ახალი ამბები

თბილისი შეუთანხმდა კომპანიას, რომელიც გააკონტროლებს რუსეთის ვაჭრობას სოხუმსა და ცხინვალთან

19 დეკემბერი, 2017 • 3032
თბილისი შეუთანხმდა კომპანიას, რომელიც გააკონტროლებს რუსეთის ვაჭრობას სოხუმსა და ცხინვალთან
საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა  კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან (Société Générale de Surveillance SA), რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.
ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, გაიმართა მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS-ს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
სწორედ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაფორმდა ზემოთ აღნიშნული კონტრაქტი.
“2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის საჭიროა, რომ რუსეთის მხარემაც მოაწეროს ხელი ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და, შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთების საბაჟო ადმინისტრირება, ასევე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა.
საბოლოოდ ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს შვეიცარიის მედიაციის წყალობით გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შვეიცარიამ იკისრა იმ კერძო კომპანიის შერჩევის ვალდებულება, რომელიც სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში ტერმინალებზე მონიტორინგს და საბაჟო ადმინისტრირებას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ელექტრონული სახით საქართველო მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რითი ვაჭრობენ ერთმანეთში რუსეთი და სოხუმი, ან რუსეთი და ცხინვალი.
შვეიცარიის მხარემ დახმარება გაუწია მხარეებს (რუსეთ-საქართველოს) ნეიტრალური კერძო კომპანიის (SGS Societe Generale de Surveillance SA) შერჩევაში, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ტვირთის გადაზიდვაზე.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატიაში და ამისთვის დააკლიკეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი