ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს სახალხო დამცველის 4 კანდიდატს წარუდგენენ

23 ნოემბერი, 2017 •
არასამთავრობოები პარლამენტს სახალხო დამცველის 4 კანდიდატს წარუდგენენ

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობიდან თამარ ჩუგოშვილი. შეხვედრის დაწყებამდე მათ განცხადება არ გაუკეთებიათ.

არასამთავრობოების წარმომადგემლებიდან ჟურნალისტებს მხოლოდ ლაშა ტუღუში, “ლიბერალური აკადემია თბილისის” ხელმძღვანელი ესაუბრა.

“ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შეთავაზება, ერთი ეხება პერსონალიებს და მეორე ეხება პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით შევჯერდით ოთხ კანდიდატზე. ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. ამ ოთხ კანდიდატს ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატები განიხილოს უმრავლესობამ. ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენს პარლამენტის ფრაქციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. პირველ რიგში ეს წინადადებები არის მიმართული პარლამენტის მიმართ. უმრავლესობის მიმართ. ცხადია, ოპოზიცია, რომელიც არის ნაწილი პარლამენტის, მათ ინტერესშიც არის, რომ მოისმინოს კანდიდატების მოსაზრებები”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნები), ალეკო ცქიტიშვილი (ადამიანის უფლებათა ცენტრი), ზვიად დევდარიანი (სიდა), არნოლდ სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო) და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი