სამართალი

ომბუდსმენი ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის არმინიჭებაზე გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2017 •
ომბუდსმენი ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის არმინიჭებაზე გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს

22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ომბუდმსენის განცხადებით, ჩაბუქის საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია:

“სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.”

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოშობის ქვეყნის (მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის) შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. 7 ივლისს დემირელის კოლეჯის მასწავლებელსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს. ჩაბუქების ოჯახის მხარდასაჭერად რამდენიმე საპროტესტო აქცია და კონფერენცია გაიმართა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, სტუდენტური მოძრაობები, დემირელის სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მოითხოვენ, რომ მასწავლებლის ოჯახს თავშესაფარი მიეცეს საქართველოში და ის არ გადასცენ თურქეთს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი