ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ახმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი

30 ივნისი, 2016 • 2894
თეა წულუკიანი: ახმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი

საქართველოს იუსტიციის მიისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი წინააღმდეგი იყო, რომ ახმედ ჩატაევი პროკურატურას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

თურქული გამოცემის, “იენი შაფაკის” ცნობით, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევია.

„ჯერ კიდევ მაშინ, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიყავი წინააღმდეგი ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების. ვემხრობოდი იმას, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. თუმცა იმ დროს, თქვენ გახსოვთ, პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ეს არის წარსული. ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, მათ შორის, თურქეთის სახელმწიფოსთან კიდევ უფრო აქტიურად, რადგან, როგორც ჩანს, ტერორისტები არიან იმ გეგმების შემუშავების პროცესში, რომელიც ყველაზე დაუცველ მსხველპლს იღებს ნიშანში – ეს გახლავთ სამოქალაქო პირები, მგზავრები, ტურისტები,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჰმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. 2012 წლის 6 დეკემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუცვალა 5000-ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა. ჩატაევი, თურქული მედიის ცნობით, 2013 წელს შეუერთდა “დაეშს” (ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს”).

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად დაიღუპა 42, დაშავდა 239-ზე მეტი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, 28 ივნისს სამმა თავდამსხმელმა აეროპორტის ტერმინალის შიგნითა და გარეთა მხრიდან დაიწყო სროლა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა,  თავი აიფეთქეს.

გამოცემა “იენი შაფაკი” წერს, რომ თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტზე სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი იყო ოსმან ვადინოვი, წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე. მან პირველმა აიფეთქა თავი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ფიქრობს, რომ თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დგას.

“როიტერსი” კი წერს, რომ თურქეთის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ “როიტერსთან”, რომ ჩატაევი ან ვადინოვი გამოძიებაში ფიგურირებენ.

აჰმედ ჩატაევი, გაეროს ცნობით, პასუხისმგებელია “ისლამური სახელმწიფოსათვის” რუსულენოვანი მებრძოლების რეკრუტირებაზე და რუსეთის პოლიციის მიერ იძებნება.  ის გაეროსა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ტერორისტთა სიაშია შეყვანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი