თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით.
ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
“ეს საქმე არის პოლიტიკური ხასიათის. ეს არის თურქეთის მოთხოვნა. ეს საკითხი განიხილებოდა საქართველოსა და თურქეთის თანამდებობის პირების შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის მზად, რომ ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკარტის თქმით, დევნილის სტატუსის მიცემაზე სამინისტროს უარი იმ მოტივით გაასაჩივრეს, რომ ჩაბუქის მიმართ სამინისტრომ დაარღვია კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, საერთაშორისო კონვენციები, საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის 25-ე და 32-ე მუხლები.
მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა, ომბუდსმენის პოზიციამ და საერთაშორისო ორგანიზციების დასკვნებმა დაადასტურა, რომ ჩაბუქის მიმართ წამების შესაძლებლობა მაღალია.
ბარათაშვილმა თქვა, რომ ჩაბუქს არასოდეს ჩაუდენია დანაშაული, არ დახმარებია დანაშაულებრივ ჯგუფს, ის მხარს უჭერდა იმ იდეებს, რომლებსაც ქადაგებდა გიულენი.
ბარათაშვილის განცხადებით, გამოსაკვლევია, თუ რა ბედი ეწიათ თურქეთში იმ ადამიანებს, ვინც დაკავებული იყო გიულენთან კავშირის ბრალდებით; ასევე გამოსაკვლევია, თუ გადასცეს ერთი ადამიანი მაინც თურქეთის მხარეს აშშ-მა ან ევროპის ქვეყნებმა?
ბარათაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დემირელის კოლეჯის გასხვისება, რაშიც ჩაბუქს ედება ბრალი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ არის დანაშაული; ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნებს არც იმ კომპანიის მფლობელების წინააღმდეგ დაუწყია გამოძიება, რომელსაც უნდა ეყიდა დემირელის კოლეჯი.
ადვოკატის თქმით, თურქეთმა ყველა ქვეყნიდან მიიღო უარი გიულენის ან მისი მომხრეების გადაცემაზე.
მუსტაფა ჩაბუქმა სასამართლოზე განაცხადა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისე ისაუბრა, თითქოს თურქეთში გადატრიალების დროს იქ იმყოფებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იგი ბოლოს 2015 წელს იყო თურქეთში.
“არ მჯერა, რომ გიულენის დაგეგმილია გადატრიალება. გიულენი რომ არაფერ შუაშია, ინგლისმა, გერმანიამ და ევროკავშირმა გააზიარა. მე გიულენის იდეოლოგია მომწონს, ვკითხულობ მის წიგნებს, წამიკითხავს წიგნები კომუნიზმზე, ფაშიზმზე, წამიკითხავს ჰიტლერის წიგნები. თუ მათი აზრები მომწონს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ [ამგვარი ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულზე] მე უნდა ვაგო პასუხი?” – განაცხადა ჩაბუქმა.
ჩაბუქმა აღნიშნა, რომ არ ენდობა თურქეთის სასამართლოებს.
“[დემირელის კოლეჯში] ჩემამდე ვინც მუშაობდა, თურქეთში დაბრუნდნენ და ციხეში არიან. მეშინია ოჯახის გამოც. ჩემი ექსტრადიციის შემთხვევში ოჯახი ვერ ჩამოვა თურქეთში და აქ უნდა დარჩნენ. მუქარებიდან გამომდინარე არც მინდა, რომ ჩამოვიდნენ”, – განაცხადა ჩაბუქმა.
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეტალურად აქვთ შესწავლილი ყველა გარემოება.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თურქეთში ნამდვილად იყო გადატრიალების მცდელობა და ამაში ბრალი ედებათ გიულენის მომხრეებს. მან აღნიშნა, რომ ჩაბუქის მიმართ არ არის დისკრიმინაციული მიდგომა და თურქული კანონიც უფრო მეტად მსუბუქია, ვიდრე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წამება და არადამიანური მოპყრობა გადატრიალების მცდელობის პირველ თვეებში იყო, თუმცა 2016 წლის ნოემრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ, მდგომარეობა გამოსწორდა.
სამინისტროს მიაჩნია, რომ ჩაბუქს თურქეთში ექნება წვდომა სამართლიან სასამართლოზე. მან ისიც აღნიშნა, რომ თურქეთმა საქართველოს მისცა დიპლომატიური გარანტია, რომ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების მეშვეობით მას ექნება მინოტირინგის საშუალება ჩაბუქის საქმეზე.
ჩაბუქის ადვოკატებმა მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს გაასაჩივრეს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რადგან მას, როგორც ფეთულა გიულენთან კავშირში ბრალდებულს, თურქეთში წამება ელოდა.
თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები სოსო ბარათაშვილმა სამინისტროს მიაწოდა, რის საფუძველზეც ისინი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.
თუმცა სამინისტრომ უარი განაცხადა, რადგან მათი მტკიცებით, თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის შემთხვევაში ჩაბუქს წამება არ ელის.
ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას საქართველოს სახალხო დამცველიც მოითხოვს.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა 23 აგვისტოს. პატიმრობის ვადა მას კიდევ სამი თვით – 24 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.