ახალი ამბები

შსს: გაუპატიურების საჯარო მუქარაზე გამოძიება მომართვის შემთხვევაში დაიწყება

17 ივლისი, 2017 • 3372
შსს: გაუპატიურების საჯარო მუქარაზე გამოძიება მომართვის შემთხვევაში დაიწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო ორგანო მყისიერად მოახდენს რეაგირებას, რაც ნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ქალი გაუპატიურების საჯარო მუქარასთან დაკავშირებით უწყებას მიმართავს.

საქმე ეხება 16 ივლისს ფეისბუკზე  ერთ-ერთი ქალის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ე.წ. ქართული მარშის რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ “ქართული მარშის” ორგანიზატორების ნაწილის მხრიდან ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მუქარის ადრესატი პოლიციას არ მიმართავს.

“ჩვენ მიგვაჩია, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან მასში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. სექსუალური ხასიათის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსში სრულყოფილად გაწერილი არ არის. მაგალითად, გაუპატიურების მუქარა  ცალკე დანაშაულად გამოყოფილი არ არის, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მუქარის ზოგად მუხლში შეგვიძლია გავიყვანოთ. ამ მუხლის თანახმად, დანაშაული სახეზეა მაშინ, თუ არსებობს  სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა. გაუპატიურება და მათ შორის ჯგუფური გაუპატიურება  მინიმუმ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს შეიცავს. ამიტომ ამ მუხლის ფარგლებში, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში საიას წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე.

20106559_1542598775814980_464752456752499989_n

დღეს, 17 ივლისს, “ქალთა მოძრაობამაც” და  “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმაც, ელენე ხოშტარიამ მოითხოვეს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება “ქრთული მარშის” ორგანიზატორების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე.

“აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, ის “შეამკეს” დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით და ეს “დისკუსია” დააგვირგვინეს მის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარით.

ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს – არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ.
ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ – რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს,”- აცხადებს “ქალთა მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი