთავრესი მოთხოვნა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის დროული გამოძიებაა. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელ ბექა წიქარიშვილის თქმით, სახელმწიფოსგან ამ დრომდე არ მოუსმენია დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ ესროლა სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მისივე თქმით, ასევე საეჭვოა ხელისუფლების მხრიდან ტერორიზმთან კავშირის ბრალდებაზე აპელირება, როცა საქმესთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

“ვითხოვთ სიმართლის დადგენას მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლეგიტიმური კითხვა არსებობს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო დაუყოვნებლივი სროლა. გარდა ამისა, რატომ არ მოხდა სწრაფი სამედიცინო დახმარების გაწევა თემირლანის მიმართ და რატომ დასჭირდა სახელმწიფოს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებების წინ წამოწევა მაშინ, როცა მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსიც არ ჰქონდა. ხომ არ ცდილობდა ამით ის საკუთარი ბრალეულობის გამორიცხვას წინასწარ? ეს კითხვები ლეგიტიმურია და საჭიროებს პასუხს, – განუცხადა ბექა წიქარიშვილმა “ნეტგაზეთს”.

"პანკისი არ არის შორს" - აქცია კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“პანკისი არ არის შორს” – აქცია კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

საქმის დროულ გამოძიებასთან ერთად ხელისუფლებისადმი მიმართვის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პანკისის ხეობის მიმართ მიდგომის შეცვლა და უსაფრთხოების სამსახურების “უკონტროლო ძალაუფლების” შეზღუდვა იყო. იმავეს ფიქრობს “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი სოფო ვერძეული, რომელსაც მიაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სტრატეგია პანკისის ხეობაში გადახედვას საჭიროებს.

“პანკისის მოსახლეობას აწუხებს ის, რომ ხელისუფლება ადგილზე ძირითადად წარმოდგენილია უსაფრთხოების სამსახურების სახით და არ არის პანკისის ხეობისთვის ახალი და უცხო ის, რომ მუდმივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უწევთ ადამიანებს ცხოვრება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკას აქვს სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებასაც მიემართება აქციის მოთხოვნათა ნაწილი”, – აღნიშნავს ვერძეული.

რაში გამოიხატება უსაფრთხოების სამსახურების არამართლზომიერი მუშაობა პანკისში, როგორც ამას აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ – კითხვით “ნეტგაზეთმა” სულხან ბორძიკაშვილს მიმართა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს და იქვე ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. იგი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა პანკისისადმი ხელისუფლების მიდგომაა, რომელიც მისივე თქმით, ადამიანებთან სუს-ის მეშვეობით ურთიერთობს. სულხან ბორძიკაშვილის განცხადებით, მსგავსი მიდგომა ვითარების მეტად გამძაფრებას უწყობს ხელს:

“ძირითადად, ადამიანებთან საუბარი ხდება სუს-ის მეშვეობით, ყველა საკითხს აგვარებს ის და  მხოლოდ არჩევნებზე იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრები ხელისუფლების მხრიდან. ახალგაზრდებთან დამოკიდებულებაში გამოიხატება უფრო მეტად ეს ფაქტორი: მათი დაშინების ბევრი შემთხვევა არსებობს. ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად ხმას ვერ იღებენ და ჩუმდებიან. თუმცა ეს გაჩუმება რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება ძალიან საშიშ რამეში გადაიზარდოს. ვფიქრობ, ნებისმიერმა მთავრობამ პანკისში ჩვეულებრივ უნდა იმუშაოს და არ უნდა მიუდგეს მას, როგორც რაღაც განსაკუთრებულ ადგილს”.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტი, ისევე როგორც სახელმწიფოს მიდგომა პანკისისადმი, ქართულ სოციალურ მედიაშიც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. საზოგადოების ნაწილი დღევანდელი აქციის პათოსს იზიარებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მიუხედავად არსებული კითხვებისა, პროცესის ეთნიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია. ასეთი პოზიცია აქვს, მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” პროგრამების მენეჯერს, ნოდარ ტანგიაშვილს.

მთარგმნელი ნინო ბექიშვილი კი სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადაეტებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამ ფონზე კონკრეტულ შემთხვევებში ტერორიზმის საკითხით მანიპულირება დაუშვებელია.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს, დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაღუპულის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი