ახალი ამბები

იერუსალიმის სტატუსი და საქართველო – ისრაელის ქნესეთის ორი დეპუტატის პოზიცია

19 დეკემბერი, 2017 • 4006
იერუსალიმის სტატუსი და საქართველო – ისრაელის ქნესეთის ორი დეპუტატის პოზიცია

იერუსალიმის სტატუსის გარშემო დაძაბულობა იზრდება. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია, რაც არაბული და არა მხოლოდ არაბული ქვეყნების აღშფოთებას იწვევს.

17 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც მანამდე ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, იმედი გამოთქვა, რომ სადავო აღმოსავლეთ იერუსალიმში თურქეთი თავის საელჩოს გახსნას მალე შეძლებს. პარალელურად, შეტაკებები არ წყდება პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის სამართალდამცავებს შორის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი.

რა პოზიცია უნდა ეკავოს საქართველოს მოცემულ ვითარებაში? “ნეტგაზეთმა” ამ კითხვით ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს – ქნესეთის – ორ დეპუტატს მიმართა. ერთი მათგანი სახელისუფლებო ბლოკის, მეორე კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. ისინი “ისრაელის სახლის” მიერ ორგანიზებულ ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

დეპუტატი აკრამ ჰასონი ცენტრისტული პარტიის “კადიმას” წევრია, რომელიც თავის მხრივ სახელისუფლებო ბლოკ “ლიკუდშია” გაერთიანებული. იგი ფიქრობს, რომ იერუსალიმის სტატუსი ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს და ტრამპმა თავის განცხადებით მხოლოდ სიმართლე დაამოწმა. მისი აზრით, აღნიშნული ნათელია ქართული მხარისთვისაც.

“საქართველო ისრაელის მეგობარია და მხარს უჭერს ებრაულ საზოგადოებას. ჩვენ უკვე 25 წელია, გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.  ჩვენ არ გვჭირდება ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ ისრაელში და თქვან, რომ იერუსალიმი მისი დედაქალაქია, რადგან ეს ისედაც ჭეშმარიტებაა”, – ამბობს ჰასონი.

აკრამ ჰასონი

აკრამ ჰასონი

მისი განცხადებით, საქართველოსთვის ინტერესთა კონფლიქტი რეგიონის ქვეყნებთან პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან თბილისი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

“თუ ჩვენ იმაზე ვიფიქრებთ, რას მოიმოქმედებენ არაბები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სერიოზული არ იქნება, რადგან ისრაელი ათწლეულებია იბრძვის საკუთარი მომავლისთვის და ვფიქრობთ, რომ ვდგავართ სწორ გზაზე. საქართველოსთვის სწორი იქნება, თუ ის დაადასტურებს იერუსალიმის სტატუსს. თუ საქართველო დაეთანხმება ამერიკას და იქნება მეორე მის შემდეგ, ვინც აღიარებს იერუსალიმს დედაქალაქად, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ეს ისედაც ისტორიული ჭეშმარიტებაა”.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც “ნეტგაზეთს” იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ესაუბრა, იტზიკ შმულია, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიიდან. ქნესეთის მემარცხენე ცენტრისტი წევრი ქართული მხარისთვის რჩევების მიცემისგან თავს იკავებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დღის წესრიგი უკეთ იცის, მათ შორის ის, თუ რა სახის გადაწვეტილება არგებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

“ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და მჯერა, რომ ქართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რა იქნება ჩვენი ურთიერთობებისთვის უკეთესი. არ ვფიქრობ, რომ სამშვიდობო პროცესების, დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მხარდაჭერასა და სიმართლის დადასტურებას შორის წინააღმდეგობა არსებობდეს; სიმართლის, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია ბოლო 70 წლის განმავლობაში. ტრამპის განცხადება მხოლოდ ადასტურებს ამ სიმართლეს. ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა ამაში ახალი არაფერია”, – აცხადებს შმული.

იტზიკ შმული

იტზიკ შმული

სახელისუფლებო ბლოკის წევრი კოლეგისგან განსხვავებით, იტზიკ შმული ფიქროს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ნამდვილად სჭირდება, თანმდევი სირთულეებიდან გამომდინარე. თუმცა კვლავაც აღნიშნავს, რომ “სიმართლის დამოწმება და მშვიდობა” ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

“მე მესმის აღნიშნული სირთულე. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს მსგავსი ისტორია აქვს, ისტორია უამრავი დაბრკოლების გადალახვისა და გადარჩენის მცდელობისა ამ რთულ რეგიონში. ვიაზრებ სიტუაციის კომპლექსურობას, თუმცა, ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა სიმართლის დადასტურებასა და იმის ხმამაღლა გაცხადებას შორის, რომ საქართველო ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობების დალაგების მომხრეა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო ფორმულაა”.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 7 დეკემბერს გაავრცელა. უწყებაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ქართული მხარე მოვლენათა განვითარებას აკვირდება.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა, ორდეკადიანი უარის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის საუკეთესო დროა. მანვე მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადასატანად.

ტრამპის გადაწყვეტილება მუსლიმურ ქვეყნებში ერთხმად დაგმეს, ევროპაში კი მოსაზრებები ორად გაიყო: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება კრიტიკულად შეაფასეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა, ჩეხეთისა და ავსტრიის მემარჯვენე ლიდერები კი გადაწყვეტილებას მიესალმნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი