ახალი ამბები

საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები

22 ივლისი, 2013 • 3351
საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების სააგენტოში 20 ივლისიდან რიგია. სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები შვილების სასურველ სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვას ითხოვენ. 

 

“ისანში ვცხოვრობთ. ვიცოდი, რომ ჩარიცხვაზე პრობლემები იყო, ამიტომ რეგისტრაციის პროცესის დროს ისანი-სამგორის რაიონის ნებისმიერ საბავშო ბაღზე ვიყავი თანახმა. აღმოჩნდა, რომ ადგილი მხოლოდ გარდაბნის რომელიღაც ბაღში იყო და იქ დავრეგისტრირდით. არ ვიცოდი, რომ გარდაბნის რაღაც ნაწილი თბილისში შემოდიოდა. ახლა მოვედი აქ, რომ გავაუქმო რეგისტრაცია,”- ამბობს მშობელი, თინა კვინიკაძე, რომელიც რეგისტრაციის გასაუქმებლად ბავშვთა ბაღების სააგენტოში დღეს, 22 ივლისს მივიდა. 

 

თბილისის საბავშვო-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. აღნიშნული 10 დღის განმავლობაში დარეგისტრირება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ. შემდეგი 10 დღის განმავლობაში (10 ივლისიდან 20 ივლისამდე) კი დედმამიშვილების რეგისტრაციის პროცესი შედგა. ამით სააგენტო იმ ოჯახს, ვისაც სკოლამდელი ასაკის 1 შვილზე მეტი ჰყავს, საშუალება მისცა, ერთ კონკრეტულ ბაღში დარეგისტრირებულიყვნენ. შემდეგი ეტაპი კი, რომელიც 20 ივლისს დაიწყო და უწყვეტად მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ყველა ბავშვის რეგისტრაციას მოიცავს. ამის მიუხედავად, ბავშვთა-ბაღების სააგენტოში რეგისტრაციის მესამე ეტაპზე იყვნენ ისეთებიც, ვინც წინა სხვა ეტაპების დროს ვერ დარეგისტრიდა. 

 

მაგალითად, სააგენტოში მისული ერთ-ერთი მშობლის თქმით, მაშინ, როდესაც მშობელს ინტერნეტით ორი შვილი უნდა დაერეგისტრირებინა, მხოლოდ ერთის რეგისტრაცია მოასწრო.

 

“მეორე შვილი ვერაფრით ვერ დავარეგისტრირე, სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, რომ ამავე ბაღში ყველა ადგილი შევსებული იყო იმ დროისთვის. ახლა აქ, სააგენტოში მოვედი, იქნებ რამით დამეხმარნენ. როგორ ვატარო შვილები სხვადასხვა საბავშვო ბაღში? წარმოუდგენელი რამეა,” – ამბობს ნინი კასრაძე. 

 

სააგენტოში მშობელს ვერ დაეხმარნენ. ერთადერთი რჩევა იყო ის, რომ მშობელი ბაღის დირექტორს გაესაუბროს.  

 

კითხვაზე, ბავშვის ჩარიცხვის რა მექანიზმი აქვს საბავშვო ბაღის დირექციას, საბურთალოს რაიონში არსებულ საბავშვო ბაღის “იმედის” დირექტორი, ციცინო ხარაშვილი ამბობს: 

 

“როდესაც დალაგდება სიები, გვეცოდინება, რომელ ჯგუფში რამდენი ბავშვია, კონკრეტულ შემთხვევებზე საბავშვო ბაღის სათათბირო განცხადებით მიმართავს საბავშვო ბაღების სააგენტოს. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებზე უარს არ გვეტყვის სააგენტო. 50-60 ბავშვს ნამდვილად ვერ დავსვამთ თითო ჯგუფში, მაგრამ, სადაც რისი საშუალებაც გვექნება, ამაზე ვიმსჯელებთ,”- ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი, ციცინო ხარაშვილი.

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო
თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო

 

სოფო ხოშტარია, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე თბილისში არსებულ 156 საბავშვო ბაღში თავისუფალი ადგილი ფაქტობრივად აღარ არის, შესაბამისად, რისკი, რომ ბავშვთა გარკვეული ნაწილი სექტემბრიდან ვერ მივა საბავშვო ბაღში, არსებობს. 

 

სოფო ხოშტარიას თქმით, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები შარშანაც იყო, თუმცა, მიმდინარე წელს რიგმა ფაქტორებმა ადგილების რაოდენობა საბავშვო-ბაღებში კიდევ უფრო შეზღუდა. ერთ-ერთი ფაქტორია ის, რომ მიმდინარე წლიდან სახელმწიფო საბავშვო ბაღები უფასო გახდა.

 

“მოგეხსენებათ, ახალი სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები გაჩნდა ბაღებში, რამაც სასწავლო სტანდარტები გაზარდა. შესაბამისად, მშობლებს უკვე ურჩევნიათ, აღარ იხადონ საფასური კერძო ბაღში და სახელმწიფოში შემოიყვანონ. გარდა ამისა, იცით, რომ შობადობაც არის გაზრდილი, რაც ნათლობასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივამაც გამოიწვია,” – ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი.

 

მისივე თქმით, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ რეგისტრაციის პროცესი არ სრულდება და უწყვეტი იქნება.

 

“თუ ახლა ვერ დარეგისტირდებიან,  ამის საშუალება მომდევნო თვეებშიც ექნებათ. ეს პროცესი უწყვეტია. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ ისიც, რომ უკვე დარეგისტირებული ბავშვი, თუ საბავშვო ბაღში 5 დღის განმავლობაში არ ივლის და შესაბამის ჯანმრთელობის ცნობას მშობელი არ წარადგენს, დირექტორს შეუძლია ის გარიცხოს, შესაბამისად, ჩნდება ვაკანსია,”- ამბობს ხოშტარია. 

 

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც უკვე დადიან საბავშვო ბაღში, მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნიათ. ყველაზე დიდი პრობლემა ბაგა-ბაღში სიარულის მსურველ 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ, ვისაც პირველად უწევს რეგისტრაციის გავლა. 

 

თბილისში არსებულ საბავშვო ბაღებში 40 ათაზე მეტი ბავშვი ირიცხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი