ახალი ამბები

გამოუყენებელი სამართლებრივი მექანიზმი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების წინააღმდეგ

24 ნოემბერი, 2014 •
გამოუყენებელი სამართლებრივი მექანიზმი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების წინააღმდეგ

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებიდან ორ წელზე მეტი გავიდა, თუმცა კრემლის მიერ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, რომლის წყალობითაც რუსეთმა WTO-ში შესვლა შეძლო, დღემდე არ არის იმპლემენტირებული, რადგან საქართველო ჯერჯერობით ხელს არ აწერს შვეიცარიის მიერ შერჩეულ კომპანიასთან კონტრაქტს. ანალიტიკურ ცენტრ GRASS-ში მიიჩნევენ, რომ ამით თბილისი WTO-ს შიგნით რუსეთისა და აფხაზეთის სამეკავშირეო ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმს კარგავს.

 

24 ნოემბერს სოჭში ხელი მოეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რომელსაც თბილისი ანექსიის დოკუმენტად აფასებს. ხელშეკრულება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნას გულისხმობს, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ანალიტიკურ ცენტრ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) წარმომადგენელ სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს WTO-ს კონტექსტში გაფორმებულ ხელშეკრულებას – “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის შესახებ” – ეწინააღმდეგება.

 

“რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით ჩვენ WTO-ს შიგნით ახალი საბრძოლო ფრონტი მივიღეთ რუსეთთან. მოგეხსენებათ, რომ ეს ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ითვალისწინებს საბაჟო სივრცის ინტეგრაციას, რაც პირდაპირი დარღვევაა რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულების, ანუ გვაქვს იურიდიული არგუმენტი, რომ აფხაზეთთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერისაგან თავის შეკავება მოვთხოვოთ რუსეთს WTO-ს შიგნით [არაბიტრაჟის თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის გზით]. ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ ტერმინალები განათავსოს სავაჭრო კორიდორების დასაწყისში და ბოლოში, იქ (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) მიმავალი ტვირთების მოძრაობა აღნუსხოს და მიაწოდოს შვეიცარიულ კომპანიას. ეს ახალი შეთანხმება კი, რომელსაც ის აფხაზეთთან დებს, აფხაზეთთან ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნას გულისხმობს, სადაც არავითარი კონტროლი არ იქნება, ანუ ის  ჩვენს ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება”, – ამბობს კაპანაძე.

თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის კონტროლის საერთაშორისო მექანიზმი კერძო კომპანიის მონაწილეობით, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორისაა გაფორმებული, დღემდე არ ჩამოყალიბებულა. ხელშეკრულებაში კი წერია, რომ მხარეებს მისი გადახედვის საშუალება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ  შეუძლიათ. სამი წელიწადი 2015 წლის ზაფხულში გადის.

რატომ არ სრულდება რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ამ დრომდე?

 

რუსეთის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა არ უპასუხეს “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რაც საქართველოს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით რუსეთსა და აფხაზეთს, ასევე, სამხრეთ ოსეთს შორის ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემდა. რუსეთის საგარეო უწყებამ შეკითხვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა გვთხოვა, თუმცა შემდეგ მის პრესსამსახურში ორჯერ განგვიცხადეს, რომ მათ მიერვე მითითებულ, ასევე, ვებგვერდზე განთავსებულ მისამართზე ჩვენ მიერ ორჯერ გაგზავნილი შეტყობინება არ მისვლიათ. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კომენტარისაგან თავი შეიკავა:

 

“შვეიცარია ამ ხელშეკრულების მესამე, ნეიტრალური მხარეა, ამიტომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ კომენტარები გავაკეთოთ ამ საკითხზე”, – გვითხრა შვეიცარიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ჯორჯ ფარაგომ.

 

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს შეკითხვაზე ოფიციალური თბილისის პასუხი ასეთია:

 

“შვეიცარიის მხარემ დახმარება გაუწია მხარეებს (რუსეთ-საქართველოს) ნეიტრალური კერძო კომპანიის (SGS Societe Generale de Surveillance SA) შერჩევაში, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ტვირთის გადაზიდვაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიის (SGS Societe Generale de Surveillance SA) მიერ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა დაიდოს კონტრაქტები საქართველო- SGS-ს და რუსეთ- SGS-ს შორის, რომლებიც უნდა იყოს ერთმანეთის მსგავსი. ამ ეტაპზე SGS-მა უკვე განახორციელა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარესთან. ამ ეტაპზე SGS-სა და საქართველოს კონტრაქტთან დაკავშირებით მხარეებს შორის რჩება რამდენიმე შესათანხმებელი საკითხი”, – გვითხრეს საგარეო უწყებაში.

კომპანია SGS და მაია ფანჯიკიძის განმარტებები

 

“ნეტგაზეთმა” გაარკვია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია კერძო კომპანია ზემოხსენებული მიზნების განხორციელების მიზნით. ეს არის შვეიცარიული კომპანია SGS-ი, რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტები სწორედ თბილისსა და მოსკოვს უნდა დაედოთ და ის თავის საქმიანობას დაიწყებდა რუსეთსა და აფხაზეთს, ასევე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ვაჭრობის კუთხით, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა:

 

“ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ არის. SGS-ი არის შვეიცარული ფირმა, რომელსაც ე.წ. სავაჭრო კორიდორები უნდა გაეკონტროლებინა. არც ერთი მხრიდან არ არის ხელმოწერილი. რუსეთის მხრიდან თითქოს იყო მზაობა გარკვეულ ვარიანტზე ხელის მოწერის, მაგრამ ჩვენ არ მოგვიწერია ხელი”, – გვითხრა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

კითხვას, რატომ არ გააფორმა საქართველომ კონტრაქტი SGS-თან, იგი ასე პასუხობს:

 

“ამის თაობაზე რამდენიმე საფუძვლიანი თათბირი ჩატარდა და არის რაღაც გაურკვეული მომენტები ამ ხელშეკრულებაში და ამიტომ თავი შევიკავეთ ხელის მოწერისგან. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ეს იყო უსაფრთხოების საბჭოს ერთობლივი პოზიცია. კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით, ასეთი საჯარო არ არის ეს ხელშეკრულება, მაგრამ იყო მომენტები, რომელიც ჩვენში კითხვებს იწვევდა და ამ კითხვებზე არ იყო პასუხები, ამიტომ ხელი არ არის მოწერილი”.

 

ფანჯიკიძის მტკიცებით, მისი მინისტრობის პერიოდში ამ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი კონტაქტი არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში და მხარეებთან დეტალებს შვეიცარია ცალ-ცალკე ათანხმებდა. ფანჯიკიძის თქმით, გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რაც მას აქვს, იგი ვერ იტყვის, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთის გამო ვერ მოხდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შესაძლებელია თუ არა, რომ SGS-თან კონტრაქტის პირობები ან თვითონ ეს კომპანია შეიცვალოს ამ პროცესში, ფანჯიკიძე ამბობს:

 

“რადგან არ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი, ყველანაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამაზე მეტს ვერ მოგახსენებთ”.

კომპანია SGS-ს საქართველოშიც, კერძოდ, ბათუმში აქვს ფილიალი. მისი მენეჯერი თამარ ოღლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხზე ინფორმირებული არ არის:

 

“მე არ მაქვს ინფორმაცია. ეს ლოკალურ დონეზე არ ხდება. მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით გაშუქებულა. დანარჩენი, რა და როგორ ხდება, ნამდვილად არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ ვარ, ვინაიდან ჩვენი ოფისი ამაში არ არის ჩართული, ალბათ შვეიცარიულ მხარეს უნდა მიმართოთ”, – გვითხრა ოღლიშვილმა.

 

SGS-ის სათაო ოფისში შვეიცარიაში “ნეტგაზეთის” ელექტრონულ შეტყობინებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისა და რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დეტალები

რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთები საბაჟო ადმინისტრირება, ასევე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამ საკითხზე ერთ-ერთი მომლაპარაკებელი სერგი კაპანაძე იხსენებს, რომ თავდაპირველად თბილისი სავაჭრო დერეფნების ტერმინალებში ქართველი მებაჟეების განთავსებას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ საერთაშორისო მონიტორებსაც დათანხმდა, რისი ორგანიზებაც შვეიცარიის მიერ შერჩეულ კერძო კომპანიას უნდა აეღო საკუთარ თავზე. რუსეთ-საქართველოს შეთანხმების ტექსტში, რომელიც “ბათუმელებმა” საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა, საუბარია სამ სავაჭრო კორიდორზე, რომლის საბაჟო ადმინისტრირებისა და საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების ვალდებულებას რუსეთი იღებს.

 

სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა, შეთანხმებაში ნახსენები არ არის კონკრეტული სახელები, მაგალითად, აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი. ეს საკითხი თავის დროზე აფხაზეთში უკმაყოფილების საგნად იქცა. აფხაზეთის სავაჭრო დერეფნად მოხსენიება იმდროინდელმა ოპოზიციონერმა და დღევანდელმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააპროტესტა. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რომელიც თავის დროზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა და Civil.ge-ს აქვს გამოქვეყნებული, #1 სავაჭრო დერეფანი აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება და ზუგდიდში მთავრდება. #2 სავაჭრო დერეფანი იმავე ზიგზაგისებური ზოლია, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება, ეს დერეფანი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან იწყება და გორთან მთავრდება. რაც შეეხება #3 დერეფანს, ის ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.

 

ეს ხელშეკრულება შვეიცარიის მედიაციის წყალობით გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შვეიცარიამ იკისრა იმ კერძო კომპანიის შერჩევის ვალდებულება, რომელიც სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში ტერმინალებზე მონიტორინგს და საბაჟო ადმინისტრირებას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ელექტრონული სახით საქართველო მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რითი ვაჭრობენ ერთმანეთში რუსეთი და სოხუმი, ან რუსეთი და ცხინვალი.

2011 წელს, ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმებამდე, თბილისში არაერთმა ანალიტიკოსმა თუ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს WTO-ში გაწერვიანების საშუალებას დასავლეთის ზეწოლის შედეგად აძლევდა და ამ ხელშეკრულებით ქართულ მხარეს რეალური ბენეფიტები არ მიუღია, თუმცა სერგი კაპანაძე ამ მოსაზრებას სისულელეს უწოდებს:

 

“კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა და მე ეს ცალსახად შემილძია ვთქვა. ერთადერთი, რაც იყო, ეს არის დაინტერესება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ ისინიც აწარმოებდნენ მოლპარაკებას რუსეთთან. ჩვენს ინტერესში იყო, არ ვყოფილიყავით ბოლო ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს მოლაპარაკება ექნებოდა და მიგვეღო ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს ინტერესს დააკმაყოფილებდა, ანუ მონიტორინგი… ყველანაირ ზეწოლაზე საუბარი არის სრული სისუსელე”, – ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ WTO-ს საკითხზე მოსკოვი თბილისთან მოლაპარაკებით დაინტერესებული არასდროს ყოფილა.

 

“რუსეთის ინტერესი იყო, რომ ჩვენ ავტომატურად დავთანხმებულიყავით მის WTO-ში გაწევრიანებას ამერიკლებისა და ევროპელბის ზეწოლის შედეგად, ამიტომ ჩვენთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა მანამ, სანამ მისი გაწევრიანების თემა ევროკავშირთან და ამერიკასთან არ გასერიოზულდა. როცა გასერიოზულდა თემა, ჩვენთანაც მოუწია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა”.

 

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველომ რუსეთთან ვაჭრობაში უფრო სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მიღწევა, კაპანაძე პასუხობს:

 

“ამ ხელშეკრულებაში შეიძლება ყველა ჩვენი მიზანი 100 პროცენტით მიღწეული არ არის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ WTO-ზეა საუბარი და არა პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. WTO-ში ისეთ მიზანს, როგორიც დეოკუპაციაა, ვერ მიაღწევ, ამიტომ მიღწეულ იქნა ის მიზანი, რაც იყო შესაძებელი, ვაჭრობის კონტროლი”.

რა კავშირი აქვს რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას აფხაზეთის ე.წ. ანექსიურ ხელშეკრულებასთან?

 

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ამ პროცესში ხელისუფლების პასიურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების იმპლემენტაცია ვერ მოხდება, საქართველო გარკვეულ ბერკეტებს დაკარგავს, მათ შორის რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმების წინააღმდეგ სამოქმედოდ, რომელსაც თბილისი ანექსიის მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრაგმატული ბერკეტია ის, რომ თბილისს აფხაზეთსა და რუსეთს ან ცხინვალსა და რუსეთს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული აკუმულირებული ან დეტალური ფორმით ინფორმაციის მიღება შუძლია, თუმცა ვერც ამას იყენებს, იმიტომ, რომ დოკუმენტის იმპლემენტაცია ვერ ხერხდება.

 

“საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებობს გარკვეული წესები, კანონები, რომელთა კონტურებს მნიშვნელოვნად სცილდება რუსეთის ქმედებები, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, ევრაზიული კავშირის პრინციპებიც ვერ ჯდება ამ მოთხოვნებში, ამიტომ მსოფლიომ უნდა შეაფასოს რუსეთის, როგორც ამ საერთაშორისო შეთანხმების წევრის საქმინაობა, თუ რამდენად, პირობითად რომ ვთქვათ, დისციპლინირებულია ის ვალდებულებების დაცვის თვალსაზრისით”, – ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლკსის სიტყვებია. “ნეტგაზეთის” კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია და რატომ არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს მისი დაჩქარების თაობაზე, იგი ასე პასუხობს:

 

“ნაცმოძრაობას მთავარ პრიორიტეტად ყოველგვარი ურთიერთობის ჩაწყვეტა მიაჩნდა რუსეთთან და მთლიანად კონფრონტაციულ პოლემიკაში შესვლა, ჩვენი პოლიტიკა იცით, რაც არის, რაც კარგად ესმით ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც, რომ ვეცადოთ და თავი ავარიდოთ დაძაბულობის ახალ კერას სამხრეთ კავკასიაში და მოლაპარაკების ფორმატები შევინარჩუნოთ”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ხშირ შემთხვევაში განცხადებები საქმეს არ შველის.

 

“მუშაობაა საჭირო, განხილვები და დიპლომტიურ-პოლიტიკური ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ შენი ინტერესები იყოს დაცული. არის საკითხები, რომელზეც ადვილია ლაპარაკი, როცა ოპოზიციონერი ან ექსპერტი ხარ, მაგრამ როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავრობა ხარ, მხოლოდ განცხადებების კეთებით ფონს ვერ გახვალ”.

 

სერგი კაპანაძის თქმით კი, ხელისუფლებას ბევრი დრო არ რჩება:

“ამ ხელშეკრულებას შემდეგი წლის ზაფხულში გასდის ვადა, კი გრძელდება ავტომატურად, მაგრამ სამი წლისთავზე რუსეთმა რომ თქვას, ქართული მხარის გამო არ იქნა შესრულებული ხელშეკრულება და მისი გადახედვა მოითხოვოს, რას ვიზამთ? SGS-ი თუ უარს იტყვის ამ ყველაფერზე, როგორ ფიქრობთ, ბევრი კომპანია გამოჩნდება, რომელიც ამ სისულელეში ჩართვას მოისურვებს? თუ ხელშეკრულებას არ ავამოქმედებთ, გამოდის, რომ ტყუილად შეგვიშვია რუსეთი WTO-ში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი