საზოგადოება

ლევან ვასაძე და საზოგადოება

7 მარტი, 2016 • 4576
ლევან ვასაძე და საზოგადოება

სავარაუდოდ მარტში დამტკიცდება  საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი საგნის სტანდარტი, რომლის გამოც თითქმის ერთი წელია საზოგადოების ნაწილსა და განათლების სამინისტროს შორის დაპირისპირება არ წყდება.  საგნის სტანდარტსა და პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტებმა მთავრობის საჯარო მხარდაჭერა მხოლოდ ახლა მიიღეს. 

ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების შენიშვნები

“ახალი სავალდებულო საგნების- “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”- მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”, – ასე იწყება საზოგადოების წევრების მიერ “კვირის პალიტრის” მეშვეობით გავრცელებული მიმართვა “განგაშის ზარები”, რომელსაც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ხელს ბიზნესმენი ლევან ვასაძეც აწერს.

ლევან ვასაძე „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის დამფუძნებელია. იგი “მე და საზოგადოების” საგნის დანერგვის წინააღმდეგია და თავის პოზიციას აფიქსირებს როგორც სატელევიზიო ინტერვიუების მეშვეობით, ასევე საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის გზითაც. ვასაძე პოლიტიკოსთა, სასულერო პირთა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენელთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც საზოგადოებაში ახალი საგნის წინააღმდეგ პოზიციონირებს, მათ შორის ჰომოფობიის შემცველი მესიჯებით.

ლევან ვასაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე განათლების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში.

ლევან ვასაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე განათლების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში.

ვასაძემ “მე და საზოგადოების” შესახებ ვრცლად ისაუბრა თებერვალში ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას. მან “მე და საზოგადოების” სტანდარტის იმ ვერსიაზე, რომელიც ამჟამად განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, თქვა, რომ “ჭუჭყისა და უმსგავსობებისგან ამოწმენდილია.

ნეტგაზეთმა იმის გასარკვევად, თუ ვისთან კონსულტაციების შედეგად რა შეიცვალა საგნის სტანდარტის დოკუმენტში, განათლების სამინისტროდან გამოითხოვა შენიშვნებისა და მოსაზრებების ყველა ის დოკუმენტი, რომელიც უწყებაში “მე და საზოგადოების” სტანდარტის სამუშაო ვერსიის თაობაზე შევიდა. მათ შორისაა ლევან ვასაძისა და მისი სკოლის, ასევე დემოგრაფიული განვითარების ფონდის წარმომადგენლის, ზვიად ტომარაძის ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში შემუშავებული შენიშვნები:

როგორც ხედავთ, მოცემულ შენიშვნებში არსად ჩანს აქცენტი “ბავშვების გარყვნასა” თუ “მოწამვლაზე”, რაც “განგაშის ზარებშია” მოცემული. მაშინ რის საფუძველზე აკრიტიკებდნენ სტანდარტს ამ კუთხით? ნეტგაზეთმა ლევან ვასაძესთან საუბარი ვერ მოახერხა, რადგან ჩვენს სატელეფონო ზარსა და SMS-ს არ უპასუხა, სამაგიეროდ მოვახერხეთ ზვიად ტომარაძესთან დაკავშირება, რომელიც ვასაძესთან ერთად შენიშვნების ზემოხსენებული ტექსტის ერთ-ერთი ავტორია.

“მე პირადად [სტანდარტის თემაზე] ჰომოსექსუალობის კუთხით განცხადება არასდროს გამიკეთებია, მაგრამ [ეს სტანდარტი] გარკვეულ საფრთხეს შეიცავდა… სტანდარტის ძველ ვერსიაში ეწერა: როგორ შევეწინააღმდეგო ყველანაირი უმცირესობის [დისკრიმინაციასო] და [ჩვენ ვსვამდით შეკითხვას ] ხომ არ იგულისხმება ყველანაირ უმცირესობაში ჰომოსექსუალობა? ჩემი აზრით, იგულისხმება. ამაზე იყო საუბარი”, – ამბობს ტომარაძე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა ეს ასპექტი მათ ზემოხსენებულ შენიშვნებში, ტომარაძე განმარტავს, რომ ის, რაც ჩვენ განათლების სამინისტროდან მივიღეთ, მათი შენიშვნების მხოლოდ პირველი 12 გვერდია, რომელიც უშუალოდ ვასაძემ შეადგინა და თამარ სანიკიძეს გაუგზავნა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში. ტომარაძის განცხადებით, ამის შემდეგ, ზაფხულის თვეებში მინისტრს კიდევ გაუგზავნეს შენიშვნების სხვა გვერდები – სულ 82-გვერდიანი დოკუმენტი.

ამ დოკუმენტში, რომელიც ტომარაძემ მოგვაწოდა, ჩანს, რომ გარდა “ყველანაირი უმცირესობებისა”, ასევე პრობლემა აქვთ ტერმინ გენდერთან.

ტომარაძის მიერ დასახელებული ორივე ტერმინი სტანდარტის დღევანდელ პროექტში აღარ ფიგურირებს, რასაც მათ და საპატრიარქოს აქტიურობას უკავშირებს, თუმცა ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების პრეტენზიები ამით არ სრულდება.

“კომპასი” და “კომპასიტო”

თუ საგნის სტანდარტიდან ის ტერმინები ამოღებულია, რომელთან დაკავშირებითაც მათ საპატრიარქოსთან ერთად პრეტენზიები ჰქონდათ, რატომღა აგრძელებენ “მე და საზოგადოების” არსებული სტანდარტის წინააღმდეგ ზემოხსენებული საფუძვლით ბრძოლას? ლევან ვასაძის თანამოაზრე ზვიად ტომარაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან “განგაშის ზარების” პეტიციას ხელი ნოემბერში მოაწერა და არა ახლა. მაშინ კი, ტომარაძის მტკიცებით, არც გენდერის შესახებ და არც “ყველანაირი უმცირესობების” დაცვის შესახებ ჩანაწერი ამოღებული არ ყოფილა.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge) გამოქვეყნებული იყო სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისათვის მოსამზადებელი გზამკვლევი, რომლის სარეკომენდაციო ლიტერატურაში მითითებული იყო ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი მეთოდური სახელმძღვანელოები: “კომპასი” და “კომპასიტო”, რომლის ციტატებზე დაყრდნობითაც დაწერეს პეტიცია “განგაშის ზარები”.

სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე განათლების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში

სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე განათლების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში

“კომპასი” – ეს არის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელიც საქართველოში 2004 წელს ითარგმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის მიერ. “კომპასიტო” ასევე სახელმძღვანელოა ადამიანის უფლებათა სფეროში, თუმცა არა ახალგაზრდებისთვის, არამედ უფრო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. “კომპასის” ერთ-ერთი თავი სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებისა და უფლებების განხილვას ეძღვნება, ჰომოსექსუალობის ჩათვლით. “გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ქვეყანაში სექსუალობა დელიკატურ საკითხად ითვლება და, ამდენად, მზად იყავით მეთოდოლოგიის ან თემის შესაცვლელად (ან ორივეს შესაცვლელად)”, – წერენ სახელმძღვანელოს ავტორები სექსუალობასთან დაკავშირებული თავის დასაწყისში.

naec.ge-ზე ზემოხსენებული დოკუმენტი, სადაც “კომპასი” და “კომპასიტოა” ნახსენები, ჯერ კიდევ 2012 წელს იდო და ის დოკუმენტი სრულიად სხვა საგანს, სამოქალაქო განათლებას ეხება, რომელიც სკოლებში უკვე არაერთი წელია ისწავლება. რა არგუმენტაციით აკავშირებენ კრიტიკოსები სამოქალაქო განათლების სასერტიფიკატო გამოცდების გზამკვლევში ნახსენებ სარეკომენდაციო ლიტერატურას იმ ახალ საგანთან (მე და საზოგადოება, მე-3, მე-4 კლასები), რომლის სტანდარტიც კი არ არის ჯერ დამტკიცებული? – ამ კითხვაზე ზვიად ტომარაძის პასუხი ასეთია.

“მე და საზოგადოების” პედაგოგი საიდან უნდა მოიყვანონ, თქვენ როგორ გგონიათ? ერთი და იმავე პედაგოგებმა უნდა ასწავლონ ეს საკითხები”.

სამოქალაქო განათლება უკვე ისწავლება სკოლაში. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც თავის დროზე naec.ge-ზე გამოქვეყნებული გზამკვლევი აქვთ ნანახი, სასერტიფიკატო გამოცდებიც უკვე ჩაბარებული აქვთ და ბავშვებთანაც მუშაობენ. გსმენიათ თუ არა, რომ სამოქალაქო განათლების რომელიმე პედაგოგს სექსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა მოეთხოვოს ბავშვისთვის წინა წლებში და თუ ეს აქამდე არ მომხდარა, რატომ აცხადებთ აპრიორი, რომ ახლა მოხდება?

“მე სამოქალაქო განათლების საგანი არ ვიცი. მე განათლების სპეციალისტი არ ვარ და არც ვალდებულება გამაჩნია, რომ განათლების სამინისტროს რევიზია გავუკეთო. ჩვენ, მშობლებმა რაც დავინახეთ, იმაზე გავაკეთეთ აქცენტი”, -გვპასუხობს ზვიად ტომარაძე.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე აცხადებს, რომ არც “კომპასს”, არც “კომპასიტოს” და არც სხვა რაიმე ლიტერატურას “მე და საზოგადოებასთან” არავითარი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ჯერ საგნის სტანდარტი არ არსებობს, შესაბამისად, არც სახელმძღვანელო შექმნილა და არც მასწავლბლები გადამზადებულან:

“რადგან სტანდარტი დამტკიცებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი ლიტერატურის, სახელმძღვანელოს თუ ტრენინგის საგანთან დაკავშირება არ შეიძლება. [პროცედურულად] ჯერ სასწავლო გეგმა მტკიცდება თავის სტანდარტებიანად და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რესურსებზე [მათ შორის სახელმძღვანლო] მუშაობა. სასკოლო სახელმძღვანლო უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს. ვინ დაიწყებს სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობას, როცა ჯერ სტანდარტი არ გვაქვს?! ეს წარმოუდგენელია. ასეთი კავშირის მტკიცება მინიმუმ ძალიან დიდი არაკომპეტენტურობაა, ხოლო მაქსიმუმ ეს შეიძლება პროვოკაციაც იყო”, – ამბობს ჯოხაძე.

რა შეიცვალა “მე და საზოგადოების” სტანდარტში?

სტანდარტის ამჟამინდელი ვერსია:

“მე და საზოგადოების” სტანდარტის სამუშაო ვერსიების შედარებითი ანალიზი მოწმობს, რომ ლევან ვასაძის მიერ წითლად გახაზული ტერმინებისა თუ თემების უდიდესი ნაწილი ამჟამინდელ ვარიანტში აღარ ფიგურირებს. მათ შორის როგორც სტანდარტიდან, ისე პროგრამიდან ამოღებულია სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე თავი “რისი მწამს და რისი მჯერა”, ხოლო სიტყვა ტოლერანტობა შეცვლილია შემწყანრებლობით. რატომ მოხდა ასე და ხომ არ იყო ტექსტიდან ამ საკითხების ამოღება ზეწოლით განპირობებული? – ამ თემაზე ისევ ნათია ჯოხაძე გვესაუბრება. იგი ზეწოლას ცალსახად უარყოფს:

ნათია ჯოხაძე

ნათია ჯოხაძე

“სიტყვა გენდერი როგორც ცნება, ცნებითი კატეგორია შეგვქონდა. ახლა ამ კლასებში ეს ცნება ნამდვილად არ შეგვაქვს და ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვამზადებთ მე-7 კლასის სამოქალაქო განათლების სტანდარტს და იქ შევიტანთ, შეიძლება მე-5, მე-6 კლასებშიც, მაგრამ უფრო მე-7 კლასიდან, რათა კარგად გავაგებინოთ [მოსწავლეებს]. მე-3 კლასთან დაკავშირებით ჩვენმა ექსპერტებმა თვითონ გადაწყვიტეს ამ ტერმინის ამოღება. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ფსიქოლოგებთან და გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ამ ცნებით კატეგორიას ვერ გაიგებს. მართალია, ცნებებიდან გენდერი ამოღებულია, მაგრამ ის პრინციპი, რაც ჩვენ თავიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა, დარჩა და გამსვლელ კითხვებში ნახავთ: რატომ არის თანაბრად მნიშვნელოვანი დედის და მამის შრომა… ყველა ეს პრინციპი გენდერულ ჭრილშია განხილული და არც ერთი არაა ამოღებული”, – განმარტავს ჯოხაძე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაქრნენ სტანდარტიდან უმცირესობები, ნათია ჯოხაძე ამბობს, რომ აქაც იგივე ვითარებაა: განსხვავებულობის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის ღირებულება და  პრინციპი სტანდარტში რჩება. მისი თქმით, ამ თემაზე აჟიოტაჟი ტყუილად ატეხეს, რადგან მე-3 კლასელი ბავშვებისათვის სექსუალური განათლების მიცემას არავინ აპირებდა.

“რაც შეეხება უმცირესობებს, ვინ როგორ იგებს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამაში ნაგულისხმები გვაქვს ენობრივი, ლინგვისტური პრობლემების მქონე ბავშვები, ბავშვები სპეციალური საგანმანათლებლო საჭირობებით და ასე შემდეგ. ვიღაცას თუ სხვანაირად ესმის, ეს მისი პრობლემაა. სექსუალურ საკითხებზე მანდ ლაპარაკი არ ყოფილა: არც პროგრამაში და არ გამყვან შეკითხვებში. არც კი გვიფიქრია.  გასაგებია, რომ ერთ მშვენიერ დღეს სექსუალური განათლების კომპონენტები [მოსწავლეს] უნდა მისცე და ეს აუცილებელია, მაგრამ 8 წლის ბავშვთან… ის სხვა კატეგორიებით აზროვნებს. ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვამუშვაბეთ ამ საკითხებს”.

მისივე თქმით, განსხვავებულობის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა და თანასწორობა ამ საგნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვნაესი ღირებულებაა:

“ეს პათოსი ამ საგანში დევს. ეს საგანი ამიტომ შეიქმნა, რომ [ბავშვებში] ასაკის შესაბამის ღირებულებთა ფორმირებას შეუწყოს ხელი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ეს საგანი არ გვაინტერესებს… თუ არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ, არ არის ეს საინტერესო. იგივე თანასწორობა, გენდერული თანასწორობა… უბრალოდ სიტყვა გენდერი არ შემოგვაქვს მე-3, მე-4 კლასში, მაგრამ მანდ არის არადისკრიმინაციული, არაძალადობრივი, განსახვავებულის პატივისცემა, რა ტერმინებსა და სიტყვებს დავარქმევთ, ეს სხვაა, მაგრამ ღირებულებებათა ღერძი ესაა. არც ერთი მოლაპარაკებების დროს ამას არ დავთმობდით და არც დაგვითმია”, – აცხადებს ჯოხაძე.

“მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ”, – სტანდარტის ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით ესაა “მე და საზოგადოების” მიზანი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოუდგენიათ სტანდარტზე მომუშავე ექსპერტებს ზემოხსენებული საკითხის მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესი, პროგრამაში რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას ვხვდებით:

“[მოსწავლის მხრიდან] მეგობრობის წერილის მიწერა თანატოლისთვის, რომელიც განსხვავებული ეთნოსის, კულტურის, რელიგიის წარმომადგენელია”.

“გონებრივი იერიში თემაზე: გოგონებისა და ბიჭების მსგავსი და განსხვავებული თვისებები, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები”.

“სტუმრის მოწვევა, რომელიც საქართველოს რომელიმე ქალაქის/უბნის მრავალფეროვნებაზე მოყვება (მაგ., უამბობს, რა სიკეთე მოუტანა ასეთ უბანში/ქალაქში ცხოვრებამ, რა პრობლემები ჰქონდათ, როგორ გადაჭრეს)”.

“მხატვრული ფილმიდან „მზე შემოდგომისა“ ნაწყვეტების განხილვა, სადაც თბილისური ეზოს მრავალფეროვნება და ურთიერთთანადგომა ჩანს”.

საგნის თავდაპირველ ვარიანტში არსებობდა ასეთი თავი: რისი მწამს და რისი მჯერა. ნათია ჯოხაძის განმარტებით, ეს საკითხი ეხებოდა რელიგიას, თუმცა მოსწავლეებისთვის რელიგიური მიმდინარეობების სწავლებას არ ითვალისწინებდა. დღეისათვის, ჯოხაძის განმარტებით, ექსპერტების გადაწყვეტილებით ეს თემა “მე და საზოგადოების” სტანდარტიდან საერთოდ ამოღებულია. მისი თქმით, ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები ჰქონდა საპატრიარქოს, რომლის განათლების ცენტრის წარმომადგენლები სტანდარტის არაერთ განხილვას დაესწრნენ. საინტერესოა, რომ განათლების სამინისტროს განცხადებით, საპატრიარქოს თავისი შენიშვნები მათთვის წერილობით არ გაუგზავნია და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ხდებოდა კომუნიკაცია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა საპატრიარქო კონსულტაციებზე, ნათია ჯოხაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს განათლების ცენტრმა საგნის სტანდარტისადმი ინტერესი თვითონ გამოიჩინა. საპატრიარქომ “მე და საზოგადოების” სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს, თუმცა ეს არ ეხება თემას: რისი მწამს და რისი მჯერა, რომლის ამოღებაც, ჯოხაძის  ინფორმაციით, საპატრიარქოს არ სურდა. მისი განმარტებით, საპატრიარქოს თემის მოდიფიცირების სურვილი ჰქონდა, თუმცა ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ რელიგიურ თემებზე სასაუბროდ მე-3, მე-4 კლასელი ბავშვები პატარები არიან.

პოლიტიკური მხარდაჭერა

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ საგანზე მომუშავე ექსპერტებისა და სამინისტროს ოპონენტები პოლიტიკოსებიც არიან, დისკუსიაში საქართველოს მთავრობა მხოლოდ ერთი წლის თავზე ჩაერია, როდესაც სტანდარტს და, შესაბამისად, საგნის სწავლებას პრემიერმა საჯარო განცხადებით ღიად დაუჭირა მხარი. მთავრობის ერთწლიანი დუმილის მიუხედავად, ეს მხარდაჭერა ახლა სტანდარტისა და საგნის სწავლების გადაწყვეტილების დამტკიცებას შეიძლება ნიშნავდეს, რადგან დამტკიცებას მხოლოდ მინისტრის, შესაბამისად, მთავრობის თანხმობა ესაჭიროება.

“მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭრა გამოვუცხადო განათლების მინისტრს, ასევე მინდა მოვუწოდო მას, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და რაღაც ინსინუაციები ფსდევდოტრადიციულ ღირებულებებზე არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს ამ განხილვების პროცესში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა წინა კვირაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე .

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდ განიხილოს და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც: “იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ის, რაც სწორია ვაკეთოთ და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც, ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, – თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებას წინ უსწრებდა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ასევე საჯარო განცხადება. მან პეტიციას, რომელიც განათლების სამინისტროს წინააღმდეგ შეიქმნა “მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებით, პასკვილი უწოდა.

“ამ საგნის სწავლება არის არათუ აუცილებელი, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო, ” – ეს “ქართული ოცნების” პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკის სიტყვებია, რომელიც მან საგანთან დაკავშირებით იმ საკომიტეტო მოსმენაზე წარმოსთქვა, რომელსაც ლევან ვასაძც ესწრებოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი