ახალი ამბები

თურქეთში გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 337 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

26 ნოემბერი, 2020 • 2209
თურქეთში გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 337 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით დამატებით 337 სამხედრო ოფიცერსა და სამოქალაქო პირს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული სასამართლო პროცესი დაიწყო 2017 წლის აგვისტოში, რომლის განხილვა დაევალა თურქეთის ყველაზე დიდ სასამართლოს, რომელიც სინჯანში, ანკარასთან ახლოს მდებარეობს.

გამოძიების მიხედვით, შეთქმულმა ოფიცრებმა ხელში ჩაიგდეს საბრძოლო თვითმფრინავი აკინჯის ბაზაზე, ასევე დაატყვევეს სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ჰუსული აკარი და სხვა სამხედრო პირები. მომზადებული დასკვნის მიხედვით, 25-მა სამხედრო პილოტმა სამხედრო თვითმფრინავის, F-16-ის გამოყენებით დაბომბეს დედაქალაქი ანკარა, მათ შორის, პალამენტის შენობაც. დაბომბვას შეეწირა 68 ადამიანი და დაშავდა 200.

BBC-ის ცნობით, პროცესის მიმდინარეობისას გასამართლებულებს შორის 6 პირს სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა. მათ შორის ფეთჰიულა გიულენსა და ადილ ოქსუზსაც, რომელიც, გამოძიების მიხედვით, სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ.

არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჰიზმეთის მოძრაობა, რომელსაც გიულენი უდგას სათავეში, გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციად.

დაკავებულებს ბრალი ედებოდათ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვლელობის მცდელობაში, სამხედრო და სამოქალაქო პირების მკვლელობაში, სამხედრო დაუმორჩილებლობასა და სახელმწიფო შენობებზე თავდასხმაში. სამხედრო გადატრიალების დროს დაიღუპა 251 ადამიანი და დაშავდა 2000-ზე მეტი. პრეზიდენტმა ერდოღანმა მომხდარში სასულიერო ლიდერი ფეთჰიულა გიულენი დაადანაშაულა, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი