ახალი ამბები

სუსი: დადგინდა, რომ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევი მოკლეს

1 დეკემბერი, 2017 • 7234
სუსი: დადგინდა, რომ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევი მოკლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიის ცნობით, 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლულებს შორის ერთი პირი ახმედ ჩატაევია, რომელმაც თავი აიფეთქა.

წაიკითხეთ – ცნობები ახმედ ჩატაევზე – მოკლედ.

“ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით, ანუ დაქტილოსკოპიური კვლევით, დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია,” – განაცხადა სუს-ის სპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან არ ჰქონიათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

“გამოძიების პროცესში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირები სხვა დანაშაულებრივ პირებთან,” – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული იქნა 1 პირი, რის შემდეგაც კონტრტერორისტული დეპარტამენტი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალალერად განხორციელდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს,” – აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის ცნობით, 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა – ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

ნინო გიორგობიანის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული 2 ფოტოდან, ერთ-ერთზე ლიკვიდირებული პირია გამოსახული, თუმცა სუს-ში კვლავაც აცხადებენ, რომ ამ ორი ლიკვიდირებულის ვინაობა დადგენილი არა აქვთ.

ნინო გიორგობიანის თქმით, სუს-ი მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.

სუს-ის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლით და 328-ე მუხლით, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

სუს-ი არ ადასტურებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მოკლულ წევრებს შორის ერთ-ერთი არის ადამ გუმაშვილი. ნინო გიორგობიანის თქმით, გრძელდება მუშაობა მოკლული 2 პირის იდენტიფიკაციის მიზნით.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ სად იმყოფება ამ დროისთვის ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი, ნინო გიორგობიანმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. მისივე თქმით, ჩატაევის ცოლ-შვილმა საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა.

როგორც ნინო გიორგობიანი აცხადებს, არ შეესაბამება სინადვილეს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის ადგილზე, ანუ ბინაში, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფი ცხოვრობდა, ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ: “სპეცოპერაციის დროს არ ყოფილან და მანამდე იქ, 2 თვის განმავლოაბში, ვინ და როგორ იმყოფებოდნენ და რას აკეთებდნენ, ამაზე დღეს ვეღარ ვისაუბრებ”.

გიორგობიანის თქმით, სპეცოპერაციის დროს ამ პროცესში არცერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული.

რა მიზნით იმყოფებოდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოში? აპირებდნენ თუ არა ისინი საქართველოში ტერაქტს? როგორ შემოვიდნენ ისინი საქართველოში? როგორ აღმოჩნდა დიდძალი შეიარაღება მათ ხელში და არის თუ არა ამ იარაღებს შორის ქართული სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილი იარაღიც? ჰყავდათ თუ არა მათ მოკავშირეები საქართველოში? – ეს შეკითხვები დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ში უპასუხედ დატოვეს და განაცხადეს, რომ მომავალში მოხდება მათზე პასუხის გაცემა.

არიან თუ არა ჯგუფის სხვა წევრები ამ დროისთვის საქართველოში? – ამ კითხვაზე ნინო გიორგობიანმა უპასუხა: “მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუ ჰყავდათ მათ მოკავშირეების საქართველოში.”

სუს-ის ინფორმაციით, თბილისის სპეცოპერაციასთან კავშირი არა აქვს ქობულეთში დაკავებულ ქალს.

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ქრონიკა:

  • 2017 წლის 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე.
  • თითქმის 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.
  • სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.
  • გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა არაერთი ბინა; ისნის გამგეობამ და მერიამ ოჯახები დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. მათი ბინების აღდგენა/რემონტამდე ისინი ქირით იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის. სუს-ი, ისნის გამგეობა და თბილისის მერია მათ მხარდაჭერას ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი