ახალი ამბები

უმრავლესობას სახალხო დამცველის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთავაზობენ

27 ნოემბერი, 2017 • 2465
უმრავლესობას სახალხო დამცველის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთავაზობენ

მოქალაქეთა ჯგუფმა, რომლებიც საჯარო ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან, სახალხო დამცველის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა. დიმიტრი ლორთქიფანიძე ნინო ბურჯანაძის პარტიის, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრია. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის პოსტზე ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს დაიცავს.

პარლამენტისადმი მიმართვას ხელს 15 ადამიანი აწერს, მათ შორის, “ქართული მარშის” წევრები: გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და სანდრო ბრეგაძე, მწერალი რეზო ამაშუკელი, გაზეთ “ასავალ-დასავალის” რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, “დემოგრაფიული საზოგადოება XXI” თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ელიზბარ ჯაველიძე და სხვა.

ე.წ. ქართულმა მარშმა ბოლო აქცია 13 ნოემბერს ქუთაისში გამართა. მოძრაობის წევრები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ტორპედოს სტადიონზე შეიჭრნენ, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. ისინი შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ არნემის “ვიტესის” კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ სამკლაურით გაუძღვა, რის შემდეგაც თანასწორობის იდეას დაუჭირა მხარი.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ასავალ-დასავალმა” პრაქტიკულად ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკის ნორმა დაარღვია.

16 ივლისს თათია დოლიძეს “ფეისბუკში” ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა “ქართველთა მარშის” რადენიმე მონაწილე, მათ შორის გია კორკოტაშვილი, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თავდაპირველად, გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები “ფეიქ” ანგარიშებისა და “ფეისბუკის” გატეხვის შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, თავად გია კორკოტაშვილმა დაადასტურა, რომ გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია.

ლევან ვასაძე „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის დამფუძნებელია. ვასაძე პოლიტიკოსთა, სასულერო პირთა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენელთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც საზოგადოებაში საგნის, “მე და საზოგადოების” საწინააღმდეგო პოზიცია უჭირავს, მათ შორის ჰომოფობიის შემცველი მესიჯებით.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2017 წლის დეკემბერში ეწურება.

24 ნოემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა შორის არიან  “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”,”მრავალეროვანი საქართველო” და სხვები, პარლამენტს ომბუდსმენის ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს – ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე და ნინო ლომჯარია.  იმავე დღესვე  “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ  მხარს ნინო ლომჯარიას კანდიდატურას უჭერს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სამი კანდიდატის  – ვახუშტი მენაბდის, ანა ნაცვლიშვილისა და ზვიად ქორიძის შესახებ. მაშინ  საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ სამი კანდიდატიდან მის მხარდაჭერას ვახუშტი მენაბდე მიიღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი