დღეს, 23 ივლისს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ევროპარლამენტის ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კომიტეტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ვალბორგ ლინდენ ჯონსტენთან, ევრო-მიდის (EURO–MID) პროგრამის დირექტორთან ბორიანა ჯონსონთან და ევროპული ფემინისტური ინიციატივის (IFE – EFI) პრეზიდენტთან ლილიან ჰალს ფრენჩთან, საზოგადოებრივი მონაწილეობის და ჩართულობის ინიციატივის აღმასრულებელ დირექტორთან ეგვიპტიდან-აფაფ ნასრელდინ ჰასან მარისთან, საზოგადოება “დომეინის” კოორდინატორთან, ევროპული ფემინისტური ინიციატივის ხორვატიის კოორდინატორან, მირიანა კუცერთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ პოლიტიკაში გენდერული ბალანსის აღდგენასა და ქვეყანაში ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
“ძირითადი საკითხები ეხებოდა გენდერული თანასწორობის მდგომარეობას საქართველოში. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა არის ევროკაშირში ინტეგრაცია, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებრივ მდგომარებას ქვეყანაში, მათ შორის, ტრეფიკინგის, ოჯახური ძალადობის, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათთან კონტაქტები არის მნიშვნელოვანი. იყო საუბარი პოლიტიკაში ქალთა აქტიურობისთვის აუცილებელ ზომებზე და კვოტირების სისტემის ამოქმედებაზე გარკვეული კონსულტაციები მივიღეთ,” – ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე.
მისივე თქმით, გენდერული ბალანსის დაცვა ევროპაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხია:
“კვოტირების თემა არის საკითხი, რომელზეც პოლიტიკური პარტიის დიდი ნაწილი არ თანხმდება, არის დისკუსია ამის თაობაზე, რომ სავალდებულო კვოტა შექმნის გარკვეულ პრობლემებს პარტიებისთვის, მაგრამ ამ თემებზე აქტიურად გვიჭერენ მხარს ქალთა ორგანიზაციები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენდერული ბალანსი დაცული იყოს თვითმმართველობის არჩევნებში და ცხადია, საპარლამენტო არჩევნებშიც.”
