ახალი ამბები

თურქეთში გიულენთან დაკავშირებით გამოძიების სამიზნე ნახევარი მილიონი ადამიანი გახდა

6 მარტი, 2019 • 1337
თურქეთში გიულენთან დაკავშირებით გამოძიების სამიზნე ნახევარი მილიონი ადამიანი გახდა

თურქეთში ნახევარ მილიონს მიაღწია იმ მოქალაქეთა რიცხვმა, რომელთა მიმართაც 2016 წლის შემდეგ გამოძიება დაიწყო ფეთულა გიულენის მოძრაობასთან რეალური ან შესაძლო კავშირის კუთხით. ინფორმაციას გაზეთი “ჯუმჰურიეთი” თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფეთულა გიულენი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. გიულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ჯამში, გიულენის მოძრაობასთან რეალური ან შესაძლო კავშირის კუთხით გამოძიების ობიექტი 500 650 ადამიანი გახდა. აქედან 30 947 ამ დრომდე ციხის გისოსებს მიღმა იმყოფება, 22 000 ეჭვმიტანილზე კი დაკავების ორდერია გაცემული.

ამავე მონაცემებით ირკვევა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი 2060 პირი არასრულწლოვანია.

2016 წლიდან დღემდე თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, მოსამართლეები, პოლიციელები, სამხედროები, აკადემიური სფეროსა და მედიის წარმომადგენლები. ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დაიხურა, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

ამავე დროს,  გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენთან კავშირის ბრალდებით ასობით კომპანია შეზღუდა სხვადასხვა ფორმით. მხოლოდ სამხედრო გადატრიალების შემდგომი 8 თვის მანძილზე სახელმწიფომ 879 კომპანია დაიქვემდებარა, ან იქ საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა. ამ კომპანიების აქტივების საერთო ღირებულება, ჯამში, 11.32 მილიარდი დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი