ახალი ამბები

ცნობები ახმედ ჩატაევზე – მოკლედ

28 ნოემბერი, 2017 • 7541
ცნობები ახმედ ჩატაევზე – მოკლედ

განახლება: 1 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის ახმედ ჩატაევია, რომელმაც თავი აიფეთქა.

[red_box]რა ვიცით ახმედ ჩატაევზე?[/red_box]

ახმედ რაჯაპოვიჩ ჩატაევი 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში. ის ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და იმ დროს დაკარგა ხელი. სწორედ აქედან მოდის მისი ზედმეტი სახელიც “ცალხელა”. 

2001 წელს ჩატაევი ავსტრიაში გაეგმგზავრა, საიდანაც მოსკოვის ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიაში ბაზირებულ რუსეთის მოწინააღმდეგე მებრძოლებს ლოჯისტიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის 2003 წლიდან იძებნება ტერორიზმის მუხლით. რუსეთის მედიაში ჩატაევი „კავკასიის იმირატის“ ხელმძღვანელის, დოკუ უმაროვის ოფიციალურ წარმომადგენლად მოიხსენიებოდა ევროპაში.

ახმედ ჩატაევი © Impact Press Group / SIPA / Scanpix / LETA

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ დაკარგა ჩატაევმა ხელი ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში: ერთი-ერთი ვერსიის თანახმად, მას ხელი რუსეთში წამების დროს მოაჭრეს და სწორედ წამების კომპონენტი გახდა ავსტრიის მიერ მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საფუძველი (წყარო: კომერსანტი), მაგრამ ასევე არსებობს მეორე ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც ის ომის დროს დაიჭრა და ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

ავსტრიის მართლმსაჯულების სისტემამ ჩატაევს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი მიანიჭია 2003 წელს.

2008 წელს ჩატაევი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად შვედეთის ქალაქ ტრელებორგში დააკავეს (“მედუზა”). რუსული მედიის ცნობით, მანქანაში პოლიციამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა. ჩატაევმა შვედეთის ციხეში 1 წელი დაჰყო.

2010 წელს ჩატაევი უკრაინის ქალაქ უჟგოროდში დააკავეს (DW). როგორც მაშინ უკრაინის შს მინისტრმა იური ლუცენკომ განაცხადა, უკრაინელმა პოლიციელებმა ჩატაევის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და მოკლული ადამიანების ფოტოები იპოვეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება აუკრძალა და უკრაინულმა მხარემ საქართველოს გადასცა.

საქართველო ჩატაევს   2000-იან წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ედავებოდა, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი (მედუზა). ჩატაევის ახლობლების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მისი გადაცემა იმიტომ მოითხოვა, რომ ამ უკანასკნელის რუსეთში ექტრადიცია არ განხორციელებულიყო (ეხო კავკაზა).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ დეილი ბისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩატაევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სასარგებლოდ მუშაობდა.

“რამდენიმე წლის წინ მე გადმოვიბირე ჩატაევი, რომელიც კარგი ინფორმატორი და მომლაპარაკებელი იყო ჩვენსა და ჩრდილოკავკასიის ისლამისტურ იატაკვქვეშეთს შორის. მისი დახმარებით ჩვენ რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა ავიცილეთ თავიდან”, – განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.

უკრაინის მიერ ჩატაევის საქართველოსთვის გადაცემის შემდეგ, ამ უკანასკნელმა გარკვეული პერიოდი ციხეში გაატარა, შემდეგ გათავისუფლდა, პანკისის რაიონის სოფელ დუისში დასახალდა და იქორწინა (მედუზა).

2011 წელს ჩატაევი მას შემდეგ დააკავეს, რაც თურქეთიდან ბულგარეთში შესვლას ცდილობდა. ბულგარეთის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მისი რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აპელაცია ჩატაევმა მოიგო და რუსეთის ციხეს კვლავ გადაურჩა.

აჰმედ ჩატაევი მედიის ყურადღების ქვეშ 2012 წელს ისევ მოექცა. ის იმ წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებულ დივერსანტებად გამოაცხადა.

გია ლორთქიფანიძე დეილი ბისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატაევთან თანამშრომლობით კმაყოფილი იყო, მაგრამ შემდეგ ამ უკანასკნელმა “მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და დააკავეს”.

“2012 წლის აგვისტოში რადიკალი მებრძოლების ჯგუფი საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. ჩატაევმა თქვა, რომ ის თავის ძმებს ვერ მიატოვებდა”, – ამბობს ლორთქიფანიძე.

ჩატაევი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და მისი ფეხის ამპუტაცია განხორციელდა. მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებაში ედებოდა.

2012-2013 წლებში ჩატაევი ჯერ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ხოლო შემდეგ მას სახელმწიფომ ბრალდებაც მოუხსნა. მოგვიანებით,  მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა და სტამბულის ტერაქტის უკან შესაძლოა სწორედ ის იდგა, განმარტებების კეთება მოუწიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს. ჩატაევის ინტერესებს სასამართლოში სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი იცავდა, რომელსაც ადრე ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი წინააღმდეგი იყო, რომ ახმედ ჩატაევი პროკურატურას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.  უჩა ნანუაშვილმა კი განმარტა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ახმედ ჩატაევისთვის ტერორიზმში მონაწილეობის მუხლით ბრალი არასოდეს წაუყენებიათ და იმ საქმეში საუბარი მხოლოდ იარაღის შენახვაზე იყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ იმ დროს ახმედ ჩატაევი საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. მომლაპარაკებლად გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. ამ ვერსიას ჰყვებოდა თავად ჩატაევიც. მისი თქმით, ის ქართული მხარის თხოვნით შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შეხვდა, შემდეგ მათი დანაბარები ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა და ამის შემდეგ სროლა ატყდა.

“ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვიცი, რომ ჟურნალისტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. საქართველოს მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს. რაც ბედისწერა იყო, ის მოხდა და მე ალაჰის მადლობელი ვარ,” – განაცხადა ჩატაევმა სასამართლოსთან, მისი გათავისუფლების შემდეგ.

2014-2015 წლებში ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ის მხარეს იბრძოდა. თურქული მედია, 2016 წლის ივნისში, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორად სწორედ მას ასახელებდა. სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად, დაიღუპა 42 და დაშავდა 239-ზე მეტი ადამიანი.

გაეროს უშუშროების საბჭოს ჩანაწერების მიხედვით, ჩატაევი, რომელიც ასევე ცნობილია დევიდ მაიერის (ავსტრიაში) და ახმედ შიშანის (სირიაში) სახელით, ISIS-ში რუსულად მოსაუბრე 130 ტერორისტს მეთაურობდა და მისი ფუნქციები ახალი მებრძოლების რეკრუიტირება, ასევე მათი მომზადება და უცხოეთში განთავსება იყო.

ახმედ ჩატაევი (მარჯვნივ) სირიიდან გავრცელებულ ვიდეოში თანამოაზრეებს ISIS-ის სასარგებლოდ ბრძოლისაკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი