კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით პარლამენტის სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამბობს, სხდომაზე კანონპროექტს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მუხლები დაზუსტდება:
“ჩვენი კომიტეტიდან მხარდაჭრა ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაფიოდ ჩამოყალიბდბა მუხლები. მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ მხარდაჭერა, თუ მუხლების ორმაგად წაკითხვა არ იქნება შესაძლებელი.”
კომიტეტის სხდომაზე ანალოგიური მოთხოვნები გააჟღერა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ უწევს წინააღმდეგობას კანონს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა დამტკიცებული, ხოლო ახლა ჯარიმები მკაცრდება, რატიანი პასუხობს:
“იქ არის მუხლები, რომლებიც მკაცრდება და არის მუხლები, რომლებიც ბუნდოვანია. სხვათა შორის, ის, რაც ადრეც შეიძლება ყოფილიყო მიღებული და ბუნდოვანია და არ არის დახვეწილი, რასაკვირველია, როდესაც კანონი იხვეწება და როდესაც მასზე მუშაობა მიდის, ის პრობლემები, რომლებიც იყო ადრე, უნდა გასწორდეს.”
მისივე თქმით, კანონპროექტში არსებულ “ზნეობის” ნაწილში ჯარიმის გაზრდა დაუშვებელია:
“ვინ უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოელი მდგომარეობა? ეს სრულიად აბსურდული მუხლია და თან ამ მუხლში თანხის გაზრდა არის დაშუვებელი. ეს კანონი მოითხოვს დახვეწას და მუშაობა უნდა გაგრძელდეს.”
საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრვ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს, ჯარიმის ოდენობა ამ დანაშაულის პირველადი ჩადენისას 300 ლარით განისაზღვრა, მეორედ და მესამედ ჩადენისთვის კი 500 და 700 ლარი ხდება.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ხდება მოქალაქის გაფრთხილება, ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება ჩადენილი განმეორებით კი, დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.
