ახალი ამბები

პოლიციაში დაკითხული 16 წლის პატარძალი ერთი წლის შემდეგ

5 აგვისტო, 2013 • 1339
პოლიციაში დაკითხული 16 წლის პატარძალი ერთი წლის შემდეგ

იმ პოლიციელების უმრავლესობა, რომლებიც ერთი წლის წინ, მარიამისა და მისი დედის თქმით, 16 წლის გოგონას ემუქრებოდნენ, დღემდე პოლიციელებად რჩებიან.


მარიამი (სახელი პირობითია) “ქალიშვილობის ინსტიტუტის” მსხვერპლად ერთი წლის წინ იქცა.


“სადედამთილოებს და სხვებს დაყავთ გოგონები ექსპერტიზაზე. არც ერთი გოგო ამას არ უნდა იტანდეს. გამიგია, რომ ჩემსავით ბევრ გოგონას ემართება და ეს საშინელებაა”, – ამბობს მარიამი. 


ამის მიუხედავად ის ახლაც ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტს პატივს უნდა სცემდნენ.


ერთი წლის წინ პოლიციაში გატარებული კოშმარული ღამის შემდეგ, მარიამს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ის ამბობს, რომ “ვერავის შეიყვარებს” და “სიტყვა გათხოვების გაგონება არ უნდა”. ერთი წლის წინ მისი მდგომარეობა გაცილებით რთული იყო. მარიამი ამ მდგომარეობაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მომავალ ქმართან ერთად პოლიციამაც “არაქალიშვილობაში ცნო ეჭვმიტანილად”, მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე მარიამის დედამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარუდგინა, რომელშიც ეწერა, რომ მისი შვილი ქალწული იყო. პოლიციისთვის არც დედის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზა აღმოჩნდა საკმარისი. მარიამი ექსპერტიზის შეურაცხმყოფელი პროცედურის გასავლელად მეორედ პოლიციამ წაიყვანა. დასკვნა იგივე იყო. თუმცა, პოლიცია უკვე იძიებდა საქმეს, რომლის მიხედვითაც მარიამს თითქოსდა 13 წლის ასაკში X პირთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი (საქართველოში 16 წლამდე ასაკის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარება კანონით ისჯება). პოლიციამ იმდენი მოახერხა, რომ მარიამის “აღიარებითი ჩვენებაც” ჩადო საქმეში. მოგვიანებით მარიამმა თქვა, რატომაც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს – “ოღონდ თავი დაენებებინათ და მოვაწერე”. 


ცოტა ხნის წინ მარიამი, როგორც სოციალურად დაუცველი, უფასოდ სწავლობდა ქობულეთის კოლეჯში მიმტანობას. სწორედ იქ შეხვდა პირველად ერთ-ერთ ქალ პოლიციელს თავისი “ქორწილის ღამიდან”.


“პოლიციელმა დედის ქელეხი გადაიხადა კოლეჯის დარბაზში. ჩვენ, როგორც მოსწავლეებს, გვევალებოდა სუფრის ალაგება. ქელეხის ბოლოს ხალხი წასული იყო და ის ქალი დარჩა მარტო. აი, მაშინ დავინახე. ბევრი ვიტირე”, – ამბობს მარიამი.


მარიამს კარგად ახსოვს სხვა პოლიციელებიც. ქობულეთში, ქუჩაში ისინიც არაერთხელ შეხვედრიან. ყველა ერთად თუ ცალ-ცალკე 16 წლის გოგოს “ნეკნების ჩამტვრევითა” და “ციხეში ჩასმით” ემუქრებოდა. მარიამი ამბობს, გამოძიებას მისთვის პოლიციელების ამოცნობა არ შეუთავაზებია, თუმცა ელოდება, რომ ერთხელაც დადგება ამის დრო.


“მამუკა ჯაფარიძესთანაც ვიყავით, პოლიციელია მგონი, პროკურატურაში რომეო ტყაბლაძეც ვნახეთ, ის იძიებს ჩვენს საქმეს. მთავარი პროკურორიც ვნახე, ლევანი ჰქვია, გვარი არ მახსოვს… არც ერთი პოლიციელი დღემდე არ დაუსჯიათ”, – ამბობს მარიამის დედა. 


“გამომძიებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ პოლიციელებზე არ ველაპარაკო. როგორც კი პოლიციას ვახსენებ, ან ოთახიდან გადიან და ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობენ, ან სხვაგან გადააქვთ ამბავი”, – ამბობს მარიამი.

ქობულეთის პოლიციის შენობა
ქობულეთის პოლიციის შენობა

აღიძრა თუ არა ქობულეთის პოლიციის სამმართველოს პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე? რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ერთი წლის განმავლობაში საქმის გამოძიება? – მარიამის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს ბათუმის პროკურორმა ანზორ ხინიკაძემ უპასუხა:


ამ საქმეზე მოკვლევა დასრულებულია, მხოლოდ გადაწყვეტილებაა მისაღები. ცოტა დელიკატური საკითხია. ორივე ფაქტზე გვაქვს გამოძიება დაწყებული – გოგონას ფაქტზეც და პოლიციელების ფაქტზეც. ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას.


გოგონა ამბობს, რომ პოლიციელების ამოცნობაზე არ დაუძახეთ…


ამოცნობა არ არის საჭირო, გარკვეულია ყველაფერი. უბრალოდ, გოგოსთან გვინდოდა მუშაობა, ჩვენ ფსიქოლოგები ვამუშავეთ საკმაოდ შედეგიანად და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. 


რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი?


დიდი გასაგრძელებელი არ არის, მაგრამ კანონი ამის უფლებას იძლევა და ჩვენც არ ვჩქარობთ. გვინდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება ისეთი იყოს, რომ ვინმეს გაკვირვება არ გამოიწვიოს.


ის პოლიციელები ისევ აგრძელებენ პოლიციაში მუშაობას?


ზოგი მუშაობს, ზოგი – არ მუშაობს. გამოძიებას ვინც აწარმოებს, დეტალები იმან იცის… მალე მივიღებთ ჩვენ მაგაზე გადაწყვეტილებას და თუ დაგაინტერესებთ, მოგაწვდით. ცოტა რთულია იმის დადგენა ამ საქმეში, სად არის დანაშაულის ზღვარი. მორალურად არ არის გამართლებული თუნდაც იმ ბიჭის ქმედება, მაგრამ ეს გადადის თუ არა დანაშაულის მხარეს, ეს არის განსასაზღვრი.


140-ე მუხლით საქმის აღძვრაზე რა აზრის ხართ?


ამ მუხლით საქმის აღძვრის საფუძველი არსებობდა. შეიძლება ბევრს ზუსტი ინფორმაცია არ გაქვთ – ბიჭმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ გოგონას თითქოს 13 წლის ასაკში ჰქონდა ვიღაცასთან სქესობრივი კავშირი. 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი ურთიერთობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, პოლიცია ვალდებული იყო დაეწყო საქმეზე გამოძიება და დაიწყო კიდეც.


როგორც გოგონა ამბობს, 13 წელზე თვითონ პოლიციელები მიუთითებდნენ და არა მისი საქმრო….


ბიჭმა განცხადება შეიტანა, სადაც ეს მიუთითა… უნდა იყო მკითხავი, რომ მიხვდე სინამდვილეში რა მოხდა, ან საქმე უნდა გამოიძიო. პოლიცია ვერ დაიწყებდა მჩხიბავობას, ამიტომ საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს. და სწორად დაიწყეს, ამაში ვერ ვედავებით. შეფასების საკითხი ის არის, შემდგომ რა და როგორ მოხდა.


არასრულწლოვნის მშობლის გარეშე დაკითხვასთან დაკავშირებით რა გაირკვა?


არ არის დაკითხული მშობლის გარეშე, ამას მშობელიც ადასტურებს და გოგონაც. ის დედის გარეშე კი არ დაკითხეს, არამედ გაესაუბრნენ. სხვათა შორის, გოგონები მოიყვანეს თანამშრომლები, მამაკაცები არ გასაუბრებიან. ამის შემდეგ მოვიდა დედა და დედასთან ერთად გამოკითხეს. საიდან გავიდა ეს ინფორმაცია, რომ თითქოს სადღაც ჯურღმულებში დაკითხეს, არ დასტურდება. დაკითხეს დედასთან ერთად. 


ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ პოლიციელების დანაშაული არ იკვეთება?


ნუ ვიჩქარებთ, ყოველ შემთხვევაში. ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი