ახალი ამბები

გაუპატიურების მუქარის საქმეზე გია კორკოტაშვილი გამოიკითხა

20 ივლისი, 2017 • 5003
გაუპატიურების მუქარის საქმეზე გია კორკოტაშვილი გამოიკითხა

დღეს, 20 ივლისს, თბილისის მთავარ სამმართველოში ე.წ. ქართული მარშის ერთ–ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი გამოიკითხა სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველი განცხადებებს გამო.

ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობის” დამფუძნებელს სამმართველოში შესვლამდე და გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც კორკოტაშვილმა აღნიშნა, კომენტარს “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” ვერ გააკეთებს. ამავე საქმეზე დღეს ე.წ. ქართული მარშის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ონიანიც გამოიკითხება.

გუშინ უკვე გამოიკითხნენ იმ საჯარო მიმოწერის მონაწილე პირები, რომლებიცგია კორკოტაშვილთან ერთად კონსტანტინე მორგოშიას მიერ გაზიარებული პოსტის კომენტარებში თათია დოლიძის შესაძლო გაუპატიურებაზე საუბრობდნენ.

სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას პოსტზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები წაიშალა, ხოლო გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები “ფეიქ” ანგარიშებისა და “ფეისბუკის” გატეხვის შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, თავად გია კორკოტაშვილმა დაადასტურა, რომ გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია. ქსენოფობიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

კორკოტაშვილი გუშინ აცხადებდა, რომ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, მივიდოდა თუ არა გამოკითხვაზე, რადგან “თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა”. როგორც “იბერიასთან” საუბრისას აღნიშნა, თათია დოლიძის მიმართ დაწერილი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ბოდიშის მოხდასაც კი არ აპირებს.

თავად თათია დოლიძე ამ ფაქტს “ფეისბუკშივე” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულიც, ხოლო მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. გაეროში ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის. 19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გამართა, რომელიც 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მარშისა და მისი ორგანიზატორების მხრიდან ქალის მიმართ ძალადობრივი განცხადებების საპასუხოდ ჩაატარეს.

16 ივლისს თათია დოლიძეს “ფეისბუკში” ე.წ. ქართული მარშის რადენიმე წევრი ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ მოძრაობის ორგანიზებით, აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს ქსენოფობიური შინაარსის აქცია-მსვლელობა გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი