ახალი ამბები

“თურქეთის სასამართლოსა და ციხეებში ვითარება მისაღებია” – სამინისტროს უარი ჩაბუქს

7 ივლისი, 2017 •
“თურქეთის სასამართლოსა და ციხეებში ვითარება მისაღებია” – სამინისტროს უარი ჩაბუქს

დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს დღეს სტატუსზე უარი უთხრეს.

გადაწვეტილებას სამინისტრო იმითაც ასაბუთებს, რომ თურქეთში ჩაბუქს ან მის ოჯახს სასამართლოს მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათის მოპყრობა არ ემუქრებათ, რადგან თურქეთმა ევროკომისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. თურქეთის ციხეებში კი არასათანადო მოყრობის ფაქტებს ადგილი აღარ აქვს.

სამინისტრო თვლის, რომ ჩაბუქი და მისი ოჯახი ვერ აკმაყოფილებენ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველს და მიიჩნევს, რომ თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში დაცული იქნება მათი უფლებები.

სამინისტროს განცხადებით, თურქეთის კანონმდებლობით, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა, რომელიც შესაძლოა ჩაბუქს დაეკისროს, “ვერ გაუტოლდება დევნას კონვენციური ნიშნით და არ შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც არაპროპორციულად მკაცრი”.

ლტოლვილთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მათ შეისწავლეს თურქეთში არსებული ვითარება და დადგინდა, რომ ფეტულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო დაკავებულებს დისკრიმინაციულად არ ეპყრობიან.

სამინისტრომ ასევე განიხილა თუბა ჩაბუქის მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებული მუქარის ფაქტები და დაადგინა, რომ ისინი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

იმ შემთხვევისათვის, თუ ჩაბუქს დააკავებენ, სამინისტრომ შეისწავლა მდგომარეობა თურქეთის ციხეებში. სამინისტრო ეყრდნობა გაეროს სპეციალური მომხსნებელის 2016 წლის მონიტორინგს და აცხადებს, რომ თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და მისაღებია.

სამინისტოს განცხადებით, თურქეთის საელჩო საქართველოში ოჯახს აძლევს გარანტიას, რომ დაკავებულის თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში დაცული იქნება მისი უფლებები.

ოჯახის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სამინისტროს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, უარი ეთქვა ჩაბუქის ოჯახისთვის სტატუსის მინიჭებაზე და კანონის შესაბამისად, ადვოკატი 1 თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი