ჩატაევის საქმეში ბრალდებული ყველა პირი სასამართლომ გაამტყუნა

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის სასამართლომ 6 ბრალდებული დამნაშავედცნო.

გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ გამოიტანა საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2017 წლის ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევასა და რესურსებით უზრუნველყოფას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანატოლი ბ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რამაზ მ-ს კი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსლან ა-ს და ზურაბ ი-ს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შორაიპ ბ-ს და რუსლან შ-ს სასამართლომ 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  შოაიპ .-ს  ბრალი  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტერორისტული მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაა და ტარებას ედავებოდა.

რუსლან შ-ს კი, რომელიც ამჟამად მიმალულია, ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთაში ედებოდა.


საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებდა, რომლის მტკიცებით 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული და დაკავებული პირების მიზანი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო. სუსის მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში დაკავებულები, მათ შორის მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავების მცდელობისას მოკლეს, ახმედ ჩატაევს დაეხმარნენ, საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ მათ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლით და 328-ე მუხლით, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. ასევე 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.