ახალი ამბები

რა ვიცით თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულზე

16 ივნისი, 2020 • 1965
რა ვიცით თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 15 ივნისს დაადასტურა, რომ თბილისში 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობები დაკავებულის სავარაუდო გეგმებზე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ დაკავებულს ბრალად ედებოდა ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა და ტარება.

რა მოხდა 12 ივნისს და რა ვიცოდით 15 ივნისის საღამომდე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, 12 ივნისს ჩაატარა. შედეგად, დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპლექს “დრიმ თაუნის” ერთ-ერთ ბინაში ქირით ცხოვრობდა.

დაკავებულის ადვოკატი აღნიშნავდა, რომ არ შეეძლო ბევრი ინფორმაციის გაცემა და ასახელებდა მხოლოდ მუხლს, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებოდნენ: ეს იყო სსკ-ის 362-ე მუხლი, რომელიც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას და მის გამოყენებას გულისხმობს.

“გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – აღნიშნავდა იურისტი ნინო მიქატაძე.

სპეცოპერაციის ჩატარებიდან 15 ივნისის საღამომდე მეტ ინფორმაციას არ გასცემდა არც დაცვის მხარე და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მედიაში კი განსხვავებული ცნობები პერიოდულად ვრცელდებოდა.

13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის სახლში. “რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელიც ხანგოშვილს ესაუბრა, ფაქტი უკავშირდებოდა ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს.

ხასო ხანგოშვილი აღნიშნავდა, რომ ეს პიროვნება ორჯერ ან სამჯერ იყო ჩასული პანკისის ხეობაში და მის სახლსაც სტუმრობდა.

“ათასი სტუმარი მოდის ჩემთან. ძალიან კონტაქტური ახალგაზრდაა. ბიზნესისთვის ვარო ჩამოსული”, – აცხადებდა ხანგოშვილი დაკავებულზე საუბრისას. გამოძიებამ გამოკითხა ხასო ხანგოშვილის ვაჟიც.

14 ივნისს, სპეცოპერაციისას დაკავებულთან დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა ხასო ხანგოშვილის შვილმა, ნონა ხანგოშვილმა. ბოკოვს პანკისში სხვა სახელით, კერძოდ, ახმედით იცნობდნენ. ნონა ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ პანკისში ყოფნისას “ახმედი” მიდიოდა ხოლმე შერიგების პროცესზეც, რომლის ფარგლებშიც პანკისში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი გვარის – მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების შერიგებას ცდილობდნენ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა კაცი, ვისური მუთოშვილი მოკლეს.

“…მინდა ავუხსნა ყველას, რომ ჩვენთან ასეთ დროს, როცა მკვლელობის პატიებას ითხოვენ, (რაც ნიშნავს ამ ორი გვარის შერიგებას) გარეშე პირებს, ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ეს დიდ მადლად ითვლება. შეიძლება ის არ იყო მთავარ შემრიგებელთა შორის, მაგრამ ის მიდიოდა ამ შერიგებაზე, როგორც ყველა დანარჩენი, თან ჩამოსული ჩეჩენი სტუმარის სტატუსით, რომ თუ საჭირო გახდებოდა მისი უშუალო დახმარებაც, დახმარებოდა კიდეც”, – წერს ხანგოშვილი.

ამავე პოსტში ის მამამისის, ხასო ხანგოშვილის ნათქვამსაც იმეორებს, რომლის მიხედვითაც “ახმედი” საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა და არა უშუალოდ ჩეჩნეთიდან.

“ჟურნალისტის მკვლელობის მომზადება რამზან კადიროვის დავალებით” – რა გავიგეთ 15 ივნისს?

15 ივნისის საღამოს ტელეკომპანია “ფორმულამ”, მცირე ხნის შემდეგ კი “მთავარმა არხმა” ,გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში სპეციალური მისიით იყო ჩამოსული და “მთავარი არხის” წამყვანისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მალევე გამართა ბრიფინგი “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც დაკავებული პირი მოიხსენია როგორც ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული რუსეთში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წელს. გვარამიას თქმით, ბოკოვი სუს-მა სხვა მიზეზით დააკავა(ყალბი დოკუმენტები), თუმცა, რეალურად, ის გიორგი გაბუნიას მკვლელობისათვის იყო ჩამოსული ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უშუალო დავალებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბოკოვი ინტერპოლის მიერ ძებნილი არ ყოფილა. მედიაში არსებული ინფორმაციით, ბოკოვი რამდენიმა თვეა საქართველოში იმყოფება.

გვარამიას თქმით, მკვლელობის მომზადების მიზეზი იყო გასული წლის ივლისში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება , როდესაც ჯერ კიდევ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე მუშაობდა. “მთავარი არხის” დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოკოვის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკრაინული სამართალდამცავი უწყებისგან მიიღო, სადაც თავდაპირველად დაიწყო გამოძიება.

“საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად და ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, [რაც] მისასალმებელია”, – თქვა მან.

გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

მედიაში გავრცელებული ამ ცნობებისა და გვარამიას ბრიფინგის შემდეგ, განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც დაადასტურა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საკითხის არსებობა საქმეში.

“ბრალდებულ ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აღნიშნა უწყებამ.

სუს-ის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შემდეგაც ბოკოვის მიმართ ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდება გამოიკვეთა.

“გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და, იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული”, – წერს უწყება.

სუსი აღნიშნავს, რომ ინტენსიურად მუშაობს საქმეზე, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

მას შემდეგ, რაც გაბუნიას, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის შესახებ მედიით გახმაურდა, ხასო ხანგოშვილს კითხვები გამოძიებასთან აქვს:

თუკი ასეთი განზრახვა ჰქონდა, რამდენი თვე იყო აქ ჩამოსული. ამ ხნის განმავლობაში რატომ არ დაიჭირეს, რა, ელოდნენ, როცა ამ განზრახვას შეასრულებდა, თუ რაშია საქმე?!” – ამბობს ხასო ხანგოშვილი დღეს, 16 ივნისს მთავარ არხთან საუბარში.

მისივე თქმით, ბოკოვი, რომელიც მას ახმედის სახელით გაეცნო, ამბობდა, რომ ბათუმიდან გემით აპირებდა საქართველოს დატოვებას და უკრაინაში გადასვლას.

“ნეტგაზეთი” დაკავებულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. მისი ადვოკატი ნინო მიქატაძე ამბობს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე, მათ შორის იმაზე, ედავებიან თუ არა მართლაც ჟურნალისტის შეკვეთილ მკვლელობას, ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ვერც იმას იტყვის, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას, რომელიც გამოძიებამ წაუყენა ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი